Romans 1
1
1პავლე, მონა იესო ქრისტესი, მოწოდებული მოციქული, განწესებული ღმერთის სახარებისათვის, 2რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა ღმერთს წინასწარმეტყველთა მეშვეობით წმიდა წერილებში 3საუწყებლად თავისი ძისა, რომელიც დავითის შთამომავლობიდან იშვა ხორციელად, 4რომელიც ღმერთის ძედ იქნა განწესებული სიწმიდის სულის ძალით, მკვდრეთით აღმდგარის – ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, 5რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყოველი ერი, 6რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი. 7გწერთ ყველას, რომში მყოფთ, ღმერთის საყვარელთ, მოწოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
8პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ ქვეყანაზე. 9ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. 10მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე შევძლო ღმერთის ნებით თქვენთან მოსვლა, 11რადგან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად. 12ანუ თქვენთან ერთად ვინუგეშო საერთო რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც. 13მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ განვიზრახე თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა ისეთი ნაყოფი, როგორც სხვა ერებში, მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი. #საქ 19:21. 14მე მოვალე ვარ როგორც ბერძნებისა, ისე ბარბაროსთა, როგორც ბრძენთა, ისე უგუნურებისა. 15ამგვარად, ჩემი მხრით, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
16რადგან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ ებრაელისა და მერე წარმართისაც. #მრკ 8:38. 17მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.“ #აბკ 2:4.
18რადგან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარი უღვთოობისა და უსამართლობის გამო, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას, 19რადგან ის, რაც შეიძლება ადამიანმა იცოდეს ღმერთის შესახებ, აქვთ მათ, რადგან ღმერთმა გამოუცხადა მათ. 20რადგან ის, რაც უხილავია მისგან – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა – სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, არა აქვთ მათ პატიება. 21რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. #ეფს 4:17,18. 22თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ, 23და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. #რჯ 4:16-18.
24ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათი გულისთქმებით უწმიდურებას, ისე რომ თავად ბილწავდნენ თავიანთ სხეულებს. 25მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
26ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ. 27ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალთან ურთიერთობის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდომილებისათვის.
28და რაკი არ ცდილობდნენ შემეცნებაში ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას უწესოების საკეთებლად. 29აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით, 30არიან ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარანი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, 31უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. 32იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც აქეზებენ.
Currently Selected:
Romans 1: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013