YouVersion Logo
Search Icon

2 Corinthians 1

1
1პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის ნებით, და ძმა ტიმოთე – ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად: #საქ 18:1. 2მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
3კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ყოველი ნუგეშის ღმერთი, 4ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. 5რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი მრავლობს ჩვენში, ასევე მრავლობს ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ. 6თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს; თუ ნუგეშცემულნი ვართ, თქვენს გასამხნევებლად ვართ ნუგეშცემულნი, რათა შესძლოთ დაითმინოთ იგივე სატანჯველნი, რომლებითაც ჩვენც ვიტანჯებით. 7მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგან ვიცით, რომ, როგორც ჩვენს სატანჯველთა თანამონაწილენი ხართ, ასევე ნუგეშისცემის თანამონაწილენიც იქნებით.
8რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირის შესახებ, რაც ასიაში გადავიტანეთ, რომ უფრო მეტად დაგვიმძიმდა, ვიდრე ამის ატანა შეგვეძლო. #1კო 15:32. 9მაგრამ ჩვენ თავად გვქონდა ჩვენში სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს, 10და რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და გვიხსნის მუდამ, და რომლის იმედიც გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის, 11თქვენს მიერ ჩვენთვის აღვლენილი ლოცვით, რათა მრავალმა შესწიროს მადლობა ჩვენს გამო, იმ მადლისათვის, რომელიც მრავალთა ლოცვით მოგვენიჭა.
12რადგან ეს ჩვენი ქადილი არის ჩვენი სინდისის მოწმობა, რომ ჩვენ ღვთაებრივი სიწმიდით და გულწრფელობით დავდიოდით ამქვეყნად. განსაკუთრებით თქვენთან – არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღმერთის მადლით. 13რადგან სხვას არაფერს გწერთ თქვენ, თუ არა იმას, რასაც კითხულობთ და შეიცნობთ, და ვიმედოვნებ, ბოლომდე შეიცნობთ. 14როგორც უკვე ნაწილობრივ შეგვიცანით ჩვენ, რომ ჩვენი უფლის იესოს დღეს ჩვენ თქვენთვის სასიქადულონი ვიქნებით, ისევე როგორც თქვენ ჩვენთვის.
15და ამ ნდობით მინდა ჯერ თქვენთან მოსვლა, რათა მეორედ მიიღოთ მადლი, 16და თქვენგან გავლით წავიდე მაკედონიაში, ხოლო მაკედონიიდან კვლავ თქვენთან დავბრუნდე და თქვენ გამისტუმროთ იუდაში. #საქ 19:21. 17ნაჩქარევი ხომ არ იყო ეს ჩემი განზრახვა? ან იქნებ, რაც განვიზრახე, ხორციელად განვიზრახე? ასე რომ, ჩემი „ჰო, ჰო“ იგივეა, „რაც არა, არა?“ 18ღმერთია მოწმე: ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ „ჰო და არა“ არ ყოფილა, 19რადგან ღმერთის ძე, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილოვანე და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც და არაც,“ არამედ ყოველთვის „ჰო“ იყო ქრისტეში. #საქ 18:5. 20რადგან ღმერთის ყველა აღთქმა ქრისტეში „ჰო“ არის და ქრისტეში ვამბობთ „ამინს“ ღმერთის სადიდებლად. 21ღმერთია ის, ვინც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და ვინც გვცხო ჩვენ, 22მან აღგვბეჭდა კიდეც და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი.
23და მე მოვუხმობ ღმერთს ჩემი სიცოცხლის მოწმედ, რომ თქვენ გზოგავდით და აქამდე ამიტომ არ მოვდიოდი კორინთოში. 24არ გვინდა, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ თქვენი სიხარულის ხელშემწყობნი ვართ, რადგან რწმენაში მტკიცედ დგახართ.

Currently Selected:

2 Corinthians 1: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in