Hebrews 6
6
1ამიტომ წინ წავიდეთ ქრისტეს სიტყვის საწყისებიდან და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ, ნუ შევჩერდებით კვლავ საძირკველის ჩაყრაზე – მკვდარ საქმეთა მონანიებაზე და ღმერთის რწმენაზე, 2ნათლობათა, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო სასჯელის მოძღვრებაზე. 3ამასაც გავაკეთებთ, თუ ღმერთი ნებას მოგვცემს. 4რადგან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და წმიდა სულის ზიარნი გახდნენ, 5იგემეს ღმერთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები, – 6ხოლო შემდეგ დაეცნენ, კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი კვლავ ჯვარს აცვამენ ღმერთის ძეს და განაქიქებენ მას. 7რადგან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და აღმოაცენებს მცენარეს, სასარგებლოს მათთვის, ვისთვისაც ის მუშავდება, ღმერთისგან იღებს კურთხევას. 8მაგრამ თუ ის იძლევა ეკალსა და კუროსთავს, მაშინ ის უვარგისია და ლამის დასაწყევლი. მისი ბოლო გადაწვაა. #დაბ 3:17,18.
9მაგრამ, საყვარელნო, თუმცა ასე ვლაპარაკობთ, გვჯერა, რომ უკეთესის ღირსნი ხართ და ხსნას ხართ მიწევნულნი. 10რადგან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარული, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, წმიდებს რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით. 11მაგრამ გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი ბოლომდე იჩენდეს იმავე სიბეჯითეს, 12რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელებით იმკვიდრებს აღთქმებს.
13რადგან, როცა ღმერთი აღუთქვამდა აბრაამს, რაკი არ შეეძლო, ვინმე თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა 14და თქვა: „ჭეშმარიტად, გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს მოდგმას.“ #დაბ 22:16,17. 15და ამგვარად, სულგრძელი მოთმინებით მიიღო აბრაამმა აღთქმული. 16რადგან ადამიანები თავისზე მაღალს იფიცებენ, და ფიცია მათი ყოველგვარი დავის დასასრულის დამამტკიცებელი. 17ასე, როცა ღმერთს სურდა უფრო ცხადად ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების უცვალებლობა, ფიცი მოიშველია, 18რათა ორი უცვალებელი საქმის მეშვეობით, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, გვქონდეს ჩვენ, – რომელთაც ვისწრაფეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს, – მტკიცე ნუგეში, 19რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით საიმედოა და მტკიცე და აღწევს ფარდის მიღმა, #ლევ 16:2. 20სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით უკუნისამდე. #ფს 109:4.
Currently Selected:
Hebrews 6: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013