YouVersion Logo
Search Icon

მათ. 26

26
იესო იუწყება თავის სიკვდილს
1ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს:
2„თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად.“
3მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.
4მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.
5მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო.
იესოს ცხება ნელსაცხებლით ბეთანიაში
6როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში,
7მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა.
8მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო?
9ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება.
10ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა?
11ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.
12ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.
13ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან, რაც ამან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად.“
გაცემა
14მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან
15და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი.
16მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი.
პასექის მომზადება
17უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“
18მან უთხრა: „წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.“
19მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი.
ბოლო სერობა
20რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21და როცა ჭამდნენ, თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს.“
22ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: „მე ხომ არა, უფალო?“
23მან მიუგო და უთხრა: „ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩამოაწობს ჯამში, ის გამცემს.
24კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა, უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო.“
25მიუგო იუდამ, მისმა გამცემმა, და უთხრა: „ნუთუ მე ვარ, რაბი?“ „შენ თქვი!“ – უთხრა მას.
26როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია.“
27აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან,
28ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
29მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.“
30იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისაკენ.
პეტრეს მიერ უარყოფაზე
31მაშინ უთხრა მათ იესომ: „თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები.’
32ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გაგიძღვებით წინ გალილეისაკენ.“
33მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები.“
34უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: „ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“
35უთხრა მას პეტრემ: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ.“ ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
გეთსიმანია
36მაშინ იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: „აქ ისხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე.“
37თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.
38მაშინ უთხრა მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.“
39და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.“
40მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „ნუთუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.“
42მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი.“
43კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ.
44მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე მიეცემა ცოდვილებს ხელში.
46ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“
იესოს გაცემა და შეპყრობა
47ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.
48ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით!“
49მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!“ და ეამბორა.
50ხოლო იესომ უთხრა მას: „რისთვის მოსულხარ, მეგობარო?“ მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს.
51და აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი მიჰყო, იშიშვლა მახვილი, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52მაშინ იესომ უთხრა მას: „თავის ადგილას ჩააბრუნე მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
53იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე წარმომიდგინოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც?
54აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“
55იმ ჟამს უთხრა იესომ ხალხს: „თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.
56მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები.“ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
სინედრიონის სამსჯავროზე
57იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს.
58ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა აღსასრული.
59მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,
60და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი
61და თქვეს: „ეს ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო.“
62მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: „არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“
63იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავრმა უთხრა მას: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“
64უთხრა მას იესომ: „შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს.“
65მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.
66რას ფიქრობთ?“ ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: „სიკვდილის ღირსია.“
67მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში და ცემა, ზოგიერთნი სილას აწნავდნენ
68და ეუბნებოდნენ: „გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა?“
უარყოფა პეტრეს მიერ
69პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი.“
70მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ლაპარაკობ.“
71როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფთ: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო.“
72მან კვლავ უარყო ფიცით: არ ვიცნობო ამ კაცს.
73ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად შენც მათგანი ხარ, ვინაიდან შენი კილო გამხილებს შენ.“
74მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობო ამ კაცს. და მყისვე იყივლა მამალმა.
75და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. და გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

Currently Selected:

მათ. 26: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy