YouVersion Logo
Search Icon

მარკ. 15

15
იესო პილატეს წინაშე
1მყისვე დილაადრიანად მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს და შეკრეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს.
2და ჰკითხა მას პილატემ: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ.“
3მღვდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას.
4პილატემ კვლავ ჰკითხა მას: „არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენს გაბრალებენ?“
5მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აოცებდა პილატეს.
6დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, ვისზეც სთხოვდნენ.
7და იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ.
8ავიდა ხალხი და დაუწყო იმის თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ.
9პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“
10ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი.
11მაგრამ მღვდელმთავრებმა ააგულიანეს ბრბო, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.
12პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა: „რაღა ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?“
13მათ კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!“
14პილატემ უთხრა მათ: „რა ბოროტება ჩაიდინა?“ მაგრამ ისინი უფრო მეტად აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!“
15პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.
გოლგოთა
16ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი იმ ეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში, და შეკრიბეს მთელი რაზმი.
17შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი.
18და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“
19ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს.
20როცა შეურაცყვეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს, და გამოიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
21აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომელიც მინდვრიდან მოდიოდა, ეზიდა მისი ჯვარი.
ჯვარზე სიკვდილი და მისი
22და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
23და მიაწოდეს მას მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო.
24და ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით – ვის რა ერგებოდა.
25მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი.
26იყო წარწერილი წარწერა მისი ბრალდებისა: „მეფე იუდეველთა.“
27მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.
28და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა“.
29გამვლელები თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას და ამბობდნენ: „ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო,
30იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან!“
31ასევე მღვდელმთავარნი, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.“
32ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ.“ მასთან ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.
33მეექვსე საათზე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე.
34მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?
35იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: აჰა, ელიას უხმობსო იგი.
36ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად, თან ამბობდა: აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელადო.
37იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა.
38და ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, თავიდან ბოლომდე.
39როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: „ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო ეს კაცი.“
40აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის მარიამ მაგდალელიც, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე,
41რომელნიც მაშინ, როცა ის გალილეაში იყო, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს.
იესოს დაკრძალვა
42როცა მოსაღამოვდა, რაკი იყო პარასკევი, ანუ შაბათის წინადღე,
43მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღვთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
44პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო. დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: „დიდი ხანია მოკვდა?“
45ეს რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს გვამი.
46და მან იყიდა ტილო, გარდმოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე.
47მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, – იესოს დედამ – დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.

Currently Selected:

მარკ. 15: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy