YouVersion Logo
Search Icon

Daniel Greek 3

3
ბელი
1მეფე ასტიაგესი შეუერთდა თავის მამაპაპას. და კიროს სპარსელმა დაიმკვიდრა მისი სამეფო. 2დანიელი მეფესთან ერთად ცხოვრობდა და ყველაზე სახელგანთქმული იყო მის მეგობართა შორის. 3ბაბილონელებს ჰყავდათ კერპი, სახელად ბელი, რომელზედაც ყოველდღიურად ხარჯავდნენ ოც არტაბა ფქვილს, ორმოც ცხვარსა და ექვს საწყაო ღვინოს. 4მეფე აღმერთებდა მას და ყოველდღე მიდიოდა, რათა თაყვანი ეცა მისთვის. დანიელი კი თავის ღმერთს სცემდა თაყვანს. 5და უთხრა მას მეფემ: „რატომ არ ეთაყვანები ბელს?“ ხოლო მან მიუგო: „იმიტომ, რომ ხელითქმნილ კერპებს კი არა ვცემ თაყვანს, არამედ ცოცხალ ღმერთს – ცისა და მიწის შემოქმედს, ყოველი ხორციელის მეუფეს.“ 6მეფემ უთხრა: „შენ გგონია, რომ ბელი ცოცხალი ღმერთი არ არის? ხომ ხედავ, რამდენს ჭამს და სვამს ყოველდღიურად?“ 7დანიელმა სიცილით მიუგო: „თავს ნუ იტყუებ, მეფეო, რადგანაც ის შიგნიდან თიხაა, გარედან კი სპილენძი; ასე რომ, არასდროს არც უსვამს და არც უჭამია.“ 8მაშინ განრისხებულმა მეფემ ქურუმებს უხმო და უთხრა: „თუ არ მეტყვით, ვინ ჭამს ყოველივე ამას, სიკვდილი გელით, ხოლო თუ დამიმტკიცებთ, რომ ბელი ჭამს, მაშინ დანიელს არ ასცდება სიკვდილი, რადგანაც ბელი დაგმო.“ 9დანიელმა უთხრა მეფეს: „როგორც თქვი, ისე იყოს.“ ხოლო ბელს 70 ქურუმი ჰყავდა მათი ცოლშვილის გარდა. 10და მეფე დანიელთან ერთად მივიდა ბელის ტაძარში. 11ბელის ქურუმებმა უთხრეს მას: „აი, ჩვენ გარეთ გავალთ, მეფეო, შენ კი დააწყვე საზრდო, ჩამოასხი ღვინო, ჩარაზე და შენი ბეჭდით დაბეჭდე კარი; და თუ ხვალ მოხვალ და ვერ ნახავ, რომ ყველაფერი ბელმა შეჭამა, სიკვდილის ღირსნი ვიქნებით, თუ არა და, უნდა მოკვდეს დანიელი, რომელმაც ცილი დაგვწამა.“ 12გამომწვევად ეჭირათ თავი, ვინაიდან ტაბლის ქვეშ საიდუმლო შესასვლელი გაეკეთებინათ, საიდანაც შედიოდნენ და ჭამდნენ ყველაფერს. 13გარეთ რომ გავიდნენ, მეფემ საზრდო დაუწყო ბელს. 14დანიელმა კი უბრძანა თავის მსახურებს, მოეტანათ ნაცარი და მთელ ტაძარში მიმოებნიათ მარტოოდენ მეფის თანდასწრებით. გარეთ გამოსულებმა ჩარაზეს კარი, მეფის ბეჭდით დაბეჭდეს და წავიდნენ. 15ხოლო ქურუმები, როგორც სჩვეოდათ, თავიანთი ცოლშვილითურთ ღამით მივიდნენ და ყველაფერი შეჭამეს და შესვეს. 16დილაადრიან ადგა მეფე, და დანიელიც მასთან ერთად, 17და თქვა: „ხელუხლებელია ბეჭედი, დანიელ?“ დანიელმა მიუგო: „ხელუხლებელია, მეფეო.“ 18კარი გააღეს თუ არა, მეფემ ტაბლას დახედა და წამოიძახა: „დიდი ხარ, ბელ, და ყოველგვარი სიცრუე უცხოა შენთვის!“ 19გაეცინა დანიელს, შეაჩერა მეფე, რომ ტაძარში არ შესულიყო, და უთხრა: „დახედე იატაკს და გამოიცანი, ვისია ეს ნაფეხურები.“ 20მეფემ მიუგო: „კაცების, ქალებისა და ბავშვების ნაფეხურებს ვხედავ.“ 21განრისხებულმა მეფემ ქურუმებისა და მათი ცოლშვილის შეპყრობა ბრძანა და მათ უჩვენეს საიდუმლო კარი, საიდანაც შედიოდნენ და ჭამდნენ ყველაფერს, რაც ტაბლაზე ეწყო. 22მაშინ მეფემ დაახოცინა ისინი, ბელის კერპი კი დანიელს მისცა, რომელმაც დაანგრია ისიც და მისი ტაძარიც. 23იქვე იყო დიდი ურჩხული, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ბაბილონელნი. 24და უთხრა მეფემ დანიელს: „ამაზეც ხომ არ იტყვი, ცოცხალი ღმერთი არ არისო? მაშ თაყვანი ეცი მას.“ 25დანიელმა მიუგო: „უფალს, ღმერთს ჩემსას, ვცემ თაყვანს, რადგანაც ის არის ცოცხალი ღმერთი; ამ ურჩხულს კი, თუ ნებას მომცემ, მეფეო, უმახვილოდ და ულახტოდ მოვკლავ.“ 26და უთხრა მეფემ: „ნება მიბოძებია.“ 27დანიელმა აიღო ფისი, ქონი და ბეწვი, ერთად მოხარშა, დააგუნდავა და ხახაში ჩაუგდო ურჩხულს; ჩაყლაპა თუ არა ურჩხულმა, მაშინვე გასკდა. 28ეს რომ ბაბილონელებმა გაიგეს, მათ აღშფოთებას საზღვარი არა ჰქონდა, მეფის წინააღმდეგ აღიძრნენ და თქვეს: „მეფე იუდაელი გახდა, ბელი დაამხო, ურჩხული მოკლა და ქურუმები დახოცა.“ 29მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: „მოგვეცი დანიელი, თორემ შენც მოგკლავთ და მთელ შენს სახლეულსაც ზედ დაგაკლავთ.“ 30როდესაც მეფემ დაინახა, რა დაჟინებით ითხოვდნენ, იძულებული შეიქნა დანიელი მიეცა მათთვის. 31ლომების ხაროში ჩააგდეს დანიელი და ექვსი დღე დაჰყო იქ. 32ხაროში შვიდი ლომი იყო, რომლებსაც ყოველდღიურად ორ გვამსა და ორ ცხვარს უყრიდნენ შიგ; იმ ექვს დღეში კი არაფერი არ ჩაუყრიათ, რათა დანიელი შთაენთქათ. 33იყო იუდაში წინასწარმეტყველი ამბაკუმი, რომელმაც მოხარშა შეჭამადი, შიგ პური ჩაფშვნა და ყანაში წავიდა, რომ მომკელებისთვის მიეტანა. 34მაგრამ უფლის ანგელოზმა უთხრა ამბაკუმს: „წაიღე ეგ შენი სადილი ბაბილონს და დანიელს მიუტანე ლომების ხაროში.“ 35ამბაკუმმა თქვა: „უფალო, არც ბაბილონი მინახავს და არც ხარო ვიცი.“ 36მაშინ უფლის ანგელოზმა კეფაში ჩაავლო ხელი, თმებით ასწია და თავისი სულის ძალით ბაბილონში, ზედ ხაროს თავზე დასვა. 37ჩასძახა ამბაკუმმა დანიელს და უთხრა: „დანიელ, დანიელ! აიღე ეს სადილი, რომელსაც ღმერთი გიგზავნის.“ 38და თქვა დანიელმა: „შენ გამიხსენე, უფალო, და არ მიატოვე შენი მოყვარულნი.“ 39ადგა დანიელი და ჭამა; ღვთის ანგელოზმა კი მაშინვე დააბრუნა ამბაკუმი თავის ადგილას. 40მეშვიდე დღეს მოვიდა მეფე დანიელის დასატირებლად, ხაროს მიადგა, შიგ ჩაიხედა და, აჰა, მჯდომარე დანიელი კი დაინახა. 41ხმამაღლა შესძახა მეფემ: „დიდი ხარ, ღმერთო დანიელისა, და სხვა არავინაა შენს გარდა!“ 42ამოაყვანინა იგი. ხაროში კი ისინი ჩაყარა, ვისაც მისი დაღუპვა სურდათ; და მის თვალწინ იქნენ შეჭმულნი.

Currently Selected:

Daniel Greek 3: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy