YouVersion Logo
Search Icon

Hebrews 12

12
1ამიტომ ჩვენც, გარემოცულებმა მოწმეთა ღრუბლით, ჩამოვიშოროთ ყოველი ტვირთი და შემბოჭველი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. 2შევხედოთ რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც იმ სიხარულისათვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი, უგულებელყო შერცხვენა და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
3იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი მტრობა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ დაძაბუნდეთ და სულით არ დაეცეთ. 4ჯერ კიდევ სისხლამდე არ გიბრძოლიათ ცოდვის წინააღმდეგ. 5დაგივიწყებიათ შეგონება, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და გულს ნუ გაიტეხ, როდესაც გამხილებს, #იობ 5:17; იგვ 3:11,12. 6რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, რომელსაც იღებს.“ 7აიტანეთ წვრთნა! ღმერთი ისე გეპყრობათ, როგორც შვილებს. განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? 8ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაშიც ყველა მოზიარეა, მაშინ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. 9თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთვნიან და გვერიდება მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? 10ისინი გვწვრთნიდნენ საკუთარი ნების შესაბამისად მცირე დღეებისათვის, ეს კი – ჩვენს სასიკეთოდ, რათა ვეზიაროთ მის სიწმიდეს. 11ყოველი წვრთნა აწმყოში სიხარულად არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. შემდეგ კი ის სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მათ, ვინც მის მიერ განისწავლა.
12ამიტომ გამართეთ დაქანცული ხელები და მოკვეთილი მუხლები. #ესა 35:3. 13გაასწორეთ ბილიკები თქვენს ფეხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ განიკურნოს. #იგვ 4:26.
14ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს. 15გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღმერთის მადლი; რომ რომელიმე მწარე ფესვი არ აღმოცენდეს და ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს. #რჯ 29:18. 16რომ არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი ან უწმიდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა. #დაბ 25:29-34. 17თქვენ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვეღარ ჰპოვა მონანიების შესაძლებლობა, თუმცა ცრემლებით ეძებდა მას. #დაბ 27:30-40.
18თქვენ არ მიახლებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აღგზნებულს, ბნელსა და წყვდიადს, ქარიშხალს, #გამ 19:16-22; 20:18-21; რჯ 4:11,12; 5:22-27. 19არც ბუკის ცემას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, აღარ თქმულიყო მათ მიმართ სიტყვა, 20რადგან აღარ შეეძლოთ ბრძანების ატანა: „ცხოველიც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს.“ #გამ 19:12,13. 21და იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა: „შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ.“ #რჯ 9:19. 22მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს – და აურაცხელ ანგელოზებს, 23პირმშოთა ეკლესიის კრებულს, რომლებიც ზეცაში არიან ჩაწერილნი, და ყოვლისგანმსჯელ ღმერთს და სრულქმნილ მართალთა სულებს, 24და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და პკურების სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს. #დაბ 4:10.
25ფრთხილად! ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც არ უსმინეს მიწიერ გამაფრთხილებელს, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციერს, #გამ 20:22. 26რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა და რომელიც ახლა ასე აღგვითქვამს: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც.“ #ანგ 2:6. 27ეს სიტყვები: „კიდევ ერთხელ“ ცხადყოფს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც არ შეიძვრის. 28ამიტომ ჩვენ, ურყევი სამეფოს მიმღებები, ვიყოთ მადლიერნი და სათნოდ ვემსახუროთ ღმერთს, მოწიწებითა და შიშით. 29რადგან ჩვენი ღმერთი – შემჭმელი ცეცხლია. #რჯ 4:24.

Currently Selected:

Hebrews 12: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in