YouVersion Logo
Search Icon

1 Maccabees 10

10
1ასმესამოცე წელს გამოვიდა ალექსანდრე, ძე ანტიოქოს ეპიფანესი, და დაიპყრო პტოლემაისი. მიიღეს იგი და იქ გამეფდა. 2ეს რომ გაიგო მეფე დემეტრიოსმა, შეკრიბა დიდი ლაშქარი და მასთან საომრად გაემართა. 3და გაუგზავნა დემეტრიოსმა იონათანს წერილი მშვიდობის სიტყვით, თითქოს მისი განდიდება სურდა. 4რადგანაც ამბობდა: მოდი, მოვასწროთო მასთან ზავის დადება, ვიდრე ალექსანდრესთან შეკრავდეს კავშირს ჩვენს წინააღმდეგ. 5მაშინ გაიხსენებს მთელ ბოროტებას, რაც თავს დავატეხეთ მას, მის ძმებსა და ხალხს. 6უფლება მისცა შეეკრიბა ლაშქარი და გაემზადებინა საჭურველი, რომ მისი მოკავშირე ყოფილიყო; და ბრძანა ციხესიმაგრეში მომწყვდეული მძევლების გადმოცემა მისთვის.
7წავიდა იონათანი იერუსალიმში და ხმამაღლა წაუკითხა წერილი მთელ ხალხსა და ციხესიმაგრეში მყოფთ. 8თავზარი დაეცათ, როცა გაიგეს, მეფემ ლაშქრის შეკრების უფლება მისცაო. 9ციხესიმაგრეში მყოფებმა კი მძევლები გადასცეს იონათანს, და დაუბრუნა მან ისინი თავიანთ მშობლებს.
10დასახლდა იონათანი იერუსალიმში და ქალაქის შენებასა და განახლებას შეუდგა. 11და უთხრა მშენებლებს, სიონის მთის ირგვლივ ოთხკუთხად გათლილი ქვის გალავანი აეგოთ მის გასამაგრებლად. და ასეც მოიქცნენ.
12მაშინ გადაიხვეწნენ უცხოტომელები, ბაკქიდესის მიერ აგებულ სიმაგრეში რომ იდგნენ. 13ყველამ მიატოვა ადგილი, რომელიც ეკავა და თავის სამშობლოში დაბრუნდა. 14მხოლოდ ბეთ-ცურში დარჩა ზოგიერთი მათგანი, ვინც ზურგი აქცია რჯულსა და მცნებებს, რადგანაც ის იყო მათი თავშესაფარი.
15შეიტყო ალექსანდრემ, რასაც შეჰპირებოდა დემეტრიოსი იონათანს. ისიც უამბეს, რამდენი ომი გადაეხადათ იონათანს და მის ძმებს, და რამდენი გასაჭირი გადაეტანათ. 16მაშინ თქვა: ასეთ კაცს სადღა ვიპოვით? მოდით, დავიმეგობროთ და მოკავშირედ გავიხადოთო. 17ამ სიტყვებით დაწერა წერილი და გაუგზავნა:
18„მეფე ალექსანდრე მოკითხვას უთვლის თავის ძმას, იონათანს. 19გამიგონია, რომ მძლეთამძლე კაცი ხარ და ღირსი იმისა, რომ ჩვენს მეგობრად იწოდებოდე. 20დღეიდან დამიდგენიხარ შენი ხალხის მღვდელმთავრად და მეფის მეგობარი მიწოდებია შენთვის (თან ძოწეული და ოქროს გვირგვინი გაუგზავნა), რომ მხარში გვედგე და ჩვენს მეგობრობას უფრთხილდებოდე.“
21შეიმოსა იონათანმა წმიდა შესამოსელი ასმესამოცე წლის მეშვიდე თვეს, კარვობის დღესასწაულზე; ლაშქარი შეკრიბა და დიდძალი იარაღი მოიმარაგა. 22ეს ამბავი რომ გაიგო დემეტრიოსმა, დამწუხრდა და თქვა: 23რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ ალექსანდრემ დაგვასწრო და თავისდა გასაძლიერებლად დაიმეგობრა იუდაელნი? 24მეც მივწერ მათ სანუგეშო სიტყვებს, პატივსა და ძღვენს აღვუთქვამ, რომ ჩვენ დაგვიჭირონ მხარი. 25წერილი გაუგზავნა იუდაელებს და შეუთვალა: „მეფე დემეტრიოსი მოკითხვას უთვლის იუდაელებს.
