Leviticus 14
14
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2„ეს იქნება წესი კეთროვანისა მისი გასუფთავების დროს: იგი უნდა მიიყვანონ მღვდელთან;#მთ 8:4; მრკ 1:44; ლკ 5:14; 17:14. 3გავა მღვდელი ბანაკს გარეთ, და თუ ნახავს, რომ განიკურნა კეთროვანი კეთრისაგან, 4ბრძანებს, გასაწმიდავებლისთვის მოიყვანონ ორი ცოცხალი წმიდა ფრინველი, კედარის ხის ნაჭერი, ნართი ძოწეულის ფერისა და უსუპის კონა, 5და უბრძანებს მღვდელი და დააკვლევინებს ერთ ფრინველს გამდინარე წყლით სავსე თიხის ჭურჭელზე, 6აიღებს ცოცხალ ფრინველს, კედარის ხის ნაჭრის, ძოწეულის ფერის ნართს, უსუპის კონას და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში, 7მიასხურებს კეთრისაგან გაწმედილს შვიდგზის და გამოაცხადებს მას გაწმედილად და ცოცხალ ფრინველს ველზე გაუშვებს. 8განწმედილმა გაირეცხოს სამოსი, გაიკრიჭოს მთელი თმა და განიბანოს წყლით, და გახდება სუფთა; შემდეგ მივიდეს ბანაკში, მაგრამ კარვის გარეთ იცხოვროს შვიდ დღეს. 9მეშვიდე დღეს გაიპარსოს მთელი თმა, თავი და წვერი, და წარბები, მთელი თმა გაიპარსოს, და გაირეცხოს სამოსი და განიბანოს სხეული წყლით, და ასე გახდება სუფთა.
10მერვე დღეს აიყვანოს ორი უხინჯო კრავი და ერთი წელგამოვლილი უხინჯო დედალი ცხვარი და ეფის სამი მეათედი წმიდა პურის გამტკიცული ფქვილი პურეულ ძღვნად, ზეთში შეზელილი, და ერთი ლოგი ზეთი. 11განმწმედი მღვდელი დააყენებს გასაწმენდს ამ შესაწირავით უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან; 12აიყვანს მღვდელი ერთ კრავს და შესწირავს მას დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად, და ერთ ლოგ#14:12 სითხის მოცულობის საზომი ერთეული. ზეთთან ერთად აღმართავს უფლის წინაშე. 13და დაკლავს კრავს იმ ადგილას, სადაც კლავენ ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლსა და სრულადდასაწველს, წმიდა ადგილზე, რადგან მსგავსად ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის ეს მსხვერპლიც ეკუთვნის მღვდელს. უწმიდესია ის. 14აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლს და განსაწმედს სცხებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე; 15აიღებს მღვდელი ზეთს მისი ლოგიდან და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე; 16და დააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მარცხენა ხელისგულზეა უსხია და შვიდგზის მოაპკურებს თითით შვიდგზის უფლის წინაშე; 17დანარჩენ ზეთს, რომელიც ხელისგულზე უსხია, განსაწმედს სცხებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე, იქ, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია; 18ხოლო ნარჩენ ზეთს, რაც მღვდელს ხელისგულზე უსხია, განსაწმედს სცხებს თავზე და გამოითხოვს მისთვის შენდობას უფლის წინაშე. 19შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და განწმედს განსაწმედს მისი უწმიდურებისაგან; და მერე დაკლავს სრულადდასაწველს მსხვერპლს. 20და შესწირავს მღვდელი სრულადდასაწველს და პურეულ ძღვენს საკურთხეველზე; და განწმედს მას მღვდელი და სუფთა იქნება იგი.
21თუ ღარიბია იგი და ხელი არ მიუწვდება ამდენზე, აიყვანოს ერთი კრავი დანაშაულის მსხვერპლად, თავისი შენდობის შესარხევ მსხვერპლად, და ეფის მეათედი წმიდა პურის გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, პურეულ ძღვნად, და ერთი ლოგი ზეთი, 22და ორი გვრიტი ან მტრედის ორი მართვე, რაზეც მიუწვდება ხელი, და იქნება ერთი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი, ხოლო მეორე – სრულადდასაწველი. 23მიიტანოს ისინი თავისი განწმენდის მერვე დღეს მღვდელთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, უფლის წინაშე; 24და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის კრავს და ზეთის ლოგს და შეარხევს უფლის წინაშე, 25და დაკლავს კრავს დანაშაულის მსხვერპლად; და აიღებს მღვდელი დანაშაულის მსხვერპლის სისხლს, და წაუსვამს განსაწმედს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა, და მარჯვენა ფეხის ცერზე; 26დაისხამს მღვდელი ზეთს მარცხენა ხელისგულზე, 27და მარჯვენა თითით აპკურებს ზეთს, რაც მარცხენა ხელისგულზე უსხია, უფლის წინაშე შვიდგზის, 28და სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც ხელისგულზე უსხია, განსაწმედს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე, იქ, სადაც დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის სისხლი სცხია; 29ხოლო ნარჩენ ზეთს, რაც მღვდელს ხელისგულზე უსხია, იგი განსაწმედს თავზე სცხებს, და გამოითხოვს მისთვის შენდობას უფლის წინაშე. 30და გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც მიუწვდება ხელი: 31ერთს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, ხოლო მეორეს სრულადდასაწველად პურეულის ძღვენთან ერთად; და განწმედს მღვდელი განსაწმედელს უფლის წინაშე. 32ესაა წესი იმისთვის, ვისაც კეთროვანი წყლული აქვს და ვინც ხელმოკლეა თავის განწმენდისას.
