Exodus 16
16
1აიყარა ელიმიდან და მივიდა ისრაელიანთა მთელი თემი სინის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის შორისაა, ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს. 2და ებუზღუნებოდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესა და აარონს უდაბნოში. 3და უთხრეს მათ ისრაელიანთ: „ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ.“
4და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან. და გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღიური ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, იდგებიან თუ არა ჩემს რჯულზე.#იო 6:31. 5მეექვსე დღეს კი, როცა მოამზადებენ მოგროვილს, იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც დღიურად ამზადებენ.“ 6და უთხრეს მოსემ და აარონმა ისრაელიანთ: „დღეს საღამოსვე გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან. 7და დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა მან. ჩვენ ვინა ვართ, რომ ჩვენ გვსაყვედურობთ?“ 8და თქვა მოსემ: „მოგცემთ თქვენ უფალი ხორცს საღამოთი საკვებად, დილას კი ძღომაზე – პურს, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩივლეთ.“
9და უთხრა მოსემ აარონს: „უთხარი ისრაელიანთა მთელ თემს: ‘წარდექით უფლის წინაშე, რადგან მან ისმინა თქვენი ჩივილი.’“ 10და როცა ელაპარაკებოდა აარონი ისრაელიანთა მთელ თემს, ისინი შებრუნდნენ უდაბნოსაკენ, და აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში. 11და უთხრა უფალმა მოსეს: 12„ვისმინე მე ისრაელიანთა ჩივილი. ელაპარაკე მათ ასე: ‘საღამო ხანს შეჭამთ ხორცს, ხოლო დილით დაძღებით პურით. და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.’“
13და მოფრინდა საღამო ხანს მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის ირგვლივ. 14როცა ცვარი აორთქლდა, დაინახეს, უდაბნო დაფარულია რაღაც წვრილი, ხაოიანი, ჭირხლის მსგავსით. 15და როცა დაინახეს ისრაელიანთ, უთხრეს ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ, რა იყო. და უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა.#1კო 10:3. 16ეს არის რაც ბრძანა უფალმა: „აკრიფეთ თითოეულმა იმდენი, ვინც რამდენს შეჭამთ – ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ.“ 17და ასე მოიქცნენ ისრაელიანები და აკრიფეს, ზოგმა ბევრი და ზოგმა ცოტა. 18მაგრამ როცა აწყვეს ღომერით, არც ბევრის ამკრეფს ზედმეტი აღმოჩენია და არც ცოტას ამკრეფს დაჰკლებია რამე. თითოეულმა იმდენი აკრიფა, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.#2კო 8:15. 19და უთხრა მათ მოსემ: ნურავინ მოირჩენთ იქიდან დილამდე. 20მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა მოირჩინა ცოტაოდენი დილამდე. და დაეხვია მას მატლი და აყროლდა. და გაურისხდა მათ მოსე. 21და აგროვებდნენ მას დილაობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად. როგორც კი მზე დააცხუნებდა, დნებოდა ის.
22და მეექვსე დღეს აგროვებდნენ ორმაგ პურს, ორ-ორ ღომერს თითო სულზე. და მივიდნენ მთელი თემის მთავრები და აუწყეს მოსეს. 23და უთხრა მათ: „ეს არის, რაც თქვა უფალმა: ‘ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი. რასაც გამოაცხობთ, გამოაცხვეთ, და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ. და ყველაფერი, რაც მოგრჩებათ, გადადეთ დილამდე შესანახად.’“#გამ 20:8-11. 24და გადადეს იგი დილამდე, როგორც მოსემ ბრძანა, არ ამყრალებულა და არც მატლი გასჩენია. 25და თქვა მოსემ: „ჭამეთ იგი დღეს, რადგან უფლის შაბათია დღეს. დღეს ვერ იპოვით მას ველზე. 26ექვს დღეს კრიფეთ იგი, მეშვიდე დღეს კი შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს.“
27და გავიდნენ მეშვიდე დღეს ზოგიერთები შესაგროვებლად და ვერაფერი ნახეს. 28და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა უარობდეთ ჩემი მცნებებისა და ჩემი რჯულდებების დაცვას? 29იცოდეთ, რადგან უფალმა მოგცათ თქვენ შაბათი, ამიტომ გაძლევთ მეექვსე დღეს პურს ორი დღისთვის. და იჯდეს თითოეული შინ, ნუღარავინ გამოვა შინიდან მეშვიდე დღეს.“ 30და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს.
31და უწოდა ისრაელის სახლმა ამ პურს მანანა. იგი ქინძის თესლის სიმსხო იყო, თეთრი, და თაფლის კვერის გემოს მქონე.#რცხ 11:7, 8. 32და თქვა მოსემ, ასე ბრძანაო უფალმა: „შეინახეთ ერთი ღომერი მანანა, რათა იხილონ თქვენმა თაობებმა, თუ რა პურს გაჭმევდით უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.“ 33და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე ქილა და ჩადგი შიგ ერთი სავსე ღომერი მანანა, და დადგი იგი უფლის წინაშე თაობიდან თაობამდე შესანახად.“#ებრ 9:4. 34და როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე დადგა იგი აარონმა მოწმობის კიდობნის წინ შესანახად. 3540 წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას – ვიდრე მიაღწევდნენ აღთქმულ მიწას, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრებს არ მიადგნენ.#ისნ 5:12. 36ერთი ღომერი კი ეფის მეათედია.
Currently Selected:
Exodus 16: ქბსვ
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა