YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 4

4
იესოს გამოცდა
1იესო, სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში
2და ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი და არაფერი უჭამია იმ დღეებში, და მათი გასვლის შემდეგ მოშივდა.
3უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.“
4მიუგო მას იესომ: „დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით.“
5და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა ერთ წამში მსოფლიოს ყველა სამეფო.
6და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ამ ხელმწიფებას და მათ დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.
7თუ თაყვანსა მცემ, შენი იქნება ყოველივე!“
8მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“
9წაიყვანა იგი იერუსალიმს, დააყენა ტაძრის ფრთაზე და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს.
10ვინაიდან დაწერილია, რომ ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან’
11და რომ ‘ხელში აყვანილი გატარონ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.’“
12და მიუგო და უთხრა მას იესომ: „ნათქვამია: ‘არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.’“
13და როცა დაამთავრა ყველა გამოცდა, ეშმაკი გაშორდა მას სხვა ჟამის მოლოდინში.
ქადაგება გალილეაში. იესოს უარყოფა ნაზარეთში
14დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს.
15ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებულ იყო ყველას მიერ.
16და მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, თავისი ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად.
17და მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, და გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც დაწერილი იყო:
18„უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
19უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად.“
20და დახურა წიგნი, გადასცა მსახურს და დაჯდა. ყველას თვალი სინაგოგაში მისკენ იყო მიპყრობილი.
21და დაუწყო ლაპარაკი მათ: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.“
22და ყველამ დაუმოწმა მას და გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით და ამბობდნენ: „ეს იოსების ძე არ არის?“
23უთხრა მათ: „ნამდვილად მეტყვით ამ ანდაზას: ‘მკურნალო, განიკურნე შენი თავი. ყველაფერი, რაც კი კაპერნაუმში მოხდა, როგორც გავიგეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში.’“
24უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არაა მიღებული თავის სამშობლოში.
25ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე.
26და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა ციდონის ცარფათში.
27კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმენდილა, გარდა ნეემან სირიელისა.“
28ეს რომ მოისმინეს სინაგოგაში მყოფთ, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ.
29წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან, და მიიყვანეს იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი.
30მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.
იესო კაპერნაუმსა და გალილეაში
31და ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით
32და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა.
33სინაგოგაში იყო კაცი, უწმიდური სულით შეპყრობილი, და იყვირა ხმამაღლა:
34„რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღვთის წმიდაო.“
35იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან!“ და დასცა იგი ეშმაკმა მათ შუაში და გამოვიდა მისგან, და არაფერი უვნია მისთვის.
36ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“
37და მოეფინა ხმა მის შესახებ იმ მხარის ყოველ ადგილს.
38ადგა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი შეპყრობილი იყო დიდი სიცხით და სთხოვეს მისთვის.
39და დაადგა თავზე და შერისხა სიცხე. მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.
40მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სნეულებებით დაავადებულნი, მასთან მიიყვანა, და მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.
41ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა!“ ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი.
42დღე რომ გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა და მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან.
43მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი.“
44და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.

Currently Selected:

ლუკ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy