2 Maccabees 3
3
1როდესაც წმიდა ქალაქში სრული სიმშვიდე სუფევდა და მღვდელმთავარ ონიასის ღვთისმოსაობისა და ბოროტმოძულეობის წყალობით რჯულსაც მტკიცედ იცავდა ხალხი, 2მაშინ თვით მეფენიც კი პატივს მიაგებდნენ ამ ადგილს და საწმიდარსაც საგანგებო ძღვნით განადიდებდნენ, 3ასე რომ, თვით სელევკოსიც, აზიის მეფე, არ იშურებდა სახსრებს თავისი შემოსავლიდან მსხვერპლშეწირვისა და ღვთისმსახურებისათვის.
4მაგრამ ვინმე სიმონმა, ბენიამინის ტომიდან, ქალაქის კანონმდებლობის თაობაზე დავა დაუწყო მღვდელმთავარს, 5მაგრამ რაკი ონიასს ვერაფერი დააკლო, აპოლონიოს თარსუსელს ეახლა, კოილე-სირიისა და ფინიკიის მაშინდელ სარდალს, 6და მოახსენა, რომ იერუსალიმის საგანძური სავსეა ფულითა და სხვა ურიცხვი განძეულობით, რომ მთელი ეს სიმდიდრე მსხვერპლშეწირვისთვისაა განკუთვნილი და მეფეს სულ ადვილად შეუძლია ჩაიგდოსო ხელში. 7აპოლონიოსი მეფეს შეხვდა და მოახსენა დაფარული განძის ამბავი, ხოლო მეფემ თავისი კარისკაცი ჰელიოდოროსი დაიბარა და განძის წამოსაღებად გაგზავნა. 8ჰელიოდოროსი დაუყოვნებლივ გაუდგა გზას, ვითომცდა კოილე-სიირისა და ფინიკიის ქალაქების მოსანახულებლად; სინამდვილეში კი მხოლოდ მეფის ბრძანების შესრულება სურდა.
9იერუსალიმში ჩასული გულთბილად მიიღო ქალაქის მღვდელმთავარმა, რომელსაც მეფის დანაბარები აუწყა და განუცხადა, რისთვისაც იყო გამოგზავნილი; თანაც ეკითხებოდა, მართალი იყო თუ არა განძის ამბავი. 10მღვდელმთავარმა აუხსნა: ეს ქონება ქვრივ-ობლებისაგან მაქვს მობარებული, 11ხოლო ნაწილი ერთი წარჩინებული კაცის – ჰირკანოსის, ტობიას ძის, საკუთრებააო; ჩვენთან სულ 400 ტალანტი ვერცხლი და 200 ტალანტი ოქრო ინახება, ასე რომ, უკეთურმა სიმონმა ცილი დაგვწამაო; 12ხოლო იმათი დაჩაგვრა, ვინც ამ წმიდა ადგილსა და თავისი სიწმიდითა და შეუვალობით მთელი დედამიწის ზურგზე პატივდებულ ტაძარს მიენდო, ყოვლად დაუშვებელიაო.
13მაგრამ ჰელიოდოროსი დაჟინებით მოითხოვდა მეფის ბრძანების ასრულებას და ამბობდა, მთელი ეს სიმდიდრე მეფის საგანძურს უნდა გადაეცესო. 14დათქმულ დღეს შევიდა ტაძარში საგანძურის დასათვალიერებლად, რამაც ქალაქში დიდი მღელვარება გამოიწვია. 15სამღვდელო სამოსით მოსილი მღვდლები სამსხვერპლოს წინ დაემხნენ და ზეცას შეჰღაღადებდნენ, რომ მას, ვინც ტაძრისათვის მიბარებული განძის ხელშეუხებლობა დადო წესად, უვნებლად დაეცვა იგი. 16გული მოგიკვდებოდა მღვდელმთავრის სახის შემყურეს: სულიერ ტანჯვას მთელი მისი იერი და კანის ფერიც კი შეეცვალა. 17საშინელებით შეძრწუნებულს მთელი სხეული უცახცახებდა, რაც თვალნათლივ უმჟღავნებდა ყველას, რა ტკივილსაც მოეწყლა მისი გული. 18სახლებიდან ჯგროდ გამორბოდა ხალხი და ყველა ერთხმად შესთხოვდა ღმერთს, წაბილწვისგან დაეფარა წმიდა ადგილი. 19ქუჩები ვეღარ იტევდნენ ქალებს, ჯვალო რომ აეკრათ მკერდზე; სახლებში გამოკეტილ ქალწულთაგან კი ზოგი კარისკენ გარბოდა, ზოგი გალავანზე ამძვრალიყო, ზოგიც სარკმლებიდან იყურებოდა. 20და ყველა ლოცულობდა ცისკენ ხელაპყრობილი 21გულსაკლავი სანახავი იყო პირქვე დამხობილი ხალხი და საშინელების მოლოდინში გახევებული მღვდელმთავარი. 22გულმხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, ხელუხლებლად დაეცვა და დაეფარა მათგან მიბარებული განძი. 23ჰელიოდოროსი კი განზრახვის შესრულებას შეუდგა. 24ის იყო შუბოსნების თანხლებით საგანძურში უნდა შესულიყო, რომ სულთა და ყოველთა ძალთა მპყრობელმა დიადი ხილვა მოუვლინა მათ: ყველას, ვინც მასთან ერთად გაბედა შესვლა, თავზარი დასცა ღვთის ძალამ და შიშისაგან ცნობა წაართვა, 25რადგანაც ეჩვენა მათ საუცხოოდ შეკაზმული ცხენი საშინელი მხედრითურთ, ფიცხლად მიეჭრა ჰელიოდოროსს და წინა ფლოქვები ატაკა მას, ხოლო მხედარს, როგორც ჩანდა, თხემით ტერფამდე ოქროს საჭურველი ესხა. 26ორი სხვა ჭაბუკიც ეჩვენა ჰელიოდოროსს, ორივე ძალგულოვანი, პირმშვენიერი და სალუქად მოსილი, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ, შოლტებით მისდგნენ და წყლულებით აუფორეჯეს მთელი სხეული. 27ანაზდეულად გაიშხლართა მიწაზე და წყვდიადმა მოიცვა იგი; აიტაცეს და საკაცეზე დადეს. 28ის, ვინც სულ ცოტა ხნის წინ დიდი ამალითა და შუბოსანთა თანხლებით შევიდა საგანძურში, ახლა უმწეოდ მდებარე გამოასვენეს, აშკარად რომ ეწვნია ღვთის ყოვლისმძლეობა. 29ღვთაებრივი ძალით დამხობილს და უხმოდ მდებარეს ხსნის ყოველგვარი იმედი გადასწყვეტოდა. 30ხალხი კი ქება-დიდებას ასხამდა უფალს, თავისი სახლი რომ განადიდა, და ცოტა ხნის წინ შიშითა და ძრწოლით სავსე ტაძარი ახლა, ყოვლისმძლის გამოცხადებით, სიხარულითა და შვებით აღივსო. 31მაშინ ჰელიოდოროსის რამდენიმე ახლობელი ეახლა ონიასს და სთხოვა, უზენაესს შევედრებოდა, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა სულთმობრძავისთვის. 32მღვდელმთავარიც შეკრთა, ვაითუ მეფემ იფიქროს, იუდაელები ბოროტს განიზრახავენ ჰელიოდოროსის წინააღმდეგო და მსხვერპლი შესწირა მის გადასარჩენად. 33გამოსასყიდ მსხვერპლს რომ სწირავდა, ის ორი ჭაბუკი, იმავე სამოსით მოსილი, კვლავ მოევლინა ჰელიოდოროსს; მის წინაშე წარსდგნენ და უთხრეს: „მადლი მიაგე მღვდელმთავარ ონიასს, რადგანაც მისი წყალობით გაჩუქა სიცოცხლე უფალმა. 34შენ კი, ღვთის მიერ დასჯილო, ყველას აუწყე მისი ძალმოსილება.“ ეს თქვეს და გაუჩინარდნენ.
35ჰელიოდოროსმა კი მსხვერპლი შესწირა უფალს, მრავალი რამ აღუთქვა მის მხსნელს, მადლი მიაგო ონიასს და თავისი მეომრებითურთ მეფესთან დაბრუნდა. 36და მოწმობდა ყველას წინაშე, რომ თავისი თვალით იხილა უზენაესი ღმერთის ქმედება. 37ხოლო მეფეს კითხვაზე, ვინ შეიძლება ერთხელ კიდევ გავგზავნო იერუსალიმშიო, ამნაირ პასუხს აძლევდა: 38„თუ მტერი გყავს, ან შენი მეუფების ურჩი, გაგზავნე და ნახავ, რა გაუბედურებულიც დაგიბრუნდება, თუკი საერთოდ ცოცხალი დარჩა, რადგანაც იმ ადგილას ჭეშმარიტად ღვთის ძალა სუფევს. 39თვით ცის მკვიდრია იმ ადგილის მფარველი, და ვინც უკეთური ზრახვით მივა, დაამხობს და მზეს დაუბნელებს.“ 40აი, რა შეემთხვა ჰელიოდოროსს და როგორ გადარჩა საგანძური.
Currently Selected:
2 Maccabees 3: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013