YouVersion Logo
Search Icon

1 Peter 1

1
1პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, რჩეულ ხიზნებს პონტოს, გალატიის, კაპადოკიის, ასიისა და ბითვინიის განთესილობაში, 2რჩეულებს მამა ღმერთის განგებით, სულის მიერ განწმედით – იესო ქრისტესთვის მორჩილებისა და მისი სისხლის პკურებისათვის – მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ.
3კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით ხელახლა გვშვა ცოცხალი იმედისათვის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით, 4უხრწნელ, შეუბილწავ და უჭკნობ მემკვიდრეობად, რომელიც ცაშია შენახული თქვენი, 5ღმერთის ძალაში რწმენით დაცულების ხსნისათვის, რომელიც გამზადებულია უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად. 6ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ მრავალგვარ განსაცდელში, 7რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა – უფრო ძვირფასი, ვიდრე ხრწნადი ოქრო, რომელიც ცეცხლში გამოიცდება – ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას. 8ის, ვინც არ გინახავთ – გიყვართ, ვისაც ვერ ხედავთ – გწამთ, და ხარობთ გამოუთქმელი და დიდებული სიხარულით, 9რადგან აღწევთ რწმენის მიზანს – სულების ხსნას.
10ამ ხსნას ეძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენთვის განკუთვნილ მადლს გიწინასწარმეტყველებდნენ. 11იკვლევდნენ, რომელ და როგორ ჟამზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ ამოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და შემდგომ დიდებას. 12რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ ციდან მოვლინებული წმიდა სულით თქვენს მახარებელთაგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
13ამიტომ მოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებისას. 14როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს, 15არამედ იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. 16რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.“ #ლევ 11:44,45; 19:2.
17თუ მამას უწოდებთ მას, ვინც მიუკერძოებლად განიკითხავს თითოეულს საქმეთა მიხედვით, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის ხანი. 18რაკი იცით, რომ ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი კი არა ხართ გამოსყიდულნი მამათაგან მემკვიდრეობით მიღებული ამაო გზიდან, 19არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა, 20რომელიც სამყაროს შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის, 21რომელთაც მისი მეშვეობით იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღმერთის იმედი.
22რაკი ჭეშმარიტებისადმი დამორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები არათვალთმაქცი ძმათმოყვარეობისათვის, სუფთა გულით მტკიცედ შეიყვარეთ ერთმანეთი. 23როგორც ხელახლად შობილებმა არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღმერთის ცოცხალი და მარადმყოფი სიტყვის მიერ. 24რადგან ყოველი ხორციელი ბალახივითაა და ყოველი მისი დიდება ბალახის ყვავილივითაა. ბალახი ხმება და ყვავილიც სცვივა. #ესა 40:6-8. 25ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ სუფევს. ხოლო ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.

Currently Selected:

1 Peter 1: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in