YouVersion Logo
Search Icon

Exodus 21

21
1და აჰა, კანონები, რომლებსაც წარუდგენ მათ:
2თუ ებრაელ მონას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს და მეშვიდე წელს გაათავისუფლე უსასყიდლოდ.#ლევ 25:39-46. 3თუ იგი მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, წავიდეს მასთან ერთად მისი ცოლიც. 4თუ მისი ბატონი შერთავს მას ცოლს, რომელიც მას ვაჟებს ან ასულებს გაუჩენს, მაშინ ცოლი და შვილებიც მისი ბატონისაა. თავად მარტო წავიდეს. 5ხოლო თუ მონა იტყვის: მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი და ჩემი შვილები და არ მინდაო თავისუფლება, 6მაშინ მიიყვანოს იგი მისმა ბატონმა ღვთის სამსჯავროზე და მიაყენოს იგი კართან ან მის წირთხლთან და გაუხვრიტოს მისმა ბატონმა ყური სადგისით, და მისი მსახური იქნება სამუდამოდ.
7და თუ გაყიდის კაცი თავის ასულს მხევლად, ეს ქალი ისე ვერ წავა, როგორც მონა მიდის. 8თუ თვალში არ მოუვიდა მის პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, მისცეს მას გამოსყიდვის ნება. უფლება არა აქვს მის პატრონს, რომ უცხო ხალხს მიჰყიდოს იგი, რადგან თავად უღალატა მას. 9ხოლო თუ დანიშნავს მას თავის ვაჟზე, მაშინ როგორც თავის ასულს, ისე მოექცეს. 10თუ თვითონ სხვას შეირთავს, მაშინ მას საზრდო, სამოსელი და თანაცხოვრება არ მოაკლოს. 11თუ ამ სამ რამეს არ გაუკეთებს, ქალს შეუძლია ვერცხლით გამოუსყიდველად წავიდეს.
12თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, მკვლელი უნდა მოიკლას.#ლევ 24:17. 13ხოლო თუ მას ბოროტი განზრახვა არ ჰქონია, არამედ ღმერთმა შეამთხვია, მაშინ დაგინიშნავ ადგილს, სადაც უნდა გადაიხვეწოს.#რცხ 35:10-34; რჯ 19:1-13; ისნ 20:1-9. 14და თუ ვინმე ბოროტი განზრახვით მოკლავს თავის მოყვასს, მაშინ ჩემს სამსხვერპლოსაც კი რომ მოეჭიდოს, წაიყვანეთ და მოაკვდინეთ.
15ვინც თავის მამას ან თავის დედას დაარტყამს, უნდა მოიკლას.
16ვინც მოიპარავს ადამიანს და გაყიდის, ან ვისაც ხელში აღმოაჩნდება მოპარული, უნდა მოიკლას.#რჯ 24:7.
17თავისი დედ-მამის მაგინებელი უნდა მოიკლას.#ლევ 20:9; მთ 15:4; მრკ 7:10.
18თუ კაცები ერთმანეთს წაეჩხუბებიან და ერთი მეორეს ქვას ან მუშტს დაჰკრავს, და თუ კაცი არ მოკვდება და ლოგინად ჩავარდება, 19მერე თუ ადგება იგი და ივლის გარეთ ყავარჯნით, მისი მცემელი არ უნდა დაისაჯოს, მხოლოდ მისი მოცდენისათვის უნდა გადაუხადოს და სავსებით განკურნოს იგი.
20და თუ კაცი კეტით სცემს თავის მონას ან მხევალს და ის მოკვდება მისი ხელით, მაშინ მან პასუხი უნდა აგოს. 21მაგრამ თუ ერთი ან ორი დღე იცოცხლა, მაშინ მასზე შური აღარ იძიოთ, რადგან ის მისი საკუთრებაა.
22თუ კაცები ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაეჯახებიან და ქალი ნაადრევად იმშობიარებს, მაგრამ უბედურება არ მოუვა, მაშინ დამნაშავემ ჯარიმა გადაიხადოს, რასაც მას დააკისრებს ქალის ქმარი, და რასაც მსაჯულები დაუდგენენ. 23ხოლო თუ უბედურება დატრიალდა, მაშინ მიეცი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, 24თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ,#ლევ 24:19,20; რჯ 19:21; მთ 5:38. 25დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ.
26და თუ კაცმა თვალში ჩაარტყას თავის მონას ან თავის მხევალს და დაუზიანოს, უნდა გაათავისუფლოს მისი თვალის წილ. 27და თუ კბილს ჩაუმტვრევს თავის მონას ან თავის მხევალს, გაათავისუფლოს მისი კბილის წილ.
28თუ ხარმა ურქინოს კაცს ან დედაკაცს და მოკლას იგი, ჩაიქოლოს ხარი და არ იჭამოს მისი ხორცი. ხოლო პატრონი ხარისა უდანაშაულოა. 29მაგრამ თუ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, და პატრონიც გაფრთხილებული ჰყავდათ, მაგრამ არ დაამწყვდია იგი და მოკლა ამ ხარმა კაცი ან ქალი, მაშინ ხარი ჩაიქოლოს და მისი პატრონიც მოიკლას. 30თუ გამოსასყიდს დაუწესებენ, გაიღოს სიცოცხლის გამოსასყიდად, რასაც დაუწესებენ. 31თუ ვაჟს ან ასულს ურქინოს, იმავე კანონით მოექეცით მას. 32თუ მონას ურქინოს ხარმა, ან მხევალს, ხარის პატრონმა 30 შეკელი ვერცხლი გადაუხადოს მათ ბატონს, ხარი კი ჩაიქოლოს.
33და თუ ვინმე კაცმა ორმოს თავი გადახადოს, ან ამოთხაროს ორმო და არ დახუროს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდეს, 34ორმოს პატრონმა ვერცხლით აუნაზღაუროს პატრონს, მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩეს.
35და თუ ვინმეს ხარი მისი მოყვასის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და ვერცხლი შუაზე გაიყონ, და მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ. 36ხოლო თუ ცნობილი იყო, რომ ხარი მორქენალი იყო გუშინ და გუშინწინ, და არ დაამწყვდია მისმა პატრონმა, გადაიხადოს ხარის საფასური, მოკლული კი მას დარჩეს.

Currently Selected:

Exodus 21: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in