Exodus 22
22
1თუ ვინმემ მოიპაროს ხარი ან ცხვარი და დაკლას ან გაყიდოს, ხუთი ხარი უნდა გადაიხადოს ხარის წილ, და ოთხი ცხვარი ცხვრის წილ. 2თუ სახლის გამოთხრაზე წაასწრებენ ქურდს და სცემენ ისე, რომ მოკვდება, ეს სისხლი არ მოიკითხება.
3მაგრამ თუ ეს მზის ამოსვლის შემდეგ მოხდა, მკვლელს სისხლი მოეკითხება. მპარავმა უნდა ზღოს ნაქურდალი. თუ არაფერი აქვს, გაყიდონ იგი ქურდობისთვის. 4თუ მის ხელში ცოცხლად აღმოჩნდება ნაქურდალი – ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს.
5თუ ვინმემ სხვისი მინდორი ან ვენახი წაახდინოს, ან გაუშვას თავისი პირუტყვი და მოაძოვოს სხვისი მინდორი, თავის საუკეთესო მინდვრიდან და საუკეთესო ვენახიდან უნდა ზღოს.
6თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენმა უნდა ზღოს.
7თუ ვინმემ თავის თვისტომს ფული ან რაიმე ნივთი მიაბაროს და ეს მოპარულ იქნეს იმ კაცის სახლიდან, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად ზღოს. 8ხოლო თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთის წინაშე წარდგეს და დაიფიცოს, რომ არ წასცდენია ხელი თავისი თვისტომის ქონებაზე.
9ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, ვირის, ცხვრისა თუ სამოსლის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელსაც პატრონი გამოუჩნდება, ამ ორის საქმე ღვთის წინაშე უნდა წარდგეს, ვისაც ღმერთი გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თავის ახლობელს.
10თუ ვინმე მიაბარებს თვისტომს ვირს, ხარს ან კრავს, ან რაიმე პირუტყვს, და თუ ის მოკვდა ან დაშავდა, ან მოიტაცეს და მნახველი არავინ იქნება, 11უფლის წინაშე ფიცი იყოს ორივეს შორის, რომ არ წასცდენია ხელი თავისი მოყვასის საკუთრებაზე. და მიიღოს ეს პატრონმა და არ აუნაზღაურდეს. 12ხოლო თუ მოჰპარეს, უზღოს მის პატრონს. 13თუ მას მხეცი დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად, და არ ზღოს.
14და თუ ვინმემ ითხოვოს თავისი მოყვასისგან პირუტყვი და ის დაშავდეს ან მოკვდეს, და პატრონი კი იქ არ იყოს, უნდა ზღოს, 15მაგრამ თუ მისი პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს. თუ დაქირავებული ჰყავდა, ქირა უნდა გადაიხადოს.
16თუ კაცმა შეაცდინოს ქალწული, რომელიც დანიშნული არ იყო, და დაწვეს მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს და ცოლად შეირთოს.#რჯ 22:28,29. 17თუ ქალიშვილის მამა უარზე დადგეს და მას არ მიათხოვოს, ვერცხლი მიუწონოს ამ კაცმა, როგორც ქალწულობის ურვადი.
18ჯადოქარს ნუ აცოცხლებ.#რჯ 18:10,11.
19ყველა, ვინც დაეცემა პირუტყვთან, უნდა მოკვდეს.#ლევ 18:23; 20:15,16; რჯ 27:21.
20ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს შესწირავს მსხვერპლს, უნდა მოისპოს.#რჯ 17:2-7.
21ხიზანს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში.#გამ 23:9; ლევ 19:33,34; რჯ 24:17,18; 27:19.
22ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ. 23თუ დაჩაგრავ, შემომღაღადებენ ისინი და შევისმენ მათ ჩივილს, 24რისხვით ავინთები და მახვილით დაგხოცავთ, ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
25თუ ვერცხლს ასესხებ ვინმეს ჩემი ხალხიდან, შენთან მყოფ ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ნუ დააკისრებ ვახშის გადახდას.#ლევ 25:35-38; რჯ 15:7-11; 23:19,20. 26თუ გირაოდ აიღებ შენი მოყვასის მოსასხამს, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე.#რჯ 24:10-13. 27იქნებ ის მისი ერთადერთი დასაბურავია. რა დაიფაროს, როცა დაიძინებს? ის შემომღაღადებს და მე მოვუსმენ, რადგან მოწყალე ვარ.
28ღმერთს ნუ დაგმობ და შენი ხალხის მთავარს ნუ დაწყევლი.#საქ 23:5.
29შენი კალოს პირველნაყოფი და შენი საწნახლის პირველნაწური არ დამიგვიანო.
პირმშო შენს ძეთაგან მე მომეცი. 30ასევე – შენი ხბო და შენი ცხვარი შვიდი დღე იყოს თავის დედასთან, ხოლო მერვე დღეს მე უნდა მომცე.
31წმიდა ხალხი უნდა იყოთ ჩემთვის: ველზე ნამხეცავი ხორცი არ ჭამოთ, ძაღლს მიუგდეთ.#ლევ 17:15.
Currently Selected:
Exodus 22: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა