Sirach (Ecclesiasticus) 42
42
1აი, რისი ნუ შეგრცხვება, რომ პირფერობის გამო არ სცოდო: 2უზენაესის რჯულისა და აღთქმის აღსრულებისა და ურჯულოსათვის მსჯავრის გამოტანისა; 3ამხანაგებსა თუ თანამოაზრეებთან დავისა და მეგობრებისათვის მემკვიდრეობის დატოვებისა; 4ზომა-წონაში სიზუსტისა და ბევრისა თუ ცოტას მოგებისა; 5ვაჭრობაში გამორჩენისა, შვილების მკაცრად აღზრდისა და უხეირო მსახურისთვის გვერდების დასისხლიანებისა. 6სადაც ცუდი ცოლია, იქ კარგია ბეჭედი, და სადაც ბევრი ხელია – საკეტი. 7თუ გასცემ, ანგარიშითა და ზომით გაეცი, და ყოველი გაცემა თუ მიღება აღნუსხე. 8ნუ გრცხვენია ჭკუა დაარიგო უგუნურს, ბრიყვს და ბერიკაცს, ჭაბუკებს რომ ეჯიბრება, და ჭეშმარიტად ზრდილი და ყველას მოსაწონი იქნები.
9ქალიშვილია მამისათვის უძილობის ფარული მიზეზი, მასზე ზრუნვაა თეთრად რომ ათენებინებს ღამეებს: ყმაწვილქალობაში – ვაითუ გაუთხოვარი დამრჩესო; გათხოვდება და – ვაითუ ქმარს შესძულდესო; 10ქალწულია და, ვაითუ შემიგინონ და მამის სახლში დაორსულდესო; ქმრიანია და, ვაითუ უღალატოს ან უნაყოფო გამოდგესო. 11თავნება ასულს ფხიზლად ადევნე თვალი, რომ მტრების დასაცინად, ქალაქის საჭორაოდ და ხალხის საკიცხველად არ გაქციოს. 12ნურავის სილამაზეზე ნუ გრჩება თვალი და ქალებში ნუ დაჯდები. 13რადგანაც სამოსიდან ჩრჩილი გამოდის, ქალიდან კი – ქალური ცბიერება. 14კაცის სიავე სჯობს ქალის სიკეთეს; ქალია, რომ გარცხვენს და გაყივნებს. 15ახლა უფლის საქმეთაც გავიხსენებ და გაუწყებთ, რაც მინახავს; უფლის სიტყვითაა მისი საქმენი. 16მანათობელი მზე ყველაფერს ხედავს, და მთელი მისი საქმე სავსეა უფლის დიდებით. 17წმიდათაც არ მისცა უფალმა იმისი ნება, რომ განეცხადებინათ ყოველი სასწაული მისი, რაც აღასრულა ყოვლისმპყრობელმა, რათა სამყარო მტკიცედ მდგარიყო მისი დიდებით. 18ის ჩასწვდა უფსკრულის სიღრმესაც და კაცის გულსაც, და იხილა ყოველი ხვეული მათი, რადგანაც უზენაესმა შეიცნო მთელი საცოდნელი და განჭვრიტა საუკუნის ნიშანი. 19იგია წარსულისა თუ მომავლის მაუწყებელი და დაფარულთა კვალის გამცხადებელი. 20არ გამოეპარება არც ერთი ნაფიქრალი, და არც ერთი სიტყვა დაფარული არ არის მისგან. 21მან განალაგა წესრიგით თავისი სიბრძნის დიადი საქმენი, რადგანაც არის უკუნითი უკუნისამდე; არცრა შეჰმატებია და არცრა დაჰკლებია, არც ვინმე მრჩეველი დასჭირვებია. 22რარიგ სანუკვარია მისი ყოველი საქმე, თვით პაწაწინა ნაპერწკლამდე, რისი დანახვაც კი შეიძლება. 23ყველაფერი ცოცხლობს და არსებობს სამარადისოდ, ყოველგვარი საჭიროებისათვის, და ყველა მას ემორჩილება. 24ყველაფერი წყვილ-წყვილადაა, ერთიმეორის პირისპირ, და არაფერი შეუქმნია ნაკლულევანი. 25ერთი ამტკიცებს მეორის სიკეთეს, და ვის მობეზრდება მათი დიდების ცქერა?
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 42: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013