1 Maccabees 9
9
1როცა დემეტრიოსმა გაიგო, რომ ნიკანორი და მისი მოლაშქრენი ბრძოლაში დაეცნენ, გადაწყვიტა ხელახლა წარეგზავნა ბაკქიდესი და ალკიმოსი იუდას ქვეყანაში, მარჯვენა ფრთასთან ერთად. 2გალგალის გზით გაემართნენ და არბელაში, მესალოთთან, დაიბანაკეს; აიღეს ის და უამრავი ხალხი გაწყვიტეს. 3ასორმოცდამეთორმეტე წლის პირველ თვეში იერუსალიმთან დაიბანაკეს, 4მაგრამ მალე აიყარნენ და 20 ათასი ქვეითითა და 2 ათასი ცხენოსნით ბერეასაკენ აიღეს გეზი.
5ხოლო იუდა 3 ათასი რჩეული მეომრით ელასაში იდგა. 6ლაშქრის სიმრავლე რომ დაინახეს, თავზარი დაეცათ და ბევრი გაიპარა ბანაკიდან; რვაას კაცზე მეტი აღარ დარჩენილა იქ.
7დაინახა იუდამ, რომ გაიფანტა მისი ლაშქარი და გული შეუკრთა, რადგანაც დრო აღარ ჰქონდა, რომ თავი მოეყარა მათთვის. 8დამწუხრებულმა უთხრა დარჩენილთ: ავდგეთ და ვეკვეთოთ მტერს, იქნებ შევიძლოთ მათთან ბრძოლა. 9მაგრამ მათ შორს დაიჭირეს და უთხრეს: ვერა, ვერ შევძლებთ; იქნებ თავს მაინც ვუშველოთ; მერე ჩვენს ძმებთან ერთად მოვბრუნდებით და შევებმით მტერს; ახლა კი ძალზე ცოტანი ვართ. 10მაშინ იუდამ თქვა: ღმერთმა ნუ ქნას, რომ მტერს გავექცეთ; თუ ჩვენმა ჟამმა მოაწია, ვაჟკაცურად მაინც დავდოთ თავი ჩვენი ძმებისთვის და სააუგოდ ნურავის მივცემთ ჩვენს სახელს.
11დაიძრა ლაშქარი და მათ პირისპირ განეწყო; მხედრობა ორად განაწილდა, ხოლო ჯარს მეშურდულენი, მშვილდოსნები და რჩეული მეომრები უძღოდნენ წინ. 12ბაკქიდესი მარჯვენა ფრთაზე იდგა; ორივე მხრიდან ბუკ-ნაღარით ახლოვდებოდნენ რაზმები. 13იუდას მეომრებმაც ჩაჰბერეს საყვირს; მიწა შეაზანზარა ჯარების დგრიალმა და დილიდან საღამომდე გაგრძელდა გააფთრებული ბრძოლა.
14როცა დაინახა იუდამ, რომ ბაკქიდესი თავისი ლაშქრის რჩეული მეომრებით მარჯვენა ფრთაზე იბრძოდა, გარს შემოიკრიბა ყველაზე მხნე მებრძოლები, 15რომლებმაც დაამარცხეს მარჯვენა ფრთა და აზოტის მთამდე მისდიეს უკუქცეულთ. 16მარცხენა ფრთაზე მყოფებმა რომ დაინახეს, მარჯვენა ფრთა დამარცხდაო, შემოტრიალდნენ და ზურგიდან გამოენთნენ იუდას და მის მეომრებს. 17გაიმართა ფიცხელი ბრძოლა და მრავალი დაჭრილი დაეცა ორივე მხრიდან. 18დაეცა იუდაც, დანარჩენები კი უკუიქცნენ.
19აიყვანეს იონათანმა და სიმონმა იუდა, მათი ძმა, და მოდეინში, მამა-პაპათა სამარხში დამარხეს. 20დასტიროდა და მდუღარე ცრემლით გლოვობდა მთელი ისრაელი; დიდხანს მოსთქვამდნენ და ამბობდნენ:
21„როგორ დაეცა ძლიერი მხსნელი ისრაელისა?!“ 22ხოლო იუდას მიერ გადახდილი დანარჩენი ომები, მისი საგმირო საქმენი და სიდიადე კი, მათი სიმრავლის გამო აღუწერელი დარჩა.
23იუდას სიკვდილის შემდეგ მთელს ისრაელში გამოჩნდნენ ურჯულონი და წამოიშალნენ უსამართლობის მოქმედნი. 24სწორედ იმ ხანად ჩამოვარდა დიდი შიმშილობა და ქვეყანა მიემხრო მათ. 25ბაკქიდესმა ამოარჩია უღვთონი და დაადგინა ისინი მხარეთა გამგებლებად. 26ეძებდნენ და სდევნიდნენ იუდას მეგობრებს და ბაკქიდესთან მიჰყავდათ ისინი, შურისძიების მიზნით აბუჩად რომ იგდებდნენ მათ. 27და დიდმა მწუხარებამ დაისადგურა ისრაელში, რომლის მსგავსიც აღარ ყოფილა მას შემდეგ, რაც ქვეყანას აღარ მოვლენია წინასწარმეტყველი.
