Bible App logo
Search Icon

ტობითი 5

5
1მაშინ ტობიამ ასე მიუგო მამამისს: „ყოველივეს ავასრულებ, რასაც მარიგებ,
2მაგრამ როგორ გამოვართვა ვერცხლი იმას, ვისაც არ ვიცნობ?“
3მაშინ მისცა მას ტობითმა ხელწერილი და უთხრა: „მოძებნე კაცი, თანამგზავრად რომ გამოგყვება, და ვიდრე ცოცხალი ვარ, მე მივცემ გასამრჯელოს. წადი და წამოიღე ვერცხლი.“
4წავიდა კაცის საძებნელად და ნახა რაფაელი, რომელიც ანგელოზი იყო, მაგრამ ტობიამ კი არ იცოდა.
5უთხრა მას: „თუ შეგიძლია წამომყვე მიდიის რაგესში? ან თუ იცნობ იმ ადგილებს?“
6მიუგო ანგელოზმა: „წამოგყვები, გზა-კვალიც ვიცი და ჩემს ძმასთან – გაბაელთანაც – ვყოფილვარ სტუმრად.“
7და უთხრა მას ტობიამ: „დამაცადე, მამაჩემს ვეტყვი.“
8ანგელოზმა მიუგო: „წადი და ნუ დაყოვნდები.“
9მივიდა მამასთან და უთხრა მას: „მოვნახე კაცი, რომელიც წამომყვება.“ ხოლო მან უთხრა: „აქ მომიყვანე, რათა გავიგო, რომელი ტომისაა, ან რამდენად სანდო თანამგზავრი იქნება შენთვის.“
10დაუძახა ტობიამ, ისიც მოვიდა და ერთმანეთს მიესალმნენ.
11და ჰკითხა მას ტიბითმა: რომელი ტომისა ხარ, ძმაო, ან ვისი გვარისა?“
12ხოლო რაფაელმა მიუგო: „ტომსა და გვარს ეძებ, თუ ქირის კაცს, რომ შენს ვაჟს გაჰყვეს?“ უთხრა ტობითმა: „მინდა გავიგო, ძმაო, ვისი გვარისა ხარ და რა გქვია.“
13უთხრა მან: „მე ვარ ყაზარია, ძე დიდი ყანანიასი, შენი მოძმისა.“
14უთხრა ტობითმა: „მშვიდობით გევლოს, ძმაო, და ნუ შემომწყრები, შენს გვარტომობას რომ ვეძიებ. ჩემი ძმა ყოფილხარ, კეთილი და ღირსეული გვარის შვილი. ყანანიასაც ვიცნობდი და იათანსაც, დიდი შემაყიას ვაჟებს, ერთად წავედით იერუსალიმს სათაყვანებლად და თან მიგვქონდა ნათავარნი და მიწის ნაყოფთა მეათედი. არ შეგვიცოდავს ჩვენი მოძმეების ცოდვებით. გვარკეთილი ყოფილხარ, ძმაო.
15მაგრამ მითხარი, რასა მთხოვ ქირად? დღეში თითო დრაქმას მოგცემ და რაც შენ და ჩემს შვილს დაგჭირდებათ.
16ამასაც არ დაგაჯერებ, თუკი მშვიდობით დაბრუნდებით.“
17ასე შეთანხმდნენ, და უთხრა ტობიას: „გაემზადე გასამგზავრებლად, მშვიდობითამც გევლოთ!“ შვილიც გაემზადა და უთხრა მამამ: „აი, ეს კაცი იახლე, მამაზეციერმა გიწინამძღვროთ და მისი ანგელოზი დაგემგზავროთ.“ ორივენი გაუდგნენ გზას და უკან გაჰყვათ ჭაბუკის ძაღლი.
18ხანა, ჭაბუკის დედა, კი ტიროდა და ტობითს ეუბნებოდა: „სად გაისტუმრე ჩვენი შვილი? განა ჩვენი ხელების ყავარჯენი არ იყო, ჩვენ წინაშე რომ შედიოდა და გამოდიოდა?
19ვერცხლს ვერცხლსავე ნუკი უმატებ, არამედ მწვირედ მიგაჩნდეს შვილთან შედარებით!
20რადგან რა ხნის სიცოცხლეც მოგვეცა უფლისგან, საიმისოდ ბევრი გვაქვს.“
21უთხრა ტობითმა: „ნუ იურვი, დაო; მშვიდობით დაგვიბრუნდება და შენი თვალით იხილავ,
22რადგანაც კეთილი ანგელოზი დაემგზავრება, სიკეთის გზით წარმართავს და უმსნელი მოგვიბრუნდება უკან.“
23და დედამ ცრემლი შეიშრო.

Currently Selected:

ტობითი 5: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in