YouVersion Logo
Search Icon

Baruch 1

1
1ესაა სიტყვები წიგნისა, რომელიც ბარუქმა, ნერიას ძემ, მახსეიას, ცედეკიას, ხასადიას, ხილკიას შთამომავალმა დაწერა ბაბილონში, 2მეხუთე წელს, თვის მეშვიდე დღეს, იმ დროიდან, როცა ქალდეველებმა იერუსალიმი აიღეს და ცეცხლს მისცეს იგი. 3წაიკითხა ბარუქმა ამ წიგნის სიტყვები იუდას მეფის – იექონიას – იოაკიმის ძისა და მთელი იმ ხალხის წინაშე, ვინც მის მოსასმენად მოვიდა. 4დიდებულების, უფლისწულების, უხუცესების და მთელი ხალხის, პატარებიდან დაწყებული და დიდებით დამთავრებული, მოკლედ, ყველას თანდასწრებით, ვინც კი ცხოვრობდა ბაბილონში, მდინარე სუდის პირას.
5ისინი კი ტიროდნენ, მარხულობდნენ და ლოცულობდნენ უფლის წინაშე. 6შეკრიბეს ვერცხლი, ვისაც რამდენი შეეძლო, 7და გაუგზავნეს იერუსალიმში იოაკიმს, ხილკიას ძეს და შალუმის ბადიშს – მღვდელმთავარს, მღვდლებს და მთელ ხალხს, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა იერუსალიმში, 8როცა ბარუქმა მიიღო უფლის სახლიდან წამოღებული ჭურჭელი იუდას ქვეყანაში დასაბრუნებლად, სივანის თვის მეათე დღეს, – ეს იყო ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც გააკეთებინა იუდას მეფე ცედეკიამ, იოშიას ძემ, – 9მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ – ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იექონია, ისევე, როგორც მთავრები და ტყვეები, დიდებულები და იუდას ერი.
10და შეუთვალეს: აჰა, გიგზავნით ვერცხლს და ამ თანხით იყიდეთ საკლავი სრულადდასაწველისა და ცოდვის მსხვერპლისათვის, შეიძინეთ საკმეველი, გაამზადეთ ძღვენი და მიიტანეთ ჩვენი უფალი ღმერთის სამსხვერპლოზე. 11ილოცეთ ბაბილონის მეფის – ნაბუქოდონოსორის სიცოცხლისათვის და მისი ძის – ბელშაცარის სიცოცხლისათვის, რათა იყოს მათი დღენი, როგორც დღენი ცისა დედამიწაზე. 12და უფალი მოგვცემს ძალას, გაგვინათლებს თვალებს და ვიცხოვრებთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფისა, და ბელშაცარის, მისი ძის, ჩრდილქვეშ; დიდხანს ვეყმობით მათ და ვპოვებთ მადლს მათ წინაშე. 13ილოცეთ ჩვენთვისაც ჩვენი უფალი ღმერთის წინაშე, რადგანაც შევცოდეთ მას და დღევანდელ დღემდე გადმოდის მისი რისხვა და მძვინვარება ჩვენზე. 14წაიკითხეთ ეს წიგნი, რომელსაც გიგზავნით უფლის სახლში გამოსაცხადებლად დღესასწაულისა და საამისოდ განკუთვნილ დღეებში.
15და თქვით: სიმართლე ჩვენი უფლისა და ღმერთის ხელთაა, ჩვენ კი პირშერცხვენილნი ვართ, როგორც დღეს იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი, 16ჩვენი მეფეები და ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები, ჩვენი წინასწარმეტყველნი და ჩვენი მამები, 17რადგანაც ვცოდეთ უფლის წინაშე 18და არ დავემორჩილეთ მას, არ შევისმინეთ ჩვენი უფალი ღმერთის ხმა, რათა მივყოლოდით მის მიერ ბოძებულ მცნებებს. 19მას შემდეგ, რაც უფალმა ჩვენი მამა-პაპანი გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, დღევანდელ დღემდე ვეურჩებოდით ჩვენს ღმერთს და უფალს, და ნაკლებად გვადარდებდა ის ამბავი, რომ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას. 20ამიტომაცაა, რომ, დღევანდელი დღისა არ იყოს, გამუდმებით თანა გვდევს უბედურება და შეჩვენება, რაც აუწყა უფალმა მოსეს, მის მონა-მორჩილს, იმ დღეს, როცა ჩვენი მამა-პაპანი გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება. 21არ შევისმინეთ ჩვენი უფალი ღმერთის ხმა იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებში, რომელნიც მან მოგვივლინა, 22არამედ ყველანი ვიქცეოდით ჩვენი უკეთური გულის კარნახით, ვემსახურებოდით უცხო ღმერთებს და ბოროტებას ჩავდიოდით ჩვენი უფალი ღმერთის თვალთა წინაშე.

Currently Selected:

Baruch 1: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in