YouVersion Logo
Search Icon

Deuteronomy 2

2
1და გავბრუნდით, და გავწიეთ უდაბნოსაკენ მეწამული ზღვის გზით, როგორც მიბრძანა უფალმა. და დიდხანს ვუარეთ გარს სეყირის მთებს.#რცხ 21:4. 2და მითხრა მე უფალმა: 3„გეყოფათ ამ მთის შემოვლა, გადაუხვიეთ ჩრდილოეთისკენ. 4და ამ ხალხს გადაეცი: თქვენ გაივლით თქვენი ძმების, ესავიანთა, საზღვარზე, რომლებიც ცხოვრობენ სეყირში, და ეშინიათ თქვენი, მაგრამ გაფრთხილდით,#დაბ 36:8. 5ომს ნუ დაუწყებთ მათ! მათი მიწის ერთ ნატერფალსაც კი არ მოგცემთ მე, რადგან სეყირის მთა ესავს მივეცი სამკვიდროდ. 6საჭმელი იყიდეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ, წყალი იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით. 7რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაკურთხათ ყოველ თქვენს საქმეში, რაკი იცოდა ყოველი თქვენი გზა-კვალი ამ დიდ უდაბნოში. უკვე 40 წელია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არაფერი მოგკლებიათ.“ 8და ჩავუარეთ ჩვენს ძმებს, ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, ყარაბას გზით, ელათიდან და ყეციონ-გებერიდან, გადავუხვიეთ, და მოაბის უდაბნოს გზას დავადექით.
9და მითხრა მე უფალმა: „ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ დაუწყებ, არ მოგცემ მისი ქვეყნიდან სამკვიდრებელს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.“#დაბ 19:37. 10უწინ ემიმები ცხოვრობდნენ იქ; ის იყო დიდი, ძლიერი და მრავალი ხალხი, როგორც ყანაკელები. 11რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც, როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელნი მათ ემიმებს უწოდებდნენ. 12უწინ სეყირში მკვიდრობდნენ ხორიელნი, რომლებიც ესავიანებმა იქიდან აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დასახლდნენ მათ ნაცვლად, – ისევე მოექცნენ, როგორც მოექცნენ ისრაელიანები თავიანთ სამკვიდრო ქვეყანას, რომელიც მისცა მათ უფალმა. 13„ახლა ადექით და გადალახეთ ზერედის ნაღვარევი!“
და გადავლახეთ ზარედის ნაღვარევი. 14და კადეშ-ბარნეაყიდან წასულებს, ვიდრე ზერედის ნაღვარევს მივადგებოდით, 38 წელი დაგვჭირდა; ამასობაში გაწყდა მეომარ კაცთა მთელი თაობა ბანაკში, როგორც დაფიცებული ჰქონდა უფალს მათთვის.#რცხ 14:28-35. 15უფლის ხელი მისწვდა მათ, რათა მთლიანად ამოეწყვიტა ისინი ბანაკში, და აკი გაწყდნენ კიდეც!
16და როცა მთლიანად მოისრა მეომარი კაცი, 17მითხრა მე უფალმა: 18„ახლა შენ გადიხარ მოაბის საზღვრებიდან, ყართან, 19და მიუახლოვდები ყამონიანთა ადგილებს, მაგრამ ნუ შეავიწროებ, ნუ წაეკიდები მათ, რადგან არ მოგცემ ყამონიანთა ქვეყნიდან სამკვიდროს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი სამკვიდროდ.“#დაბ 19:38. 20რეფაიმთა ქვეყნად ითვლება ისიც. იქ რეფაიმები ცხოვრობდნენ უწინ. მაგრამ ყამონელნი მათ უწოდებენ ზამზუმიელებს. 21დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოვანი ხალხი იყო ყანაკელებივით, მაგრამ მოსპო ისინი უფალმა ყამონელთა თვალწინ და ყამონელნი დამკვიდრდნენ იქ და მათ ნაცვლად დასახლდნენ, 22უფალმა ისევე გააკეთა ყამონელთათვის, როგორც ესავიანთათვის, რომლებიც სეყირში ცხოვრობენ, როცა მოსპო მათ თვალწინ ხორიელნი და იქ მათ ნაცვლად დაამკვიდრა ესავიანები, რომლებიც დღევანდელ დღემდე იქ მკვიდრობენ. 23და ყავიმელნი, რომლებიც ცხოვრობდნენ ღაზის შემოგარენ სოფლებში, მოსრეს ქაფთორელებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქაფთორიდან და დასახლდნენ მათ ნაცვლად. 24„ადექით და გასწიეთ, – უთხრა უფალმა, – გადალახეთ არნონი ხეობა. აჰა, ხელთ ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა: იწყეთ იქ დამკვიდრება, და ეომეთ მას. 25დღეიდან შენს წინაშე შიშსა და ძრწოლას მოვგვრი ხალხებს მთელს ცისქვეშეთში; ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, თავზარი დაეცემა და ძრწოლა შეიპყრობს.“
26და გავუგზავნე მოციქულნი კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს, სამშვიდობო სიტყვებით, ეთქვათ მისთვის: 27„გადავივლი შენს ქვეყანაზე, გზიდან არ გადავუხვევ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ; 28საჭმელი ვერცხლით მომყიდე და შევჭამ; წყალიც ვერცხლით მომეცი და შევსვამ. მხოლოდ ფეხი დამადგმევინე შენს მიწაზე – 29როგორც მომექცნენ მე ესავიანები, რომელნიც მკვიდრობენ სეყირში, და მოაბელები, რომლებიც მკვიდრობენ ყარში, – ვიდრე გადავალ იორდანეს გაღმა იმ ქვეყანაში, რომელიც უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მოგვცა ჩვენ.“ 30მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი გატარება იქ, რადგან გაუმძვინვარა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, სული და გაუჯიუტა გული, რათა თქვენს ხელში ჩაეგდო, როგორც დღეს ხედავ.
31და მითხრა უფალმა მე: „აჰა, მე ვიწყებ სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემას. იწყე მის ქვეყანაში დამკვიდრება.“ 32და გამოვიდა სიხონი ჩვენს შესახვედრად, ის და მთელი მისი ჯარი, საომრად იაჰაცში. 33და მოგვცა ის უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. და შევმუსრეთ ის და მისი ძენი და მთელი მისი ჯარი. 34და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი იმ დროს და დავარისხეთ ყველა ქალაქი, და ერთიანად მუსრი გავავლეთ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, ცოცხალი არავინ გაგვიშვია. 35მხოლოდ საქონელი დავიტაცეთ და ნადავლი იმ ქალაქებიდან, რომლებიც დავიპყარით. 36ყაროყერიდან, რომელიც არნონის ველის ზემოთაა, და ქალაქიდან, რომელიც ველზეა, გალაადამდე არ ყოფილა ჩვენთვის მიუდგომელი ქალაქი. ყველაფერი მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. 37მხოლოდ ყამონიანთა ქვეყანას არ დასცემიხარ, არც იაბოკის სანაპიროებს, არც მთის ქალაქებს და არც ყველა იმას, რაც არ ბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.

Currently Selected:

Deuteronomy 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy