YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 34

34
1ფუჭი და ამაო იმედებით უგუნური სულდგმულობს, ბრიყვს კი ფრთებს ასხამენ სიზმრები. 2რაღა ჩრდილის მოხელთების მოსურნე ან ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე! 3სიზმარი სხვა არა არის რა, თუ არა უბრალო ანარეკლი: მსგავსება სახისა სახის პირისპირ. 4უწმინდურისაგან რანაირად გამოვა წმინდა, სიცრუისაგან კი – სიმართლე? 5ყოველგვარი მისნობა, მკითხაობა თუ სიზმარი ფუჭია და მშობიარესავით ოცნებებით ავსებენ გულს. 6თუკი შესაგონებლად არ მოგივლინა უზენაესმა, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ. 7რადგანაც მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მათი მოიმედენი. 8რჯული ამ სიცრუეთა გარეშეც აღსრულდება და სიბრძნე სრულიქმნება მორწმუნის პირით.
9მოხეტიალე კაცმა ბევრი იცის და მრავალნაცადი გონივრულს გვაუწყებს. 10გამოუცდელს ცოდნა აკლია, მოხეტიალემ კი ცოდნა გაამრავლა. 11ვინ მოსთვლის, რამდენი რამ მინახავს ხეტიალისას და გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ. 12ბევრჯერ ვმდგარვარ სიკვდილის პირას, მაგრამ გამოცდილებას ვუხსნივარ. 13უფლის მოშიშთა სული ცხონდება, რადგანაც მათი სასოებაა მათივე მხსნელი. 14უფლის მოშიში არაფერს შეუდრკება და შეუშინდება, რადგანაც უფალია მისი იმედი. 15ნეტარია უფლის მოშიშის სული! ვინ უდგას მხარში და ვინაა მისი საყრდენი! 16უფლის თვალი დაჰყურებს მის მოყვარულთ; იგია ძლევამოსილი მფარველი და მტკიცე საყრდენი, სიცხისა და შუადღის ხვატისაგან რომ გვიფარავს, წაფორხილებისას ხელის შემშველებელი და დაცემისას დამცველი. 17სულის ამამაღლებელი და თვალის მანათებელი, მკურნავი, მაცოცხლებელი და მკურთხეველი. 18საგმობია მსხვერპლი, უსამართლოდ მონახვეჭისაგან შეწირული, და შეუწყნარებელია ურჯულოთა ძღვენი. 19უზენაესი სათნოდ არ მიიჩნევს მკრეხელთა შესაწირავს და არც მსხვერპლის სიმრავლის გამო მიუტევებს ცოდვებს. 20გინდ შვილი დაგიკლავს მამის წინაშე და გინდ უპოვართაგან მინატაცი შეგიწირავს მსხვერპლად. 21გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა, სისხლისმსმელია მისი წამრთმევი. 22მკვლელია, ვინც საზრდოს ართმევს მოყვასს, და ვინც მოჯამაგირეს ჯამაგირს სტაცებს – სისხლისმღვრელი. 23როდესაც ერთი აშენებს და მეორე ანგრევს, რა დარჩებათ ქანცგაწყვეტის გარდა? 24როდესაც ერთი ლოცულობს და მეორე იწყევლება, ვის ხმას შეისმენს მეუფე? 25ვინც განიბანება მას შემდეგ, რაც გვამს შეეხო და კვლავ შეეხება მას, რას არგებს განბანვა? 26ასე, თუ კაცი თავისი ცოდვების გამო მარხულობს, მერე კი იმასვე სჩადის, ვინ შეისმენს მის ვედრებას, ან რას მოიგებს მარხულობით?

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in