26გვესმოდა და გვიხაროდა, რომ იცავდით ჩვენს ხელშეკრულებას, უფრთხილდებოდით ჩვენს მეგობრობას და მხარს არ უჭერდით ჩვენს მტრებს. 27მაშ, კვლავ ეცადეთ შეინარჩუნოთ ჩვენი მეგობრობა და სიკეთეს მოგაგებთ იმის სანაცვლოდ, რაც ჩვენთვის მოიმოქმედეთ. 28დიდ შეღავათს მოგცემთ და ძღვენსაც გაახლებთ.
29ახლა კი თქვენს ნებაზე გიშვებთ და ყველა იუდაელს ვათავისუფლებ გადასახადისაგან, მარილისა და გვირგვინების ბაჟისაგან.#10:29 ოქროს შუბლსაკრავები, რაც სხვა ხარკთან ერთად ეძლეოდათ დიდი ქალაქების მბრძანებელთ. 30უარი მითქვამს მარცვლეულის მესამედისა და ხილის ნახევარზე, რაც მე მეკუთვნის; არც რას მოვითხოვ იუდას ქვეყნიდან და იმ სამი ოლქიდან, რომლებიც მას შეუერთეს სამარიიდან და გალილეიდან, აღარც დღეს და აღარც არასდროს. 31ხოლო იერუსალიმი და მისი სანახები წმიდა და თავისუფალი იყოს; ყველა მეათედი და მთელი შემოსავალი მასვე დარჩეს. 32თქვენთვისვე გადმომიცია იერუსალიმის ციხესიმაგრე და მღვდელმთავრისთვის მიმიცია იმის უფლება, რომ მის დასაცავად შიგ ჩააყენოს ის ხალხი, ვისაც თვითონ აირჩევს. 33ყოველ იუდაელს, იუდას ქვეყნიდან ტყვედ წაყვანილს, მთელს ჩემს სამეფოში ვათავისუფლებ. დაე, ყველა გათავისუფლდეს თავისი დანაშაულისა და თავისი ცხვარ-ძროხის სამსხვერპლო გადასახადისაგან.
34ყოველი დღესასწაული: შაბათი, ახალმთვარობა და დაწესებული დღეები – სამი დღე ზეიმამდე და სამიც ზეიმის შემდეგ – შეღავათიანი და საუქმო იყოს ჩემს სამეფოში მცხოვრები ყველა იუდაელისათვის. 35არავის ექნება უფლება რომელიმე მათგანი შეავიწროოს, ან ძალით აკეთებინოს რამე.
36იუდაელთაგან მეფის ლაშქრისათვის გამოიყოს 3 ათასი კაცი და მიეცეს მათ ჯამაგირი, როგორც დაწესებულია მეფის ყოველი ჯარისკაცისათვის. 37მათგან შეირჩნენ მეფის დიდ ციხესიმაგრეთა ციხისთავნი, ისევე, როგორც გამრიგენი სამეფო საქმეებისა, რომლებიც ერთგულების მომთხოვნი; აგრეთვე ზედამხედველნი და წინამძღოლნი, და მისდიონ თავიანთ რჯულს, როგორც დაადგინა მეფემ იუდას ქვეყანაში.
38ის სამი ოლქი, იუდას რომ მიუერთეს სამარიის ქვეყნიდან, იუდასავე დარჩეს, რათა იცოდეს ყველამ, რომ ერთნი არიან, და არ დაექვემდებაროს სხვა ძალაუფლებას, გარდა მღვდელმთავრისა. 39პტოლემაისი და მისი შემოგარენი იერუსალიმის საწმიდრისთვის მიბოძებია, რათა იტვირთოს მისი ხარჯები. 40ყოველწლიურად სათანადო ადგილებში აკრეფილი სამეფო შემოსავლიდან 20 ათას შეკელ ვერცხლსაც ვუძღვნი. 41ყოველივე დანარჩენიც, რაც შემოსავლიდან არ გაუციათ, როგორც წინა წლებში გაიცა, ამიერიდან ტაძრის საქმეებს მოხმარდეს. 42გარდა ამისა, გაუქმებულია გადასახადიც – 5 ათასი შეკელი ვერცხლი, ყოველწლიურად რომ უკავებდნენ ტაძარს შემოსავლიდან, რადგანაც ის მომსახურე მღვდლებს ეკუთვნით. 43ყველა, ვისაც მეფისა თუ სხვისა მართებს რამე, და იერუსალიმის ტაძარს ან მის სანახებს შეაფარებს თავს, გათავისუფლდეს და შეუნარჩუნდეს ყველაფერი, რაც ჩემს სამეფოში მაბადია.
44საწმიდრის ასაგებად და გასაახლებლად სამეფო შემოსავლიდან გაიცეს სახსრები. 45იერუსალიმის გალავნის ასაგებად და გასამაგრებლადაც სამეფო შემოსავლიდან გაიცეს სახსრები, ისევე, როგორც კედლების ასაგებად იუდაში.“
46როდესაც იონათანმა და ხალხმა ეს სიტყვები მოისმინეს, არ ერწმუნნენ და არ მიიღეს ისინი, რადაგნაც ახსოვდათ, რამდენი უბედურება დაატეხა თავს დემეტრიოსმა ისრაელიანებს და რარიგ შეაჭირვა ისინი. 47ალექსანდრესთან კავშირი კი სასიკეთოდ მიიჩნიეს, რადგანაც პირველად მან შესთავაზათ მშვიდობის სიტყვა და დიდხანს მასვე უჭერდნენ მხარს ბრძოლებში.
48მაშინ მეფე ალექსანდრემ შეკრიბა დიდი ლაშქარი და დემეტრიოსის წინააღმდეგ განლაგდა. 49შეება ერთმანეთს ორი მეფე და უკუიქცა დემეტრიოსის ლაშქარი; ალექსანდრემ მისდია მას და სძლია. 50გააფთრებით იბრძოდა მზის ჩასვლამდე და დაეცა იმ დღეს დემეტრიოსი.
51ამის შემდეგ ალექსანდრემ ეგვიპტის მეფე პტოლემეოსთან გაგზავნა ელჩები და დაავალა შემდეგი სიტყვები გადაეცათ მისთვის: 52„ჩემს სამეფოში რომ დავბრუნდი, მამა-პაპის ტახტზე დავჯექი და ხელთ ვიგდე ხელმწიფება, შევმუსრე დემეტრიოსი და დავეპატრონე ქვეყანას; 53შევები მას, თავისი ლაშქრითურთ ვძლიე და სამეფო ტახტზე დავჯექი. 54მაშ, დავმეგობრდეთ და ცოლად მომეც შენი ასული; დავმოყვრდეთ და ისეთ ძღვენს მოგართმევთ ორივეს, შენ რომ გეკადრება.“
55მეფე პტოლემეოსმა ასე უპასუხა: „ბედნიერია ის დღე, როცა შენ დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და სამეფო ტახტზე დაბრძანდი. 56ამიტომ შეგისრულებ ყველაფერს, რაც მომწერე, მხოლოდ პტოლემაისში შემხვდი, რათა ვიხილოთ ერთმანეთი და დავმოყვრდეთ კიდეც, როგორც შენ თქვი.“
57გამოემგზავრა ეგვიპტიდან პტოლემეოსი თავის ასულთან – კლეოპატრასთან ერთად და ასსამოცდამეორე წელს პტოლემაისში ჩავიდა. 58შეეგება ალექსანდრე; და მისცა მას კლეოპატრა, თავისი ასული, და დიდებული ქორწილი გადაიხადა პტოლემაისში, როგორიც შეეფერებოდათ მეფეებს.
59მისწერა მეფე ალექსანდრემ იონათანს, მის შესახვედრად წამოსულიყო. 60ისიც დიდი ზარ-ზეიმით გაემართა პტოლემაისისაკენ და წარუდგა ორივე მეფეს; ოქრო-ვერცხლი და დიდებული ძღვენი მიართვა მათაც და მათ მეგობრებსაც, და მეფეთა კეთილგანწყობა დაიმსახურა. 61მაგრამ შეითქვნენ მის წინააღმდეგ გულღრძონი და ურჯულონი ისრაელიდან და დააბეზღეს იგი მეფესთან, მაგრამ მეფემ ყურად არ იღო მათი სიტყვები. 62ბრძანა, ტანთ გაეხადათ იონათანისათვის და ძოწეულით შეემოსათ იგი. ასეც მოიქცნენ. 63გვერდით მოისვა მეფემ და თავის მთავრებს უთხრა: მასთან ერთად გამოდით შუა ქალაქში და გამოაცხადეთ, რომ არავინ დასწამოს ცილი რაიმე საქმეში და არც არავინ შეაწუხოს რისამე გამო. 64როცა ცილისმწამებლებმა დაინახეს მისი დიდება, როგორც გამოცხადებულ იქნა, და ისიც, რომ ძოწეული მოსავს, ყველანი მიმოიფანტნენ. 65ასე განადიდა იგი მეფემ, თავის უახლოეს მეგობართა შორის შერაცხა და სარდლობა და მხარის მმართველობა მიანიჭა მას. 66და დაბრუნდა იონათანი იერუსალიმში მშვიდობით და სიხარულით.
67მაგრამ ასსამოცდამეხუთე წელს დემეტრიოსი, ძე დემეტრიოსისა, კრეტედან ჩავიდა თავისი მამა-პაპის ქვეყანაში. 68ეს რომ გაიგო მეფე ალექსანდრემ, ძალზე დამწუხრდა და ანტიოქიაში დაბრუნდა. 69დემეტრიოსმა სარდლობა მიანდო აპოლონიოსს, კოილე-სირიის მთავარს, შეკრიბა დიდი ლაშქარი და იამნიასთან დაბანაკდა, მღვდელმთავარ იონათანს კი შეუთვალა:
70„შენ ერთადერთი გვეწინააღმდეგები, დამცინიან და მგმობენ შენს გამო. რად გვემალები მთებში? 71ხოლო თუ შენი ლაშქრის იმედი გაქვს, ჩამოდი და ამ ხეობაში გამოვცადოთ ერთმანეთი, რადგანაც ჩემთანაა ქალაქთა ჯარი. 72გამოიკითხე და გაიგე ვინ ვარ მე და ვინ არიან ჩემი თანამდგომნი; გეტყვიან, რომ ვერ გაგვიძლებთ, რადგანაც ორგზის უკუგვიქცევია და თავიანთი ქვეყნისაკენ დაგვიფრენია შენი მამა-პაპანი. 73ვერც შენ გაუძლებ ამნაირ მხედრობას და ქვეით ლაშქარს ამ ხეობაში, სადაც არც კლდეებია, არც ზღუდენი და არც სხვა რამ თავშესაფარი.“
74აპოლონიოსის სიტყვები რომ მოისმინა იონათანმა, გული აემღვრა, ამოირჩია 10 ათასი კაცი და იერუსალიმიდან დაიძრა; წინ მისი ძმა – სიმონი შეეგება მისაშველებლად. 75იაფოსთან დაბანაკდა, რადგანაც კარიბჭე ჩაკეტეს და ქალაქში არ შეუშვეს, ვინაიდან იაფოში აპოლონიოსის დაცვა იდგა, რომელმაც ბრძოლა გაუმართა მას. 76მაგრამ შეშინდნენ მოქალაქენი, კარიბჭე გაუღეს და იონათანი იაფოში შევიდა.
77ეს რომ გაიგო აპოლონიოსმა, 3 ათასი მხედარი და დიდძალი ლაშქარი იახლა და აზოტისაკენ გაემართა, თითქოს გზის მოჭრას აპირებსო, სინამდვილეში კი დაბლობზე გავიდა, რადგანაც მრავალრიცხოვანი მხედრობა ჰყავდა და ამის იმედად იყო. 78იონათანმა კი აზოტამდე მისდია და შეება ერთმანეთს ორი ლაშქარი. 79აპოლონიოსმა ათასი მხედარი ჩაასაფრა მტრის ზურგში. 80მაგრამ მიხვდა იონათანი, რომ ზურგსუკან მტერი ჰყავდა ჩასაფრებული, რომელიც გარს შემორტყმოდა და დილიდან საღამომდე ისრებს უშენდა მის მეომრებს. 81ხალხი კი იდგა, როგორც უბრძანა იონათანმა; ბოლოს მხედრები დაიღალნენ.
82მაშინ სიმონი წაუძღვა თავის რაზმს და თავს დაესხა მოიერიშეთ; დაღლილ-დაქანცულმა მხედრებმა ვეღარ გაუძლეს და უკუიქცნენ. 83მხედრები დაბლობზე გაიფანტნენ, აზოტისაკენ გაქუსლეს და ბეთ-დაგონში, თავიანთ საკერპოში, შეცვივდნენ თავის გადასარჩენად. 84იონათანმა აზოტი და მის ირგვლივ მდებარე ქალაქები გადაწვა, ნადავლი მოხვეტა და დაგონის ტაძარი ლტოლვილებთან ერთად ცეცხლს მისცა. 85და მიაღწია მახვილით განგმირულთა და ცეცხლით გამობუგულთა რიცხვმა 8 ათასამდე კაცს.
86დაიძრა იქიდან იონათანი და აშკელონთან დაიბანაკა; გამოვიდნენ მოქალაქენი, რომ დიდი პატივით შეხვედროდნენ მას.
87და იონათანი თავის თანამდგომებთან ერთად დიდძალი ნადავლით დაბრუნდა იერუსალიმში. 88ეს რომ გაიგო მეფე ალექსანდრემ, უფრო მეტად განადიდა იონათანი. 89გაუგზავნა მას ოქროს ბალთა, რასაც, ჩვეულებრივ, მეფის ნათესავებს უძღვნიდნენ და სამემკვიდრეოდ უბოძა ეკრონი მთელი მისი მიწა-წყლითურთ.

Currently Selected:

1 Maccabees 10: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in