28მაშინ შეიკრიბა იუდას ყველა მოკეთე და უთხრეს იონათანს: 29მას შემდეგ, რაც დაიღუპა იუდა, შენი ძმა, აღარ გამოჩენილა მისებრი კაცი, რომ ადგეს და მტრების, ბაკქიდესსა და ჩვენი ხალხის მოძულეთა წინააღმდეგ გაილაშქროს. 30ასე რომ, დღეიდან შენ აგვირჩევიხარ მის ნაცვლად, რათა გვსარდლობდე და წინ მიგვიძღოდე ბრძოლებში. 31მაშინ ჩაიბარა იონათანმა წინამძღოლობა და დადგა თავისი ძმის – იუდას ნაცვლად.
32შეიტყო ეს ბაკქიდესმა და ცდილობდა მოეკლა იგი. 33ეს რომ გაიგეს, იონათანი, მისი ძმა სიმონი და მათი თანამდგომნი თეკოას უდაბნოში გაიქცნენ და ასფარის ტბის წყალთან დაბანაკდნენ. 34შეიტყო ეს ბაკქიდესმა შაბათ დღეს და თავისი ლაშქრითურთ იორდანეს გაღმა გავიდა.
35იონათანმა კი თავისი ძმა, ხალხის წინამძღოლი, გაგზავნა და თავის მეგობარ ნაბათელებს სთხოვა, საომრად გადადებული დიდძალი მარაგი შეგვინახეთო. 36მაგრამ გამოვიდნენ მედებადან იამბრის ძენი, შეიპყრეს იოანე, ჩამოართვეს ყველაფერი, რაც ჰქონდა, და დატვირთულნი წავიდნენ.
37ამ ამბის შემდეგ იონათანს და მის ძმას სიმონს აცნობეს, რომ იამბრის ძენი დიდებულ ქორწილს იხდიდნენ და ნადაბათიდან დიდი მაყრიონით მოჰყავდათ სასძლო, ერთი წარჩინებული ქანაანელი ასული. 38მაშინ გაიხსენეს თავიანთი ძმის – იოანეს სისხლი, გამოვიდნენ და მთაში ჩასაფრდნენ. 39გაიხედეს და დაინახეს: აჰა, ერთი აურზაური და უამრავი მზითევი; შესაგებებლად გამოვიდა სიძეც, თავის მეგობრებსა და ძმებთან ერთად, დაფდაფებით, საკრავებითა და დიდძალი საჭურვლით. 40მაშინ გამოცვივდნენ საფარიდან, თავს დაესხნენ მათ და დახოცეს; ბევრი დაეცა განგმირული; დანარჩენებმა კი მთისკენ მოუსვეს, და მოხვეტეს მთელი ნადავლი. 41ქორწილი გლოვად იქცა და მუსიკის ხმა – გოდებად. 42აიღეს თავიანთი ძმის სისხლი და იორდანეს ჭანჭრობებისაკენ გაბრუნდნენ.
43ეს რომ ბაკქიდესმა გაიგო, შაბათ დღეს დიდძალი ლაშქრით მიადგა იორდანეს ნაპირს. 44მაშინ იონათანმა მიმართა თავის თანამდგომთ: ავდგეთ და ვიბრძოლოთ ჩვენი სიცოცხლისათვის, რადგანაც დღეს სხვა დროა, ვიდრე გუშინ ან გუშინწინ იყო. 45აჰა, მტერი მოგვდგომია წინიდანაც და ზურგიდანაც, აქეთ-იქით იორდანეს წყალი გვაკრავს, ირგვლივ – ჭანჭრობი და ჭალა, ასე რომ, ვერც მოვბრუნდებით. 46მაშ, ახლა ცას შეჰღაღადეთ, ვინძლო დაგვიხსნას მტრის ხელიდან. 47გაჩაღდა ბრძოლა და იონათანმა ბაკქიდესის მოსაკლავად შემართა ხელი, მაგრამ ის დაუსხლტა და უკან დაიხია. 48შეტოპეს იონათანმა და მისმა თანამდგომებმა იორდანეში და გაღმა გავიდნენ, მტერს კი არ გადაულახავს იორდანე. 49ბაკქიდესის მხრიდან დაეცა იმ დღეს ათასამდე კაცი.
