YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 93

93
1უფალო, ღმერთო შურისძიებისა, ღმერთო შურისძიებისა, გამოჩნდი!
2ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.
3ვიდრემდე, უფალო, ბოროტნი, ვიდრემდე უნდა ილხენდნენ ბოროტნი?
4აღმითქვამენ და ამბობენ სიცრუეს, ამაყად ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.
5შენს ერს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.
6ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ჟლეტენ.
7ამბობენ: „ვერ იხილავს უფალი, და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.“
8გონს მოდით, უგუნურნო ერისანო! უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?
9დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?
10ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს – ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას?
11უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაონი არიან ისინი.
12ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.
13რათა დაასვენო ავი დღეებისაგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.
14რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს;
15რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი, და მას მიჰყვება ყველა გულწრფელი.
16ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? მხარში ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?
17უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ცოტაც და, დასახლდებოდა ჩემი სული ჯოჯოხეთში.
18თუ ვთქვი: „მომიცურდა ფეხი,“ შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.
19როცა ზრუნვით ამევსება გული, შენი ნუგეში მიამებს სულს.
20ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი რჯულის საწინააღმდეგოდ?
21გაილაშქრებენ მართლის სულზე, და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.
22მაგრამ უფალი გახდა ჩემი მტკიცე სიმაგრე, ჩემი თავშესაფრის კლდე.
23მათვე მიაგებს თავიანთ უსამართლობას და თავიანთ სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.

Currently Selected:

ფსალმ. 93: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in