YouVersion Logo
Search Icon

Romans 3

3
1მაშინ რა არის ებრაელის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა? 2დიდია უპირატესობა ყოველნაირად, რადგან პირველ ყოვლისა მათ აქვთ მინდობილი ღმერთის სიტყვები, 3და თუ ზოგიერთმა არ იწამა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღმერთის სარწმუნოობას? 4არამც და არამც! ღმერთი ჭეშმარიტია და ყოველი ადამიანი კი – მტყუანი, როგორც წერია: „ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი შენს სამართალში.“ #ფს 50:6. 5ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღმერთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? უსამართლოა ღმერთი, რისხვას რომ მოავლენს? – ვლაპარაკობ როგორც ადამიანი. 6არამც და არამც! სხვაგვარად როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება? 7თუ ჩემი სიცრუით ღმერთის ჭეშმარიტება გაცხადდა თავისი დიდებით, რაღად უნდა ვიქნე განკითხული როგორც ცოდვილი? 8მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? ასეთები განსჯას იმსახურებენ.
9მაშ, როგორ? გვაქვს უპირატესობა? არავითარი! რადგან ხომ განვსაჯეთ, რომ ებრაელებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან. 10როგორც წერია: „არავინ არის მართალი, #ფს 13:1-3; ფს 52:2-3. 11არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს. 12ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ ვარგა. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. 13მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. #ფს 5:10; 139:4. 14მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. #ფს 9:28. 15მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. #ესა 59:7,8. 16ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე, 17მშვიდობის გზა არ იციან. 18ღმერთის შიში არ არის მათ თვალთა წინაშე.“ #ფს 35:2.
19ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება მსჯავრდებული გახდეს ღმერთის წინაშე. 20იმიტომ რომ რჯულის საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგან რჯულით შეიცნობა ცოდვა. #გლტ 2:16.
21ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, 22ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არის განსხვავება, #გლტ 2:16. 23რადგან ყველამ შესცოდა და ყველა მოკლებულია ღმერთის დიდებას, 24და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, 25რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისი სისხლით, რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში, 26რათა ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე იმით, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.
27რაღა დაგვრჩა სასიქადულო? აღარაფერი, ყველაფერი გაუქმდა. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. 28რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. 29განა ღმერთი მარტო ებრაელთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც. 30რადგან ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილებს და ასევე წინადაუცვეთელებსაც. #რჯ 6:4; გლტ 3:20. 31მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს.

Currently Selected:

Romans 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in