1 Maccabees 11
11
1ეგვიპტის მეფემ შეკრიბა მრავალრიცხოვანი ლაშქარი, როგორც ქვიშა ზღვის პირას, აგრეთვე მრავალი ხომალდი და შეეცადა ვერაგულად ჩაეგდო ხელში და თავისი სამეფოსთვის შეეერთებინა ალექსანდრეს სამეფო. 2მშვიდობის სიტყვით გაემართა სირიისაკენ; ქალაქები კარს უღებდნენ და წინ ეგებებოდნენ, რადგანაც ალექსანდრეს ებრძანებინა ისე დახვედროდნენ, როგორც მის სიმამრს. 3მაგრამ პტოლემეოსი ქალაქში შესვლისთანავე თავის მეომრებს აყენებდა მცველებად.
4აზოტს რომ მიუახლოვდა, უჩვენეს დაგონის გადამწვარი ტაძარი, აოხრებული აზოტი და მისი გაუდაბურებული გარეუბნები, ბრძოლაში დაჩეხილი და დანახშირებული გვამები, გროვებად რომ დაეხვავებინათ გზაზე. 5უამბეს მეფეს, რაც მოიმოქმედა იონათანმა, რათა ბრალი დაედოთ მისთვის, მაგრამ დუმდა მეფე. 6იაფოსთან დიდი პატივით შეეგება იონათანი მეფეს, ერთმანეთი მოიკითხეს და იქ გაათენეს. 7იონათანმა მიაცილა მეფე მდინარემდე, რომელსაც ჰქვია ელევთეროსი, და იერუსალიმს გაბრუნდა.
8მეფე პტოლემეოსმა კი ხელთ იგდო სანაპირო ქალაქები ზღვისპირა სელევკიამდე და ბოროტს განიზრახავდა ალექსანდრეს წინააღმდეგ. 9ელჩები გაუგზავნა მეფე დემეტრიოსს და შეუთვალა: „მოდი და კავშირით შევეკრათ ერთმანეთს; შენ მოგცემ ჩემს ასულს, ალექსანდრეს რომ ჰყავს ცოლად, და გამეფდები მამაშენის სამეფოში. 10ვნანობ, რომ მას მივეცი ჩემი ასული, რადგანაც ჩემი მოკვლა სურდა.“ 11ცილს სწამებდა, რადგანაც თვითონ უნდოდა ხელში ჩაეგდო მისი სამეფო. 12წაართვა მას თავისი ქალი და მისცა ის დემეტრიოსს; გაუუცხოვდა ალექსანდრეს და ცხადი გახდა მათი მტრობა.
13შევიდა პტოლემეოსი ანტიოქიაში და ორი გვირგვინი დაიდგა თავზე – ეგვიპტისა და აზიისა. 14ალექსანდრე კი კილიკიაში იყო იმ ხანად, რადგანაც განერიდა იქაურობას. 15გაიგო ეს ალექსანდრემ და გაემართა მასთან საომრად. პტოლემეოსმაც გამოილაშქრა, ძლიერი ხელით დაუხვდა წინ და უკუაქცია იგი. 16ალექსანდრე არაბეთში გაიქცა, რომ იქ შეეფარებინა თავი; მეფე პტოლემეოსი კი აღზევდა. 17არაბმა ზაბდიელმა თავი მოჰკვეთა ალექსანდრეს და პტოლემეოსს გაუგზავნა იგი. 18მაგრამ მესამე დღეს მეფე პტოლემეოსი მოკვდა, ხოლო მისი მეციხოვნენი იქაურებმა ამოხოცეს. 19და გამეფდა დემეტრიოსი ასსამოცდამეშვიდე წელს.
