YouVersion Logo
Search Icon

2 Maccabees 12

12
1მას შემდეგ, რაც შეთანხმება მიღწეულ იქნა, ლისიასი მეფესთან დაბრუნდა, იუდაელებმა კი მიწის დამუშავებას მიჰყვეს ხელი.
2მაგრამ იქაური სარდლები – ტიმოთე და აპოლონიოსი, გენეოსის ძე, ისევე, როგორც ჰიერონიმოსი და დემოფონი, აგრეთვე ნიკანორი, კვიპროსის მმართველი, საშუალებას არ აძლევდნენ მათ მშვიდად და უზრუნველად ეცხოვრათ. 3იაფოელებმა კი, აი, რა უღვთო საქმე ჩაიდინეს: მეზობლად მოსახლე იუდაელებს შესთავაზეს თავიანთი ცოლ-შვილითურთ ჩამსხდარიყვნენ მათ მიერ დამზადებულ ნავებში, თითქოს მათდამი უკეთური ზრახვა არ ჰქონოდათ გულში. 4და როცა ისინი დათანხმდნენ, რაკიღა მშვიდობა სურდათ და გულში ეჭვიც არ გაუვლიათ, მაშინ იაფოელებმა, ქალაქის საერთო გადაწყვეტილებით, ზღვაში გასვლისთანავე ჩაძირეს ყველა, არანაკლებ 200 კაცისა. 5თვისტომთა მიმართ ჩადენილი ამ გულმხეცობის ამბავი რომ გაიგო, იუდამ თავის თანამდგომთ აუწყა ეს. 6მოუხმო ღმერთს, მართლად გამრიგე მსაჯულს, და თავს დაესხა ძმათა მკვლელებს. ნავსადგური ცეცხლს მისცა ღამით და დაწვა ნავები, ხოლო საშველად მოცვივნილ ხალხს მუსრი გაავლო. 7მაგრამ რაკი ეს ადგილი ჩაკეტილი იყო, იუდამ დატოვა იგი. გადაწყვეტილი ჰქონდა კვლავ მობრუნებულიყო და ერთიანად ამოეწყვიტა იაფოელები. 8ისიც შეიტყო, რომ იამნიელებს გადაეწყვიტათ იგივე დღე დაეწიათ იქ მოსახლე იუდაელებისათვის. 9ამიტომ ღამით თავს დაესხა იამნიელებს და ნავებთან ერთად ცეცხლს მისცა მათი ნავსადგურიც. ასე რომ, ცეცხლის ალი იერუსალიმიდან 240 სტადიონის მანძილზე ჩანდა.
10ტიმოთეს წინააღმდეგ დაძრულებს 9 სტადიონის მანძილზე არაბები დაესხნენ თავს, 5 ათასამდე ქვეითი და 500 მხედარი. 11გააფთრებულ ბრძოლაში იუდას თანამდგომემბმა ღვთის შეწევნით გამარჯვებას მიაღწიეს; მაშინ დამარცხებულმა მომთაბარე არაბებმა ზავის დადება სთხოვეს იუდას და აღუთქვეს, ჯოგს მოგგვრით და სხვა საქმეშიაც შეგეწევითო. 12იუდამაც გაითვალისწინა, რომ მათ მართლაც შეეძლოთ დიდი შემწეობა აღმოეჩინათ, და დაზავებაზე დათანხმდა; დაზავების შემდეგ კი თავ-თავიანთ ბანაკებს მიაშურეს.
13გარდა ამისა, იუდა თავს დაესხა მტკიცე ხიდებითა და გალავნით გამაგრებულსა და სხვადასხვა ტომებით დასახლებულ ქალაქს, რომელსაც კასპინი ერქვა სახელად. 14მტკიცე გალავნითა და სურსათ-სანოვაგის მარაგით გულმოცემული ქალაქის მკვიდრნი ძალზე თავხედურად იქცეოდნენ, აგინებდნენ იუდას, ღმერთს გმობდნენ და ბილწსიტყვაობდნენ. 15მაშინ იუდას მოლაშქრეებმა სამყაროს დიდ მბრძანებელს შესთხოვეს შველა, რომელმაც იესოს დროს კედელსანგრევი მანქანებისა და იარაღის გარეშე შემუსრა იერიხო, და გააფთრებით შეუტიეს გალავანს. 16ღვთის შეწევნით აიღეს ქალაქი და დაიწყო საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ასე რომ, ახლომდებარე ტბა, ორი სტადიონის სიგანე რომ ჰქონდა, სისხლის საგუბარი გეგონებოდათ.