33და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
34რაჟამს შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ დასამკვიდრებლად, და მე მოვგვრი კეთროვან წყლულს თქვენს სამფლობელო ქვეყანაში რომელიმე სახლს, 35და წავა ის, ვისიცაა სახლი, და განუცხადებს მღვდელს: თითქოს წყლული შევამჩნიეო ჩემს სახლში, 36უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, ვიდრე მივა იგი წყლულის სანახავად, რათა არ გაუწმიდურდეს ყოველივე, რაც სახლშია; და მერე მივა ის სახლის სანახავად. 37იხილავს წყლულს, და ნახავს, რომ წყლული სახლის კედლებზეა, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად. და თუ ის ჩაღრმავებულია კედლებში, 38გავა მღვდელი სახლიდან მისი შესასვლელისკენ და ჩაკეტავს სახლს შვიდი დღით. 39მეშვიდე დღეს კვლავ მივა, და თუ დაინახავს, რომ წყლული გავრცელებულა სახლის კედლებზე, 40უბრძანებს იგი და ამოტეხენ ქვებს, რომლებზეც წყლულია, და გადაყრიან ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე; 41სახლს ჩამოფხეკენ შიგნიდან მთლიანად, და გადაყრიან ჩამოფხეკილ ნაგავს ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. 42აიღებენ სხვა ქვებს და ჩადგამენ იმ ქვების ნაცვლად, მოზელენ სხვა ბათქაშს და გალესენ სახლს.
43თუ წყლული კვლავ გამოჩნდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც ქვები გამოტეხეს, კედლები ჩამოფხიკეს და გალესეს, 44მივა მღვდელი და ნახავს, რომ წყლული გავრცელებულა სახლზე, ეს მწვავე კეთრია სახლში, და სახლი უწმიდურია; 45უნდა დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, მისი ხე-ტყე და მთელი მისი ნაშალი უნდა გაიტანონ ქალაქგარეთ უწმიდურ ადგილზე. 46ყველა იმ სახლში შემსვლელი იმ დღეებში, როცა ის ჩაკეტილი იყო, უწმიდური იქნება საღამომდე. 47და ვინც იმ სახლში დაიძინებს ანდა საჭმელს შეჭამს, უნდა გაირეცხოს სამოსი.
48თუ მოვა მღვდელი და ნახავს, რომ წყლული სახლზე არ გავრცელდა სახლის გალესვის შემდეგ, ის სახლს სუფთად ჩათვლის, რადგან წყლული განიკურნა. 49აიღებს იგი სახლის გასაწმიდავებლად ორ ფრინველს, კედარის ხის რტოს, და ძოწეულის ფერის ნართს, და უსუპის კონას, 50და დაკლავს ერთ ფრინველს გამდინარე წყლით სავსე თიხის ჭურჭელზე, 51და აიღებს კედარის ხის რტოს და უსუპის კონას, და ძოწეული ფერის ნართს, და ცოცხალ ფრინველს, და ამოავლებს მათ დაკლული ფრინველის სისხლში და სასმელ წყალში, და შვიდგზის მოასხურებს სახლს. 52გაასუფთავებს სახლს ფრინველის სისხლით და გამდინარე წყლით, და ცოცხალი ფრინველით, და კედარის ხის რტოთი, უსუპის კონითა და ძოწეულის ფერის ნართით; 53და გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ ველზე, და შეუნდობს სახლს, და გასუფთავდება იგი.
54ეს არის წესი კეთრისა და ქეცისა და ყოველი წყლულისა. 55სამოსლისა და სახლის კეთრისა, 56სიმსივნისა, ქეცისა და ლაქებისა, 57რათა მიეთითოს, როდის არის ეს უწმიდურება და როდის სისუფთავე. ესაა კეთრის წესი.“
Currently Selected:
Leviticus 14: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013