YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 35

35
1რჯულის შემნახავი შესაწირავს ამრავლებს, მცნებათა დამცველი კი სამადლობელ მსხვერპლს სწირავს. 2მადლის მიმგები გამტკიცული ფქვილის შემწირავია, მოწყალების გამღები კი – ქების მსხვერპლისა. 3უფალს სათნო უჩანს ბოროტისაგან განშორება და შეიწყალებს უსამართლობისაგან განდგომილს. 4ხელცარიელი ნუ წარსდგები უფლის წინაშე, რადგანაც მცნება მოითხოვს ამას. 5მართლის შესაწირავი აპოხიერებს სამსხვერპლოს და მისი კეთილსურნელება უზენაესამდე აღწევს. 6მართალი კაცის მსხვერპლი საამოა და დავიწყებას არ მიეცემა მისი ხსოვნა. 7კეთილი თვალით ადიდე უფალი და ნუ დაამცრობ შენი შრომის პირველნაყოფს.
8სახემხიარული იყავ ყოველთვის, როდესაც გასცემ და სიხარულით შესწირე მეათედი. 9მიეცი უზენაესს, როგორც თვითონ გიბოძებს, და კეთილი გულით უძღვენ, რის ნებასაც გაძლევს შენი მონახვეჭარი. 10რადგან უფალი სანაცვლოს მიმზღველია და შვიდმაგს მოგაგებს. 11ნუ შეამცირებ ძღვენს, თორემ არ მიიღებს, და ნურც უსამართლო მსხვერპლის იმედი გექნება. 12რადგანაც უფალი მსაჯულია და მისთვის უცხოა მიკერძოება. 13პირს არ იბრუნებს გლახაკისაგან და მის მუდარას შეისმენს. 14შეიწყნარებს ქვრივ-ობლის ვედრებას, თუ თავის სათქმელს შეღაღადებს. 15განა ქვრივს ცრემლები არ ჩამოსდის ღაწვებზე და ხმამაღლა არ უჩივის იმათ, ვინც მას ატირებს? 16ღვთისმსახურს კეთილმოწყალედ შეიწყნარებს უფალი და მისი ვედრება ღრუბლებს უწევს. 17თვინიერის ლოცვა ღრუბლებს ასცდება და მანამდე არ ინუგეშება, სანამდის უფალს არ მიაღწევს, 18და არ შეწყდება, სანამ არ მოხედავს უზენაესი, მართლად არ განსჯის და სამართალს არ აღასრულებს. 19არც უფალი დაახანებს და აღარ მოუთმენს მათ, 20ვიდრე წელში არ გატეხს უწყალოდ და შურს არ მიაგებს წარმართთაც. 21ვიდრე არ შემუსრავს გოროზთა სიმრავლეს და უსამართლოთა კვერთხს არ დალეწავს; 22ვიდრე სანაცვლოს არ მიაგებს კაცს მისი საქმისამებრ და კაცთა ზრახვისამებრ არ განსჯის მათ საქმეებსაც; 23ვიდრე სამსჯავრიზე არ განსჯის თავის ხალხს და არ გაახარებს მას თავისი მოწყალებით; 24რადგანაც ხსნაა წყალობა მწუხარებისას, როგორც საავდრო ღრუბელი გვალვაში.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in