YouVersion Logo
Search Icon

Numbers 3

3
1ეს არის აარონისა და მოსეს მოდგმა იმ დღისათვის, როდესაც უფალი ელაპარაკებოდა მოსეს სინაის მთაზე. 2ესაა აარონის ძეთა სახელები: პირმშო ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.#რცხ 26:60. 3ესაა აარონის ძეთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომელნიც სამღვდლოდ აკურთხა მან. 4დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა უცხო ცეცხლი შესწირეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში. და რაკი შვილები არ ჰყავდათ მათ, მღვდელმსახურება იწყეს ელეაზარმა და ითამარმა, თავიანთი მამის, აარონის, სიცოცხლეშივე.#ლევ 10:1,2; რცხ 26:61.
5და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 6„მიიყვანე ლევის ტომი და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რომ ემსახურონ მას. 7და ემსახურონ მას და მთელ თემს საკრებულო კარვის წინ, და შეასრულონ კარვის სამსახური, 8დაიცვან საკრებულო კარვის ყოველი ნივთი და ისრაელიანთა მცველებად იდგნენ, რათა შეასრულონ კარვის სამსახური. 9გადაეცი ლევიანები აარონსა და მის ძეებს. მას უნდა ჰყავდეს ისინი ჩაბარებული ისრაელიანთაგან. 10აარონსა და მის ძეებს ჩააბარე საკრებულო კარავი, რათა დაიცვან თავიანთი მღვდლობა და ყველაფერი, რაც სამსხვერპლოსია და ფარდის შიგნითაა, ხოლო უცხო, თუ ვინმე მიეკარება, მოიკლას.“
11და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 12„აჰა, მე ავიყვან ლევიანებს, ისრაელიანთაგან, ყოველი პირმშოს ნაცვლად, რომელიც გამოარღვევს დედის საშოს. ჩემები იქნებიან ლევიანები, 13რადგან ჩემია ყოველი პირმშო. იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში. ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან ისინი; მე ვარ უფალი.“#გამ 13:2. 14და ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა: 15„აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლებისა და საგვარეულოების მიხედვით. ყოველი მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი აღრიცხე.“ 16აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც მიიღო ბრძანება. 17ესენი იყვნენ ლევიანები მათი სახელების მიხედვით: გერშონი, კოჰათი და მერარი. 18ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმეყი. 19კოჰათიანები თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. 20და ძენი მერარისა თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: მახლი და მუში. ესაა ლევიანთა საგვარეულო მათი მამისსახლების მიხედვით.
21გერშონისაგან: ლიბნის საგვარეულო და საგვარეულო შიმყისა. ესაა გერშონის საგვარეულოები. 22აღირიცხა ყოველი მამრი ერთი თვისა და მათზე უფროსნი, სულ 7500. 23გერშონის საგვარეულოს უნდა დაებანაკებინა კარვის უკან, დასავლეთით. 24გერშონის მამისსახლების თავკაცი იყო ელიასაფი, ძე ლაელისა. 25გერშონიანებს ებარათ საკრებულო კარავი და მისი გადასახურავი და საკრებულო კარვის შესასვლელის ფარდა. 26ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს შესასვლელისა, რომელიც კარვისა და საკურთხევლის გარშემოა, და მისი საბელები ყოველი მათი აღჭურვილობით.
27კოჰათისაგან ყამრამის საგვარეულო და საგვარეულო იცჰარისა, საგვარეულო ხებრონისა და საგვარეულო ყუზიელისა. ეს იყო კოჰათის საგვარეულოები. 28ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, იყო 8600, საწმიდრის მოვალეობის შემსრულებლად. 29კოჰათიანთა საგვარეულოებს უნდა დაებანაკათ კარვის გვერდით, სამხრეთისაკენ. 30კოჰათიანთა საგვარეულოების მამისსახლების თავკაცი იყო ელიცაფანი, ძე ყუზიელისა. 31მათ ებარათ კიდობანი და ტაბლა, ლამპარი და სამსხვერპლოები და საწმიდრის ჭურჭელი, ფარდა და მსახურებისთვის საჭირო მთელი მოწყობილობა. 32ლევიანთა წინამძღოლთა თავკაცი იყო ელეაზარი, ძე აარონ მღვდლისა. იგი ზედამხედველობდა მათ, ვინც საწმიდრის სამსახურს ასრულებდა.
33მერარისაგან იყო საგვარეულო მახლისა და საგვარეულო მუშისა. ეს იყო საგვარეულოები მერარისა. 34ყოველი აღრიცხული მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, იყო 6200. 35მერარის საგვარეულოების მამისსახლის თავკაცი იყო ცურიელი, ძე აბიხაილისა. მათ კარვის გვერდით უნდა დაებანაკათ, ჩრდილოეთით. 36მერარიანებს ებარათ კარვის ძელები, მისი საკეტურები, მისი სვეტები, მისი კვარცხლბეკები, მისი აღჭურვილობა და მათი ყოველი მოწყობილობა, 37ასევე სვეტები ეზოს გარშემო, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები და მათი საბელები.
38ხოლო სავანის წინ, აღმოსავლეთით, საკრებულო კარვის წინ, უნდა დაებანაკათ მოსეს, აარონსა და მის ძეებს, რომელთაც ევალებოდათ საწმიდრის დაცვა ისრაელიანთა შორის. და უცხო, ვინც კი გაეკარებოდა, უნდა მომკვდარიყო. 39ყოველი ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აარონმა მათი საგვარეულოებითურთ, ყოველი მამრი, ერთი თვისა და მათზე უფროსნი იყო 22 ათასი.
40და უთხრა უფალმა მოსეს: „აღრიცხე ყოველი პირმშო მამრი ისრაელიანთაგან, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, გადაითვალე ისინი სახელებით. 41და აიყვანე ლევიანები ჩემთვის, – მე ვარ უფალი, – ყოველი პირმშოს სანაცვლოდ ისრაელიანთაგან, და ლევიანთა საქონელი ისრაელიანთა ყოველი პირველმოგებული პირუტყვის სანაცვლოდ.“ 42აღრიცხა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას, ყოველი პირმშო ისრაელიანი. 43და იყო ყოველი პირმშო მამრი სახელთა რიცხვით, ერთი თვისა და მათზე უფროსნი, მათი აღწერით 22273.
44და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 45„აიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად, და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად, ჩემი არიან ლევიანები; მე ვარ უფალი. 46იმ 273 კაცის გამოსასყიდად, რომლითაც მეტობენ ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები, 47აიღე ხუთ-ხუთი შეკელი ყოველ სულზე, საწმიდრის შეკელით, რომელიც იწონის ოც გერას, 48მიეცი ეს ვერცხლი აარონს და მის ძეებს მათგან ზედმეტის გამოსასყიდად.“ 49და აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ლევიანთა მიერ შენაცვლებული რიცხვის ნამეტისაგან. 50ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო ეს ვერცხლი 1365 შეკელი, საწმიდრის შეკელით. 51და მისცა მოსემ ეს გამოსასყიდი ვერცხლი აარონსა და მის ძეებს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა მას.

Currently Selected:

Numbers 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

Video for Numbers 3