YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 51

51
1გმადლობ, უფალო და მეუფეო, და გაქებ, ღმერთო, მხსნელო ჩემო, მადლობას ვწირავ შენს სახელს. 2რადგანაც შენ იყავ ჩემი მფარველი და მეოხი, შენ იხსენ ჩემი სხეული დაღუპვისაგან, ცილისმწამებელი ენის მახისა და სიცრუის მთხზველ ბაგეთაგან; შენვე იყავი ჩემს წინააღმდეგ აღძრულთაგან ჩემი მხსნელი და მფარველი. 3შენი ულევი წყალობისა და სახელის ძალით განმარიდე ჩემს ჩასანთქმელად გამზადებულ კბილთა ღრჭიალს, ჩემი სულის მძებნელთა ხელს და ურიცხვ სატანჯველს, რაც განვიცადე, 4ყოველი მხრიდან შემხუთველ ცეცხლს და ალის ბრიალს, რომელშიაც არ დავიფერფლე, 5ჯოჯოხეთის წიაღის სიღრმეს, უწმინდურ ენას და ცრუ მონაჩმახს, 6ისევე, როგორც უსამართლო ენის ცილისწამებას მეფის წინაშე. ჩემი სული სიკვდილად იყო მიწურვილი და ჩემი სიცოცხლე – ჯოჯოხეთს მიახლებული. 7გარს შემომერტყნენ და არ ჩანდა მხსნელი, თვალით ვეძებდი კაცთა შორის მწეს და მეოხს, მაგრამ ამაოდ. 8მაშინ გავიხსენე შენი წყალობა, უფალო, და საქმენი შენნი დასაბამიდან რომ შველი, ვისაც შენი იმედი აქვს და იხსნი მტრების ხელიდან. 9აღვავლინე ვედრება ჩემი მიწიდან და გთხოვე, სიკვდილისგან მიხსენი-მეთქი. 10და ვუხმე უფალს, მამას ჩემი უფლისას, არ მივეტოვებინე გასაჭირში, როცა არსით ჩანდა ხსნა მზვაობართაგან. დაუცხრომლად ვადიდებ შენს სახელს და სამადლობელს გიგალობ. 11რადგანაც შეისმინე ჩემი ვედრება, გადამარჩინე წარწყმედას და უკეთური დროებისგან მიხსენი. 12ამიტომაც გაქებ, გადიდებ და ვაკურთხებ სახელს უფლისას.
13ჯერ კიდევ ჭაბუკი, ვიდრე ხეტიალს მოვყვებოდი, აშკარად ვეძებდი სიბრძნეს ჩემს ლოცვაში. 14მასზე ვლოცულობდი ტაძრის წინაშე და ბოლომდე მისი მძებნელი ვიქნები. 15როგორც შეთვალებულ მტევანს, ისე შეჰხაროდა მას ჩემი გული; სწორი გზა ირჩია ჩემმა ფეხმა და სიჭაბუკიდანვე მის კვალს ვადექი. 16ოდნავადაც რომ მიმეპყრო ყური, უხვად მეძლეოდა და მრავალ შეგონებას ვპოვებდი ჩემთვის. 17მისი წყალობით მივაღწიე წარმატებას, ამიტომაც ვადიდებ მას, ვინც მომცა სიბრძნე. 18გადავწყვიტე მას გავყოლოდი, სიკეთეს ველტვოდი და არ გავწბილებულვარ. 19ჩემი სული მხნედ შეეჭიდა სიბრძნეს და რჯულსაც ზედმიწევნით ვასრულებდი. მაღლა აღვაპყარ ხელი და დავიტირე უმეცრება ჩემი. 20მისკენ მივიქეც სულით და სიწმიდეში ვპოვე იგი. იმთავითვე მას მივუძღვენ გული და ამიტომაც არ მიმატოვებს. 21მის საძებნელად შეიძრა ჩემი შიგანი და ამიტომაც შევიძინე კეთილი განძი. 22უფალმა ენა მიბოძა ჯილდოდ და ენით შევაქებ მას. 23მომიახლოვდით, უსწავლელნო, და ჩემს სკოლაში დაიდეთ ბინა. 24რატომ უნდა დარჩეთ დიდხანს უმისოდ, რადგანაც თქვენს სულებს სწყურია იგი. 25გავხსენი პირი და წარმოვთქვი: შეიძინეთ იგი უვერცხლოდ; 26მის უღელქვეშ მოიდრიკეთ ქედი და თქვენმა სულმა მიიღოს ცოდნა. სულ ახლოს შეიძლება იპოვოთ იგი. 27ხომ თქვენივე თვალითა ხედავთ: მცირედ დავშვერი და დიდი სიმშვიდე კი ვპოვე სანაცვლოდ. 28შეიძინეთ ცოდნა, თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად, და მისი წყალობით შეიძენთ უამრავ ოქროს. 29იხაროს თქვენმა სულმა მისი წყალობით და ნუ გრცხვენიათ აქოთ იგი. 30დროულად აკეთეთ თქვენი საქმე, და ისიც დროზე მოგაგებთ სანაცვლოს.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in