20მაშინ იონათანმა შეჰყარა იუდაელნი, რომ იერუსალიმის ციხე აეღოთ, და უამრავი საომარი მანქანა დააყენა მის წინ. 21მაგრამ თავიანთი ხალხის მოძულენი და ურჯულონი ეახლნენ მეფეს და შეატყობინეს, იონათანმა ციხეს ალყა შემოარტყაო. 22ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, სასწარაფოდ აღიძრა, პტოლემაისისაკენ გაემართა და იონათანს მისწერა, ციხისათვის ალყა მოეხსნა და დაუყოვნებლივ შეხვედროდა პტოლემაისში მოსალაპარაკებლად.
23მაგრამ ეს რომ გაიგო იონათანმა, ბრძანა, კვლავაც განეგრძოთ ალყა, აირჩია რამდენიმე კაცი ისრაელის უხუცესთა და მღვდელმთავართაგან და არ დაერიდა საფრთხეს. 24აიღო ოქრო-ვერცხლი, სამოსი და დიდძალი ძვირფასი ძღვენი, პტოლემაისში ეახლა მეფეს და ჰპოვა მადლი მის წინაშე. 25და, თუმცა ზოგიერთმა ურჯულომ ისრაელიდან დაასმინა იგი, 26მეფე მაინც ისე მოექცა, როგორც ექცეოდნენ მისი წინამორბედნი, და აღაზევა იგი ყველა თავისი მეგობრის წინაშე. 27დაუმტკიცა მას მღვდელმთავრობა და ყველა სხვა პატივი, რაც უწინ ჰქონდა, და შერაცხა იგი თავის უახლოეს მეგობართა შორის. 28და სთხოვა იონათანმა მეფეს, ხარკისაგან გაეთავისუფლებინა იუდა და სამი ოლქი სამარიასთან ერთად; და აღუთქვა მას სამასი ტალანტი. 29დაეთანხმა მეფე და ყოველივე ამის შესახებ შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა იონათანს:
30„მეფე დემეტრიოსი მოკითხვას უთვლის ძმას იონათანს და იუდაელ ხალხს: გიხაროდეთ! 31ნუსხა წერილისა, რომელიც ლასთენესს, ჩვენს ნათესავს, მივწერეთ თქვენს შესახებ, თქვენც გაახლეთ, რათა იცოდეთ: 32‘მეფე დემეტრიოსი მოკითხვას უთვლის ლასთენესს, მამას: გიხაროდეს! 33იუდაელ ხალხს, ჩვენს მეგობრებს, ერთგულად რომ ასრულებენ ჩვენს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, გადავწყვიტეთ სიკეთე ვუყოთ ჩვენდამი კეთილგანწყობის სანაცვლოდ. 34ვუმტკიცებთ მათ იუდას მთელ მიწა-წყალს, სამ ოლქს – აფაირემას, ლიდას და რათამინს, იუდას რომ მიუერთდა სამარიიდან; ყველას, ვინც მსხვერპლს სწირავს იერუსალიმში, ვათავისუფლებთ გადასახადისგან, რომელსაც უწინ ყოველწლიურად იღებდა მეფე მიწისა და ხილის სახით; 35ამიერიდან მათვე ვაკუთვნებთ ყოველივე დანარჩენსაც, რაც გვერგებოდა, როგორც მეათედები თუ სხვადასხვა გადასახადი, მლაშე ტბისა თუ გვირგვინის ხარკი; დიახ, ყველაფერს ვაკუთვნებთ მათ. 36და ამათგან არაფერი არ შეიცვლება აწ და მარადის. 37მაშ, ეცადეთ გადაიღოთ ამისი ნუსხა და გაუგზავნეთ იონათანს, რათა დაიდოს თვალსაჩინო ადგილას წმიდა მთაზე.’“
38როცა დაინახა მეფე დემეტრიოსმა, რომ ქვეყანამ ქედი მოიხარა მის წინაშე და აღარავინ უწევდა წინააღმდეგობას, დაითხოვა მთელი თავისი ლაშქარი და ყველა მათგანი თავ-თავიანთ ქვეყანაში გაისტუმრა, უცხოელ მოლაშქრეთა გარდა, რომელიც უცხო ხალხების კუნძულებიდან დაიქირავა, რისთვისაც მთელი მამა-პაპეული ლაშქარი მტრობდა მას. 39ტრიფონმა, ალექსანდრეს ერთ-ერთმა უწინდელმა მომხრეთაგანმა, დაინახა, რომ მთელი ლაშქარი გულაღრენილი იყო დემეტრიოსზე, და არაბ იმალკვესაკენ გასწია, რომელიც ზრდიდა ანტიოქოსს, ალექსანდრეს მცირეწლოვან ვაჟს. 40და სთხოვა, მისთვის მიეცა ბავშვი, რათა გაემეფებინა მამამისის ნაცვლად. მერე უამბო ყველაფერი, რაც ჩაიდინა დემეტრიოსმა და როგორ სძულდა იგი მის ლაშქარს. და დიდხანს დარჩა იქ.