50დაბრუნდა იერუსალიმში ბაკქიდესი და ააშენა ციხე-ქალაქები იუდაში: ციხესიმაგრე იერიხოში, ემაუსი და ბეთ-ხორონი, ბეთელი და თიმნათი ფარათონში და ტეფონი, მაღალი გალავნით, კარიბჭეებითა და ურდულებით. 51და ისრაელის სამტროდ ჩააყენა მათში მეციხოვნეები. 52გაამაგრა ქალაქები ბეთ-ცური, გაზარა და ციხესიმაგრე; დატოვა მათში ჯარები და აღალის მარაგი. 53მძევლებად წაიყვანა ქვეყნის მთავართა ვაჟები და იერუსალიმის ციხეში გამოამწყვდია ისინი.
54ასორმოცდამეცამეტე წლის მეორე თვეს ალკიმოსმა ბრძანა დაენგრიათ სამსხვერპლოს შიდა ეზოს გალავანი და იავარეყოთ წინასწარმეტყველთა ნამოქმედარი. მაგრამ როგორც კი დაიწყო ნგრევა, 55ალკიმოსს დამბლა დაეცა და მისი საქმეც შეჩერდა; ენა წაერთვა, დამუნჯდა და ხმის ამოღებაც ვეღარ შეძლო, რომ სიტყვა დაებარებინა თავისი სახლეულისათვის; 56საშინელი ტანჯვით დალია სული. 57ბაკქიდესმა რომ დაინახა, ალკიმოსი მოკვდაო, მეფესთან დაბრუნდა. და მოისვენა იუდას ქვეყანამ ორიოდე წლით.
58მაშინ სათათბიროდ შეიყარნენ ურჯულონი და თქვეს: აჰა, იონათანი და მისი თანამდგომნი უდარდელად და გულარხეინად არიან. მაშ, მოვიყვანოთ ბაკქიდესი, რომ ერთ ღამეში შეიპყროსო ყველა. 59ეახლნენ და თავიანთი რჩევა მოახსენეს. 60ბაკქიდესმა გადაწყვიტა დიდძალი ლაშქრით დაძრულიყო და საიდუმლოდ დაუგზავნა წერილები ყველა თავის იუდაელ მოკავშირეს, რომ შეეპყროთ იონათანი და მისი თანამდგომნი; მაგრამ ეს ვერ შეძლეს, რადგანაც გამჟღავნდა მათი განზრახვა. 61იონათანმა კი შეაპყრობინა იქაურთაგან ორმოცდაათამდე კაცი, ბოროტმოქმედთა მოთავენი, და დახოცეს ისინი.
62თვით იონათანმა, სიმონმა და მათმა თანამდგომებმა ბეთბასისკენ იჩქარეს უდაბნოში, აღადგინეს დანგრეული და გაამაგრეს იგი 63შეიტყო ეს ბაკქიდესმა, შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და აცნობა მათაც, ვინც იყვნენ იუდაში. 64გავიდა და გარს შემოადგა ბეთბასისს; დიდხანს უტევდა და საომარი მანქანებიც აღმართა.
65იონათანმა ქალაქში დატოვა თავისი ძმა სიმონი, თვითონ კი ქვეყნისკენ გაემართა მცირეოდენი ხალხით. 66ჩახოცა ოდომერა, მისი ძმები და ფასირონის ძენი მათსავ კარვებში; ძალმოცემული მუსრს ავლებდა მტერს. 67ხოლო სიმონი და მისი თანამდგომნი ქალაქიდან გამოვიდნენ და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს. 68შეებნენ და სძლიეს ბაკქიდესს, რამაც დიდად დაამწუხრა იგი, რადგანაც მისი განზრახვაცა და ლაშქრობაც ფუჭი გამოდგა. 69ძლიერ განრისხდა ურჯულოებზე, რომლებმაც ურჩიეს მათ ქვეყანაზე გამოლაშქრება; ბევრი მათგანი დახოცა და გადაწყვიტა თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო.
70ეს რომ გაიგო, იონათანმა უხუცესები მიუგზავნა, რათა ზავი დაედოთ მასთან და ტყვეების დაბრუნება ეთხოვათ. 71ბაკქიდესი დაყაბულდა და მისი სიტყვისამებრ მოიქცა; თანაც შეჰფიცა, რომ თავის დღეში აღარ შეამთხვევდა ბოროტს. 72დაუბრუნა ტყვეები, რომლებიც ადრე იუდას ქვეყნიდან წაესხა; მერე თავის ქვეყანაში დაბრუნდა და აღარასოდეს გამოულაშქრია მათზე. 73და დაცხრა მახვილი ისრაელში. დასახლდა იონათანი მიქმაშში, დაიწყო ხალხის განსჯა და ამოძირკვა უღმერთონი ისრაელიდან.
Currently Selected:
1 Maccabees 9: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013