17იქიდან წამოსულები, 750 სტადიონი რომ გამოიარეს, ქარაქსში, ეგრეთ წოდებულ, ტუბიან იუდაელებს მიადგნენ. 18მაგრამ ტიმოთეს მოხელთება ვერ შეძლეს, რომელიც ისე გაშორებოდა იქაურობას, რომ ვერაფრის გაკეთება მოესწრო, თუმცა ერთგან ძალიან ძლიერი დაცვა კი დაეტოვებინა. 19ამიტომაც დაიძრნენ დოსითეოსი და სოსიპატროსი, მაკაბელთა სარდლები, და მუსრი გაავლეს ტიმოთეს მიერ დატოვებულ მეციხოვნეებს – 10 ათასზე მეტ კაცს. 20მაკაბელმა კი რაზმებად დაყო თავისი ლაშქარი, რომლებსაც სათავეში ჩაუყენა ისინი, და ტიმოთეს 120 ათას ქვეითსა და 2500 მხედარზე მიიტანა იერიში. 21იუდას მოახლოება რომ გაიგო, ტიმოთემ ქალები, ბავშვები და ლაშქრის მთელი აღალი, ეგრეთ წოდებულ, კარნიონში გახიზნა, რადგანაც ძნელი იყო მტერს ალყაში მოექცია ეს სიმაგრე მისი ადგილმდებარეობის სივიწროვის გამო. 22როდესაც იუდას პირველი რაზმი გამოჩნდა, მტერს თავზარი დასცა და შეაძრწუნა ყოვლისმხილველის ხილვამ: უწესრიგოდ უკუიქცნენ და მიმოიფანტნენ, ასე რომ, უმეტესწილად ერთმანეთს ხოცავდნენ და ძირს ცვიოდნენ თავიანთი ბასრი მახვილით განგმირულნი. 23იუდა ფეხდაფეხ მისდევდა მტერს, დაუნდობლად ჟლეტდა უწმიდურთ და მუსრი გაავლო 30 ათასამდე კაცს.
24თვით ტიმოთე ხელში ჩაუვარდა დოსითეოსისა და სოსიპატროსის მეომრებს და ათასგვარი ხრიკებით ცდილობდა თავი დაეხსნა, რადგანაც მის ხელთ იყო მრავალი იუდაელის მამა თუ ძმა, რომლებსაც არ დაინდობდნენ, თუკი ტიმოთეს მოკლავდნენ. 25იმდენი იფიცა, ტყვეებს უვნებლად დაგიბრუნებთო, რომ მათაც გაუშვეს, რათა ამ გზით ეხსნათ თავიანთი მოძმენი.
26შემდეგ იუდა კარნაიმისა და ატარგატისის წინააღმდეგ დაიძრა და მუსრი გაავლო 25 ათას კაცს. 27მას შემდეგ, რაც დაამარცხა და დაიმორჩილა ისინი, გამაგრებულ ქალაქ ეფრონს, ლისიასისა და მრავალი სხვადასხვა ტომის საცხოვრისს, მიადგა: ქალაქის გალავანთან მედგრად იბრძოდნენ მხნე ჭაბუკები, იქვე იარაღისა და ისრების დიდი მარაგი იყო. 28მაგრამ იუდაელებმა ყოვლისმძლეს შესთხოვეს, თავისი ძალმოსილებით მტერთა მმუსვრელს, აიღეს ქალაქი და მუსრი გაავლეს შიგ გამაგრებულ 25 ათასამდე კაცს.
