YouVersion Logo
Search Icon

Matthew 15

15
1მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმიდან ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს: 2„რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა გადმოცემას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ.“ 3ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემის გამო? 4რადგან ღმერთმა თქვა: ‘პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, და მამის ან დედის აუგის მთქმელი უნდა მოიკლას.’#გამ 20:12; 21:17; რჯ 5:16; ლევ 20:9. 5თქვენ კი ამბობთ: ‘თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს ძღვენია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, 6მას აღარ ესაჭიროება პატივის მიგება თავისი მამისა და დედისათვის.’ ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემით. 7თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა თქვენზე ესაია, როდესაც ამბობდა: 8‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.#ესა 29:13. 9ამაოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, თითქოს მოძღვრება იყოს.’“ 10და მოუწოდა ხალხს და უთხრა მათ: „ისმინეთ და შეიგნეთ: 11ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.“ 12მაშინ მოვიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: „იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენამ დააბრკოლა?“ 13მან კი მიუგო და უთხრა: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემს ზეციერ მამას არ დაურგავს, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. 14მოეშვით მათ: ისინი ბრმათა ბრმა წინამძღოლები არიან. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.“#ლკ 6:39. 15მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი.“ 16ხოლო მან უთხრა: „ნუთუ ვერც თქვენ გაიგეთ ვერაფერი აქამდე? 17ვერ გაიგეთ, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და გარეთ გაიყრება? 18პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს ადამიანს.#მთ 12:34. 19რადგან გულიდან ამოდიან: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. 20სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს.“
21წამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. 22და აჰა, ქანაანელი ქალი მოვიდა მასთან იმ ადგილებიდან, შეჰღაღადა მას და უთხრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“ 23მაგრამ მან სიტყვაც არ უპასუხა. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან უკან მოგვყვირის ჩვენ.“ 24მან მიუგო და უთხრა: „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.“ 25ქალი კი მივიდა, დაემხო მის წინ და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“ 26მან მიუგო და უთხრა: „არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“ 27ქალმა უთხრა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონების სუფრიდან ცვივა.“ 28მაშინ მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ქალო! დიდია შენი რწმენა. დაე მოგეცეს შენ შენი სურვილისამებრ.“ და იმავე ჟამს განიკურნა მისი ქალიშვილი.
29და წავიდა იესო იქიდან და მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. 30და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფეხთით და მან განკურნა ისინი. 31ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ლაპარაკობდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლები დადიოდნენ და ბრმები ხედავდნენ. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
32იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რომ გზაში არ დაუძლურდნენ.“ 33უთხრეს მას მოწაფეებმა: „სად ვიშოვით უდაბურ ადგილას იმდენ პურს, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?“ 34და უთხრა მათ იესომ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი და მცირეოდენი თევზი.“ 35და უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ. 36აიღო შვიდი პური და თევზები, მადლი შესწირა, დატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს. 37და ჭამა ყველამ და გაძღა. ნარჩენი ნატეხებისაგან კი შვიდი სავსე კალათა აკრიფეს. 38მჭამელი კი 4 ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. 39და როდესაც გაუშვა ხალხი, ჩაჯდა ნავში და წავიდა მაგდალას საზღვრებში.

Currently Selected:

Matthew 15: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in