YouVersion Logo
Search Icon

ლუკ. 1

1
წიგნის მიძღვნა
1რაკი უკვე ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას,
2როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია.
წინასწარუწყება იოანე ნათლისმცემელზე
5იუდეის მეფის, ჰეროდეს, დღეებში იყო მღვდელი ვინმე, სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან, ხოლო მისი ცოლი იყო აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.
6ისინი ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უმწიკვლოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით.
7მათ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი ბერწი იყო, და ორივენი უკვე ხანგადასულნი იყვნენ.
8ერთხელ, როცა თავისი ყოველდღიური რიგისამებრ, მსახურებდა ღვთის წინაშე,
9მღვდელთა სამსახურის წესით, მას წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში.
10უამრავი ხალხი ლოცულობდა გარეთ კმევის დროს, –
11ეჩვენა მას უფლის ანგელოზი, საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი.
12და შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას.
13უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს.
14გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისაკენ – მათი ღვთისაკენ.
17და ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გულები შვილთა მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი.“
18უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: „რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია.“
19მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: „მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინაშე მდგომელი. წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20და აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროზე.“
21ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება ტაძარში.
22როცა გამოვიდა, მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ანიშნებდა მათ და დარჩა უტყვად.
23და როცა დასრულდა მისი მსახურების დღენი, შინ წავიდა.
24იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25„ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ადამიანთა თვალში.“
ხარება
26მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი,
27ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი.
28და შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის.“
29ის შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება?
30და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ.
32დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს.
33და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“
34უთხრა მარიამმა ანგელოზს: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“
35მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილი იწოდება ღვთის ძედ.
36აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე.
37ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი.“
38თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.“ და განეშორა მას ანგელოზი. „ადიდებს სული ჩემი უფალსა!“
39ადგა მარიამი იმ დღეებში და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40და შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს.
41როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში. და აღივსო ელისაბედი სულიწმიდით.
42და დაიძახა ხმამაღლა და თქვა: „კურთხეული ხარ დედათა შორის, და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!
43ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში.
45ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ.“
46და თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა,
47და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა.
49ვინაიდან დიდი საქმე მიყო ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი.
50და მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე.
51ქმნა სიმტკიცე თავისი მკლავით; გაფანტა ამპარტავანნი მათი გულისზრახვებთან ერთად;
52ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53მშიერნი სიკეთით აღავსო და მდიდარნი ხელცარიელი გაუშვა;
54შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს – აბრაამს და მის მოდგმას საუკუნოდ.“
56დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს და დაბრუნდა თავის სახლში.
იოანეს შობა
57ელისაბედს კი დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ.
59მერვე დღეს მივიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მამამისის სახელი – ზაქარია.
60მიუგო დედამისმა და თქვა: „არა, იოანე ერქმევა მას.“
61უთხრეს მას, რომ შენს ნათესაობაში არავინ არის, რომ ეგ სახელი ერქვას.
62ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63და ფიცარი მოითხოვა და დაწერა: „იოანეა მისი სახელი.“ და ყველას გაუკვირდა ეს.
64უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და ადიდა ღმერთი.
65შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა. და ყოველივე ამაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო მთელი იუდეის მთიანეთში.
66ყველამ, ვინც მოისმინა ეს, გულში ჩაიდო და თქვა: „რა იქნება ეს ყრმა?“ და უფლის ხელი იყო მასთან.
67მამამისი ზაქარია აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68„კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რადგან მოხედა თავის ხალხს და გაუმზადა მას გამოსყიდვა.
69აღგვიდგინა რქა ხსნისა თავისი მსახურის, დავითის სახლში,
70როგორც ელაპარაკებოდა ძველთაგანვე თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;
73ფიცს, რომლითაც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაამს, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ,
74ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად
75გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლე.
76და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით,
78ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან,
79ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე.“
80ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.

Currently Selected:

ლუკ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy