YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 27

27
1მრავალმა სცოდა წვრილმანის გამო და სიმდიდრის მძებნელი თვალს არიდებს. 2მიჯრით მიწყობილ ქვებს შორის ლურსმანი ჩაერჭობა, აღებ-მიცემობაში კი ცოდვა იჭრება. 3ვინც მტკიცედ არ მკვიდრდება უფლის შიშში, მისი სახლი მალე დაიქცევა.
4ცხრილის ქნევისას ნაწმენდი რჩება, ასევე კაცის უწმინდურება – მისი მსჯელობისას. 5თიხის ჭურჭელი ქურაში გამოიცდება, კაცი კი – მის საუბარში. 6როგორ უვლიან ხეს – ნაყოფი წარმოაჩენს; ადამიანის გულის ზრახვებს კი – მისი სიტყვა. 7საუბრის დაწყებამდე ნუ აქებ კაცს, რადგან ესაა მისი გამომცდელი.
8თუ გულმოდგინედ ეძებ სიმართლეს, კიდევაც ჰპოვებ, და შეიმოსავ მას, როგორც დიდების სამოსს. 9როგორც ლომი უსაფრდება მსხვერპლს, ასევე ცოდვა – უსამართლობის ჩამდენთ. 10ჩიტები თავიანთ მსგავსთა გვერდით სხდებიან; და სიმართლე იმისკენ მიიქცევა, ვინც მასში იწაფავს თავს.
11ღვთისმოსავის საუბარი ყოველთვის სიბრძნეა, უგუნური კი მთვარესავით იცვლება. 12უმეცრებთან დროს ნუ დაკარგავ, არამედ გონიერთა შორის იტრიალე. 13ბრიყვების საუბარი გაუსაძლისია, მათი სიცილი კი – ცოდვით თავშექცევა. 14ხშირად მოფიცართა ლაყბობა ყალყზე გიყენებს თმას, მათი კამათი კი სმენას გიხშობს. 15ქედმაღალთა დავა სისხლისღვრაა და მათი ლანძღვა – სმენისათვის აუტანელი.
16ხვაშიადის გამმხელი ნდობას დაკარგავს და სულიერ მეგობარს ვეღარა ჰპოვებს. 17გიყვარდეს მეგობარი და უერთგულე, ხოლო თუ მის საიდუმლოს გაამჟღავნებ, უკან ნუღარ აედევნები. 18რადგან როგორც კაცი კლავს მტერს, ასევე მოკალი მოყვასის მეგობრობაც. 19თითქოს ჩიტი გაგეშვას ხელიდან, ისე დაკარგე მეგობარი და ვეღარ დაიბრუნებ. 20მაშ, ნუღარ მისდევ, რადგანაც დაგშორდა და გაგექცა, როგორც შველი – ხაფანგს. 21შეიძლება ჭრილობის შეხვევა და ჩხუბის შემდეგ – შერიგებაც, მაგრამ ვინც საიდუმლო გაამჟღავნა, შერიგებას ნუღარ მოელის.
22თვალის ჩამკვრელი ხრიკებს აწყობს და ვერც ვერავინ შეუშლის ხელს. 23შენს თვალწინ ენას დაითაფლავს და აღტაცებული დარჩება შენი სიტყვებით, მაგრამ ზურგს უკან გიმუხთლებს და შენს სიტყვებში საცთურსა ჰპოვებს. 24ბევრი რამ მძულს, მაგრამ მასავით – არავინ, და უფალიც მოიძულებს მას. 25ვინც მაღლა აგდებს ქვას, თავის თავზევე დასაცემად აგდებს; მზაკვრული დარტყმა პირს უხსნის ჭრილობას. 26ვინც ორმოს თხრის, თვითონვე ჩავარდება მასში და მახის დამგებიც თვითონვე გაებმება შიგ. 27ბოროტმოქმედს უკანვე მიუბრუნდება ბოროტი და ვერც გაიგებს საიდან დაატყდა თავს. 28ქედმაღლის საქმე დაცინვაა და ლანძღვა-გინება, მაგრამ შურისგება ჩასაფრებული ლომივით მოელის მას. 29ღვთისმოსავთა დაცემის მოხარულნი მახეში გაებმებიან და სასტიკი ტანჯვა სიკვდილამდე მოადნობს მათ.
30რისხვა და ბოღმა სიბილწეა და ცოდვილის ხვედრი.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in