Exodus 28
28
1და მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელიანთაგან, რათა მღვდლობა გამიწიონ აარონმა და მისმა ძეებმა: ნადაბმა, აბიჰუმ, ელეაზარმა და ითამარმა. 2და დაუმზადე წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად. 3და ელაპარაკე ყველა ხელოვან ოსტატს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აარონს, რათა ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი. 4და აჰა, სამოსელი, რაც უნდა დაუმზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. და დაუმზადონ წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, და მის ძეთ, რათა მღვდლობა გამიწიონ. 5აიღონ ოქრო, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი ნართი და ბისონი.
6და დაამზადონ ეფოდი ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან, ოსტატურად ნახელავი. 7ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა ჰქონდეს ორსავე ბოლოში, კიდეებზე, და იკვრებოდეს. 8და სარტყელი ეფოდისა, რომელიც მასზეა, იყოს ასეთივე ნახელავი – ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა და გრეხილი ბისონისაგან. 9და აიღე სარდიონის ორი ქვა, და ამოკვეთე მათზე ისრაელიანთა სახელები. 10ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმომავლობის მიხედვით. 11ქვაზე მკვეთელის ხელოვნებით, როგორც ბეჭდის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორივე ქვაზე ისრაელიანთა სახელები. და ოქროს ბუდეებში ჩასვი. 12მიამაგრე ეს ორი ქვა ეფოდის სამხრეებზე – ისრაელიანთა სამახსოვრო ქვები. და ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ. 13ბუდეები ოქროსი გააკეთე, 14და ორი ძეწკვიც ხალასი ოქროსი, წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე ძეწკვები ბუდეებს.
15დაამზადე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია. ოქროსაგან და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართსა და გრეხილი ბისონისაგან დაამზადე იგი. 16ოთხკუთხედი იყოს იგი, ორკეცი, მტკაველი მისი სიგრძე და მტკაველი მისი სიგანე. 17ოთხრიგად გააწყვე მასზე ქვები თავის ბუდეებით: ლალი, ტოპაზი და ბივრილი – ერთი მწკრივი. 18მეორე მწკრივი: ზურმუხტი, საფირონი და ალმასი. 19მესამე მწკრივი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო. 20და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითი, სარდიონი, იასპი. ოქროს ბუდეებში უნდა ჩაისვას ისინი. 21ქვები 12 იყოს ისრაელიანთა სახელების მიხედვით, და თითოეულზე 12 ტომიდან თითოს სახელი იყოს ამოტვიფრული. 22გაუკეთეს სამკერდულს გრეხილი ძეწკვები წნული ნაკეთობით, ხალასი ოქროსი. 23და გაუკეთე სამკერდულს ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრე ორივე რგოლი სამკერდულის ორ კიდეს. 24და გაუყარე ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე. 25და მიამაგრე ორივე წნულის ორივე ბოლო ორივე ბუდეს, და მიაბი ეფოდის სამხრეებს წინიდან. 26და გააკეთე ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორ კიდეს, ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული. 27და გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ზემოთ, ეფოდის სარტყელზე. 28და მიამაგრონ სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იყოს ეფოდის სარტყელზე და მჭიდროდ ეკვროდეს სამკერდული ეფოდს. 29თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, თავის გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე. 30და ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი.#28:30 ურიმი და თუმიმი: ამ ებრ. სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა უცნობია და იქნება ისინი აარონის მკერდზე მისი მისვლისას უფლის წინაშე; და ატაროს აარონმა ისრაელიანთა განკითხვა თავის მკერდზე უფლის წინაშე მარადის.#რცხ 27:21; რჯ 33:8; ეზრ 2:63; ნეე 7:65.
31და დაამზადე მოსასხამი ეფოდისათვის მთლიანად ცისფერი. 32შუაში თავის გასაყოფი ჭრილი უნდა ჰქონდეს. არშია ჰქონდეს მის ჭრილს ირგვლივ, ნაქსოვისგან, ჯავშნის ჭრილივით ჰქონდეს მას, რომ არ გაიხეს. 33და ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართით. და ოქროს ეჟვნები შეაბი ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს ირგვლივ. 34ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე, ირგვლივ. 35იგი იყოს აარონზე მსახურებისას, რათა ისმოდეს მისი ხმა მისი შესვლისას წმიდაში უფლის წინაშე, და მისი გამოსვლისას, რომ ის არ მოკვდეს.
36და გააკეთე გვირგვინი ხალასი ოქროსი, და ამოკვეთე მასზე ბეჭდის ტვიფარივით: სიწმიდე უფლისა. 37და მიამაგრე იგი ცისფერი ზონრით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს იყოს იგი. 38იყოს ის აარონის შუბლზე, და იტვირთოს აარონმა ნაკლი შესაწირავთა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები და ყოველი მათი წმიდა საბოძვარისთვის, და იყოს იგი მის შუბლზე მუდამ, რათა სასურველი იყოს ისინი უფლის წინაშე.
39და მოქსოვე კვართი ბისონისა, და გააკეთე ბისონის თავსაბურველი, სარტყელიც გააკეთე, ნაყშიანი.
40დაუმზადე აარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი, და თავსამკაულნი გაუკეთე მათ სადიდებლად და დასამშვენებლად. 41შემოსე მათით აარონი, შენი ძმა, მისი ძენი მასთან ერთად, და სცხე მათ, და აუვსე მათ ხელი, და აკურთხე ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ. 42და დაუმზადე მათ სელის საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად. წელიდან წვივამდე უნდა იყოს. 43ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან წმიდაში მსახურებისთვის, რათა ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცნენ. ეს საუკუნო წესია მისთვის და მის შთამომავალთათვის მის შემდეგ.
Currently Selected:
Exodus 28: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა