YouVersion Logo
Search Icon

1 Corinthians 9

9
1განა მე თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ ვიხილე უფალი ჩვენი, იესო? განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში? 2თუ სხვებისათვის არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგან თქვენ ხართ ჩემი მოციქულობის ბეჭედი უფალში.
3აი, რა პასუხს გავცემ ჩემს მკიცხველებს: 4განა ჩვენ არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება? 5განა არა გვაქვს უფლება, დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც დანარჩენმა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ? 6თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება, რომ არ ვიმუშაოთ? 7რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს?
8მხოლოდ ადამიანურად ვამბობ ამას, თუ რჯულიც ამასვე ამბობს? 9რადგან მოსეს რჯულში წერია: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი? #რჯ 25:4; 1ტმ 5:18. 10თუ ამას უფრო ჩვენთვის ამბობს? დიახაც, ჩვენთვის არის ეს დაწერილი, რომ მხვნელმა მოსავლის იმედით უნდა ხნას, მლეწავმა კი – წილის იმედით. 11თუ სულიერი დავთესეთ თქვენთან, დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ? #რომ 15:27. 12თუ სხვებს აქვთ ხელმწიფება თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა გვაქვს?
მაგრამ ჩვენ არ გამოგვიყენებია ეს ხელმწიფება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რომ რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას. 13არ იცით, რომ წმიდათა მსახურნი ტაძრისაგან იკვებებიან? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს? #რჯ 18:1. 14ასევე უფალმა დაუწესა სახარების მქადაგებლებს სახარებისგან ცხოვრება. #მთ 10:10; ლკ 10:7.
15ხოლო მე არც აქედან გამომიყენებია არაფერი. და ესეც იმიტომ კი არ დავწერე, რომ ასე ყოფილიყო ჩემთვის. რადგან სიკვდილი მიჯობს, ვიდრე ვინმემ გააბათილოს ჩემი სიქადული. 16რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა, და ვაი მე, თუ არ ვახარებ. 17რადგან თუ საკუთარი ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მექნება, ხოლო თუ ჩემი ნების გარეშე, მხოლოდ მნეობა მქონია მონდობილი. 18მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა ვახარებ, უსასყიდლოდ ვქადაგებ ქრისტეს სახარებას და არ ვიყენებ ჩემს ხელმწიფებას ხარებაში.
19რადგან, ყველასაგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა. 20ებრაელთათვის გავხდი, როგორც ებრაელი, რათა ებრაელები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა მე თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა. 21ურჯულოთათვის გავხდი როგორც ურჯულო, თუმცა ღმერთის წინაშე არა ვარ ურჯულო, არამედ ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი, რათა ურჯულოები შემეძინა. 22უძლურთათვის გავხდი უძლურივით, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მაინც მეხსნა როგორმე. 23და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.
24არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო. 25ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადის მოსაპოვებლად. 26ამიტომ მე უმიზნოდ კი არ მივრბივარ, ისე კი არ ვიბრძვი, თითქოს ჰაერს ვებრძოდე, 27არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებისთვის მქადაგებელი, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი.

Currently Selected:

1 Corinthians 9: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in