YouVersion Logo
Search Icon

2 Maccabees 5

5
1ამ დროისათვის ანტიოქოსმა მეორედ გაგზავნა ლაშქარი ეგვიპტეში. 2მოხდა ისე, რომ მთელ ქალაქს თითქმის 40 დღის მანძილზე ევლინებოდნენ ჰაერში მოჯირითე მხედრები, ოქროსფრად მოელვარე სამოსით მოსილნი და მეომრებივით შუბებით აღჭურვილნი. 3ცხენოსანთა მწყობრი რიგები, ორმხრივი შეტევანი და უკუქცევანი, ფარების ორომტრიალი, შუბთა ძგერება, გატყორცნილ ისართა სიმრავლე, ოქროცურვილი აბჯრისა და ნაირგვარ აღკაზმულობათა ბზინვარება. 4ყველანი ლოცულობდნენ, რომ კეთილად ამხდარიყო ეს ხილვა.
5მაგრამ როცა ხმა დაირხა, ანტიოქოსი აღესრულაო, იასონმა ათასამდე მეომარი შეკრიბა და მოულოდნელად თავს დაესხა ქალაქს; გალავანს თავზე მოექცნენ და ქალაქიც აღებულ იქნა; მენელაოსმა კი ციხესიმაგრეს შეაფარა თავი. 6იასონი დაუნდობლად დაერია და მუსრს ავლებდა თავის თანამოქალაქეებს; არც კი დაფიქრებულა, რომ თვისტომთა უბედურებით მოპოვებული ბედნიერება უაღრესი სვედავსილობაა, ეგონა მტერს არბევდა და არა თავის თანამემამულეებს. 7თუმცა ძალაუფლება მაინც ვერ ჩაიგდო ხელში, მისი ბოროტმზრახველობის შედეგი კი ის იყო, რომ ლტოლვილივით სამარცხვინოდ გაიქცა უკან და ამონელებს შეაფარა თავი. 8მის ბოროტებას ბოროტებითვე მიეგო: არაბეთის მბრძანებლის – არეტას წინაშე ბრალდებული ქალაქიდან ქალაქში დარბოდა თავშესაფრის საძებნელად, ყველასაგან დევნილი და მოძულებული, როგორც რჯულისაგან განდგომილი, და ბოლოს, სამშობლოსა და თანამოქალაქეთა საძულველ მტრად შერაცხილი, ეგვიპტეში განდევნეს. 9ის, ვინც ამდენი ხალხი განდევნა სამშობლოდან, თვითონ დაიღუპა უცხო მხარეში, როცა ლაკედემონიელებს მიადგა კარზე და იმედი ჰქონდა, რომ შორეული ნათესაობის წყალობით მათ შორის ჰპოვებდა თავშესაფარს. 10ვინც ამდენი ხალხი დატოვა დაუმარხავი, თვითონ დარჩა დაუტირებელი, არც წესის აგება ღირსებია და არც მამა-პაპეული სამარხი.
11როცა ყოველივე იმან, რაც მოხდა, მეფის ყურამდე მიაღწია, იფიქრა, იუდა განმიდგაო, გაშმაგებული დაიძრა ეგვიპტიდან და იერიშით აიღო ქალაქი. 12თავის მეომრებს უბრძანა, ვისაც კი მოიხელთებდნენ, არავინ დაენდოთ, სახლებშიაც შეჭრილიყვნენ და მოესრათ ხალხი. 13დაიწყო ახალგაზრდათა და მოხუცთა ჟლეტა, ჭაბუკების, ქალებისა და ბალღების ხოცვა, ქალწულთა და ჩვილთა გაწყვეტა. 14სამ დღეში 40 ათასი კაცი დაიღუპა: 40 ათასი – მკვლელების ხელით, არანაკლები გაყიდულ იქნა.
15მაგრამ ამას როდი დასჯერდა, მენელაოსის, რჯულისა და მამულის ამ გამყიდველის, მეგზურობით მთელი დედამიწის ზურგზე უწმიდეს ტაძარში შეჭრაც კი გაბედა. 16უკეთური ხელით იღებდა წმიდა ჭურჭელს და ამ ადგილის სადიდებლად სხვა მეფეთაგან შეწირულ ნივთებს უწმინდური შეხებით ბღალავდა. 17აღზევდა ანტიოქოსი თავისი ზრახვით და ვერ კი ხვდებოდა, რომ ღმერთი მცირე ხნით შემოსწყრა ქალაქის მკვიდრთ და ამის გამო აღარ მოხედა ამ ადგილს. 18ცოდვებში რომ არ ყოფილიყვნენ დანთქმულნი, მაშინ ანტიოქოსიც, სელევკოს მეფის მიერ საგანძურის დასათვალიერებლად ჰელიოდოროსის მსგავსად, მხოლოდ ტაძარში შეჭრას თუ შეძლებდა, მაგრამ სასტიკად დასჯილს მაშინვე გაუქრებოდა ძარცვის ხალისი. 19მაგრამ უფალმა ადგილისთვის კი არ ამოირჩია ხალხი, არამედ ადგილი – ხალხისთვის. 20ამიტომ ადგილიც იმ უბედურების თანაზიარი გახდა, ხალხს რომ დაატყდა თავს, ისევე, როგორც შემდეგ – უფლის კეთილისმყოფლობისა, და ბოლოს, ყოვლისმპყრობლის მიერ დროებით მიტოვებული, მთელი თავისი დიდებით აღდგა, როცა წყალობა მოიღო დიდმა მეუფემ.
21ასე გაიტაცა ანტიოქოსმა ტაძრიდან 1800 ტალანტი და ანტიოქიისაკენ გაეშურა; თავისი ზრახვით აღზევებულს სურდა ხმელეთი სანაოსნოდ ექცია, ზღვა კი – ფეხით სასიარულოდ. 22მოხელეებიც დატოვა ხალხის დასამონებლად: იერუსალიმში – ფილიპე, წარმომავლობით ფრიგიელი, ზნით კი თავის მბრძანებელზე სასტიკი და დაუნდობელი; 23გერიზიმში კი – ანდრონიკოსი და მათთან ერთად მენელაოსიც, სხვებზე უფრო სასტიკად რომ ექცეოდა მოსახლეობას და სძულდა იუდაელი მოქალაქენი; 24წარმოგზავნა საძულველი მთავარი აპოლონიოსი 22 ათასი მოლაშქრითურთ და უბრძანა მუსრი გაევლო ყველა ხანდაზმულისათვის, ქალები და ბავშვები კი გაეყიდა. 25როდესაც აპოლონიოსი იერუსალიმში ჩავიდა, თავი ისე დაიჭირა, თითქოს სამშვიდობოდ იყო მოსული, შაბათის წმიდა დღეს დაელოდა და როცა იუდაელები გულარხეინად დაიგულა, თავის მოლაშქრეებს უბრძანა იარაღი აესხათ. 26ამ სანახაობის საყურებლად გამოსულნი გაჟლიტა, ლაშქარი მიუსია ქალაქს და მუსრი გაავლო უამრავ ხალხს.
27ხოლო იუდა მაკაბელი, მეათე თავის გვარში, უდაბნოში გაიხიზნა თავის თანამდგომებთან ერთად, ნადირივით მთა იარჩია სამყოფლად, საზრდოდ კი – ბალახ-ბულახი, რომ უწმინდურებას არ გაჰკარებოდა.

Currently Selected:

2 Maccabees 5: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in