41შეუთვალა იონათანმა მეფე დემეტრიოსს, გაეყვანა იერუსალიმის ციხესა და სხვა სიმაგრეებში ჩაყენებული მეციხოვნეები, რადგანაც თავს ესხმოდნენ ისრაელს. 42დემეტრიოსმა პასუხად შეუთვალა იონათანს: „არა მარტო ამას ვიზამ შენთვის და შენი ხალხისთვის, არამედ დიდ პატივსაც მოგაგებთ შენც და შენს ხალხსაც, როგორც კი ხელსაყრელ დროს ვიპოვი. 43ახლა კი სწორად მოიქცევი, თუ საომრად მომაშველებ ხალხს, რადგანაც განმიდგა მთელი ჩემი ლაშქარი.“ 44იონათანმა 3 ათასი მხნე მეომარი აახლა ანტიოქიაში. წარუდგნენ მეფეს და გაიხარა მეფემ მათი მოსვლით.
45120 ათასამდე მოქალაქე შეიკრიბა შუა ქალაქში და მეფის მოკვლა სურდათ. 46მაგრამ მეფემ სასახლეს შეაფარა თავი, მოქალაქეებმა კი ქალაქის ქუჩები დაიკავეს და ბრძოლა დაიწყეს. 47მაშინ მეფემ იუდაელებს უხმო დასახმარებლად; ისინიც დაუყოვნებლივ ეახლნენ, მერე ქალაქში მიმოიფანტნენ და იმ დღეს მუსრი გაავლეს 100 ათასამდე კაცს. 48გადაწვეს ქალაქი, დიდძალი ნადავლი მოხვეტეს იმ დღეს და იხსნეს მეფე. 49როდესაც მოქალაქეებმა დაინახეს, რომ იუდაელებმა ქალაქი აიღეს, როგორც სურდათ, სულით დაეცნენ და თხოვნით მიმართეს მეფეს, შეევედრნენ და შეჰღაღადეს: 50„მოგვიტევე, დაე, იუდაელნი ნუღარ დაგვესხმიან თავს ნურც ჩვენ და ნურც ქალაქს.“ 51იარაღი დაყარეს და ზავი დადეს. განითქვა იუდაელთა სახელი მეფისა და ყველა მისი ქვეშევრდომის წინაშე და დიდძალი ნადავლით დაბრუნდნენ იერუსალიმში.
52დაბრძანდა მეფე დემეტრიოსი თავის სამეფო ტახტზე და დაწყნარდა ქვეყანა მის წინაშე. 53მაგრამ ყველაფერში უმტყუნა, რაც აღუთქვა, იონათანს, სიკეთის სანაცვლო არ მიაგო, და დიდად შეურაცხყო იგი.
54ამის შემდეგ დაბრუნდა ტრიფონი ყრმა ანტიოქოსთან ერთად; გამეფდა ანტიოქოსი და თავზე გვირგვინი დაიდგა. 55ეახლნენ დემეტრიოსის მიერ დათხოვილი ჯარები და გაილაშქრა მის წინააღმდეგ. დემეტრიოსი დამარცხდა და უკუიქცა. 56გამოიყვანა ტრიფონმა სპილოები და დაეუფლა ანტიოქიას. 57მისწერა ყრმა ანტიოქოსმა იონათანს: დამიდგენიხარ მღვდელმთავრად და ოთხი ოლქის გამგებლად და მეფის მეგობართა შორის შემირაცხიხარო. 58გაუგზავნა მას ოქროს თასები და ძვირფასი ჭურჭელი და უფლება მისცა ოქროს თასით ესვა და ძოწეულით მოსილს ოქროს ბალთა ეტარებინა. 59ხოლო მისი ძმა სიმონი სარდლად დანიშნა ტვიროსის კიდიდან ეგვიპტის საზღვრებამდე.
60გამოვიდა იონათანი და დაიარა მდინარის გაღმა მდებარე ქალაქები, და მხარდასაჭერად შემოკრბა მის ირგვლივ სირიის მთელი ლაშქარი. ასკალონს ჩავიდა და პატივით შეეგებნენ მოქალაქენი. 61იქიდან გაზასაკენ დაიძრა, მაგრამ გაზას მცხოვრებნი ჩაიკეტნენ; მაშინ ალყა შემოარტყა ქალაქს, გადაწვა მისი შემოგარენი და დაარბია ისინი. 62შეევედრნენ იონათანს გაზელები, და მანაც შეიწყალა ისინი, მძევლებად აიყვანა და იერუსალიმში გაგზავნა მათი მთავრების შვილები; და დამასკომდე მოვლო ქვეყანა.
63გაიგო იონათანმა, რომ დემეტრიოსის სარდლები მის გადასაყენებლად დიდძალი ლაშქრით წამოსულიყვნენ კადეშისაკენ, გალილეაში. 64და თვითონვე დაუხვდა მათ, ხოლო მისი ძმა სიმონი თავის ქვეყანაში დატოვა. 65დაბანაკდა სიმონი ბეთ-ცურთან, დიდხანს ადგა გარს და ალყაში მოიმწყვდია იგი. 66დაზავება სთხოვეს და ისიც დათანხმდა, მაგრამ შემდეგ გამოყარა მოქალაქენი, აიღო ქალაქი და დაცვა ჩააყენა.
67ხოლო იონათანი და მისი მოლაშქრენი გენესარეთის წყალთან დაბანაკდნენ და დილაადრიანად ხაცორის ველზე განლაგდნენ. 68და, აი, უცხოთესლთა ლაშქარი შეეგება ველზე; ნაწილი მთებში ჩაესაფრებინათ, თვითონ კი პირისპირ შეებნენ. 69ჩასაფრებულნიც გამოვიდნენ საფრებიდან და ბრძოლაში ჩაებნენ. 70ვინც თან ახლდა იონათანს, ყველა გაიქცა, ერთიც კი აღარ დარჩენილა, გარდა მატათიასი, აბესალომის ძისა, და იუდასი, ხალფის ძისა, მის რაზმებს რომ სარდლობდნენ. 71შემოიხია იონათანმა ტანსაცმელი, თავზე მტვერი გადაიყარა და ილოცა. 72მერე კვლავ ბრძოლაში ჩაება, დაამარცხა და უკუაქცია ისინი. 73ეს რომ დაინახეს, მისი გაქცეული მოლაშქრეები უკან მობრუნდნენ, კადეშამდე, თვით მათ ბანაკამდე მისდიეს მტერს და იქ შეჩერდნენ. 74და დაეცა იმ დღეს უცხოთესლთაგან 3 ათასამდე კაცი, იონათანი კი იერუსალიმს დაბრუნდა.
Currently Selected:
1 Maccabees 11: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013