29იქიდან წამოსულები თავს დაესხნენ სკვითოპოლისს, რომელიც იერუსალიმიდან 60 სტადიონითაა დაშორებული. 30მაგრამ რაკი იქაური იუდაელები ირწმუნებოდნენ, სკვითოპოლისელები კეთილად არიან განწყობილნი ჩვენდამი და გასაჭირში ხელს გვიმართავენო, 31ამიტომ მადლი მოახსენეს და სთხოვეს მათ, მომავალშიც ასევე კეთილად ყოფილიყვნენ განწყობილნი მათი მოდგმის მიმართ; მერე კი იერუსალიმისაკენ გამოემართნენ, რადგანაც შვიდეულთა დღესასწაული ახლოვდებოდა.
32ხოლო ორმოცდაათობის დღესასწაულის შემდეგ იდუმეელთა სარდლის – გორგიასის წინააღმდეგ დაიძრნენ. 33იუდას 3 ათასი ქვეითი და 400 ცხენოსანი ჰყავდა. 34როდესაც ერთმანეთს შეებნენ, იუდაელთა მცირე ნაწილი დაეცა ბრძოლის ველზე. 35ხოლო ვინმე დოსითეოსმა, ბაკენორის ერთ-ერთმა ხელქვეითმა, მხედარმა და მხნე კაცმა, შეიპყრო გორგიასი, მოსასხამში ჩაავლო ხელი და მძლავრად მოქაჩა, რომ ეს წყეული ცოცხლად დაეტყვევებინა, მაგრამ დოსითეოსს თავს დაესხა ერთი თრაკიელი მხედარი და მხარი ჩამოათალა, გორგიასი კი მარისაში გაიქცა.
36ხოლო როდესაც ესდრის მოლაშქრენი ხანგრძლივი ბრძოლით დაიქანცნენ, იუდამ მწედ მოუხმო უფალს, რომ წინ წასძღოლოდა იუდაელებს. 37მშობლიურ ენაზე დააგუგუნა საგალობელი, მერე საბრძოლო ყიჟინა დასცა, თავს დააცხრა გორგიასს და უკუაქცია მისი ლაშქარი.
38შემდეგ თავისი მეომრებითურთ ქალაქ ყადულამისაკენ აიღო გეზი, და რაკი მეშვიდე დღე დგებოდა, ჩვეულებისამებრ განიწმიდნენ და ისე იზეიმეს შაბათი.
39მეორე დღეს იუდას მოლაშქრენი წავიდნენ, როგორც მოითხოვდა მოვალეობა, რათა ბრძოლაში დაცემულთა ცხედრები წამოესვენებინათ და მშობლიურ სამარხებში დაეკრძალათ მათი ნათესავების გვერდით. 40თითოეულ მოკლულს ქიტონის ქვეშ იამნიელთა კერპებისათვის შეწირული ნივთები აღმოუჩინეს, რამაც ყველასათვის ცხადი გახადა, თუ რამ დაღუპა ისინი. 41ასე რომ, ყველამ ადიდა მართლმსაჯულება უფლისა, რომელიც განაცხადებს დაფარულს. 42ლოცვა დაიწყეს და ევედრებოდნენ უფალს, სრულიად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. კეთილშობილი იუდა კი შეაგონებდა ხალხს, გარიდებოდნენ ცოდვას, რაკიღა თავიანთი თვალით ნახეს, რა დღეც დაადგათ დაცემულთ. 43თითოეულ სულზე 2 ათასი დრაქმა შეკრიბა და იერუსალიმს გაგზავნა, რათა მსხვერპლი შეეწირათ ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად: ეს იყო მართლაც ღირსეული და საღვთისმოსაო ქცევა, რაკიღა აღდგომაზე ფიქრობდა. 44ბრძოლაში დაღუპულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა, ფუჭად და ზედმეტად მიიჩნევდა მიცვალებულთათვის ლოცვას. 45მაგრამ სწამდა, რომ ყველას, ვინც ღვთისმოსაობაში აღესრულა, დიდებული საზღაური ელის. რა წმიდაა და ღვთაებრივი ამაზე ფიქრი! – ამიტომაც შეწირა შესანდობარი მსხვერპლი, რათა ცოდვები მიეტევებინა მიცვალებულთათვის.

Currently Selected:

2 Maccabees 12: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in