YouVersion Logo
Search Icon

ლევ. 26

26
მორჩილებისათვის კურთხევათა და ურჩობისათვის სასჯელთა წარდგენა
1„‘არ გაიკეთოთ კერპები, და ქანდაკება და სვეტი არ აღმართოთ თქვენთვის, და ქვა გამოსახულებით არ დადგათ თქვენს ქვეყანაში სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
2„‘ჩემი შაბათობები დაიცავით და ჩემი საწმიდრის წინაშე იყავით მოკრძალებულნი. მე ვარ უფალი.
3„‘თუ ივლით ჩემი წესებით და ჩემს მცნებებს დაიცავთ და აღასრულებთ მათ,
4მე მოგცემთ თქვენ წვიმებს დროულად და მიწა გამოიღებს თავის მოსავალს, და ხე ველისა მოგცემთ თავის ნაყოფს.
5და თქვენთან კალოს ლეწვა და რთვლობამდე გასტანს, და რთვლობა თესვამდე გასტანს, და შეჭამთ თქვენ პურს მაძღრისად, და იცხოვრებთ მშვიდად თქვენს ქვეყანაში.
6„‘და დავამყარებ მშვიდობას ქვეყანაში და დაწვებით უშფოთველად. განვდევნი სასტიკ მხეცებს ქვეყნიდან. და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაში.
7და განდევნით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით.
8ხუთი თქვენგან განდევნის ასს და ასი თქვენგან განდევნის ათი ათასს, და დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე მახვილით.
9„‘და მოვიხედავ მე თქვენსკენ, და მოგაშენებთ თქვენ და გაგამრავლებთ, და განვამტკიცებ ჩემს აღთქმას თქვენთან.
10და შეჭამთ შარშანდელ ძველს, და გადაყრით ძველს ახლისათვის.
11და აღვმართავ ჩემს სავანეს თქვენში, და არ შეგიძულებთ თქვენ ჩემი სული.
12და ვივლი მე თქვენს შორის და ვიქნები თქვენს ღმერთად, და თქვენ იქნებით ჩემს ხალხად.
13მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად. და დავწყვიტე აპეურები თქვენი უღლისა და წამოგიყვანეთ თქვენ თავაღმართულნი.
14„‘თუ არ გამიგონებთ და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებებს,
15და თუ ჩემს წესებს შეიზიზღებთ, თუ ჩემს სამართალს შეიძულებთ, რათა არ აღასრულოთ ჩემი ყოველი მცნება, ჩემი აღთქმის დარღვევით,
16მეც ასევე მოგექცევით თქვენ: მოვავლენ თქვენზე საშინელებას, მღიერებას და ციებ-ცხელებას, რომელნიც ქანცავენ თვალებს და აწამებენ სულს. ამაოდ დათესავთ თქვენს თესლს, და შეჭამენ მას თქვენი მტრები.
17და მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენზე და განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე, და იბატონებენ თქვენზე თქვენი მოძულენი და გაიქცევით, როცა არავინ დაგიწყებთ დევნას.
18„‘და თუ მაინც არ გამიგონებთ, შვიდჯერ გავზრდი სასჯელს თქვენი ცოდვებისათვის.
19და შევმუსრავ თქვენი ძლევამოსილების ამპარტავნებას და გადავაქცევ თქვენს ზეცას, ვითარცა რკინას, და თქვენს მიწას, ვითარცა სპილენძს.
20და ამაოდ დაილევა თქვენი ძალა და არ გაიღებს თქვენი მიწა თავის მოსავალს, და ხე მიწისა არ გამოიღებს თავის ნაყოფს.
21„‘და თუ თქვენ მაინც წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ და არ ისურვებთ ჩემს გაგონებას, შვიდმაგად გავზრდი თქვენს ცემას თქვენი ცოდვებისათვის.
22და მოვავლენ თქვენზე ველურ ცხოველებს, რომლებიც მოგისპობენ შვილებს, და ამოგიწყვეტენ საქონელს, და შეგამცირებენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები.
23„‘და თუ ამითაც არ გამოსწორდებით და წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ,
24მეც წავალ თქვენს წინააღმდეგ და გცემთ თქვენ შვიდმაგად თქვენი ცოდვებისათვის.
25და მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებისათვის. და თუ დაიმალებით თქვენს ქალაქებში, მაშინ მოვავლენ შავ ჭირს თქვენს შორის და ჩაცვივდებით მტრის ხელში.
26ისე შეგიმუსრავთ პურის სახსარს, რომ ათი ქალი გამოაცხობს თქვენს პურს ერთ თონეში, და წონით დაგიბრუნებენ თქვენს პურს. ჭამთ და ვერ გაძღებით.
27„‘და თუ ამის შემდეგაც არ გამიგონებთ და წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ,
28მეც წამოვალ სისასტიკით თქვენს წინააღმდეგ და დაგსჯით თქვენ შვიდმაგად თქვენი ცოდვებისათვის.
29და შეჭამთ თქვენ ხორცს თქვენი ვაჟებისას, და ხორცს თქვენი ასულებისას შეჭამთ.
30და გავანადგურებ თქვენ მაღლობებს და და-ვაქცევ თქვენს მზის კერპებს, და დავყრი თქვენს მძორებს თქვენს დანგრეულ კერპებზე, და შეგიძულებთ ჩემი სული.
31და გარდავაქცევ თქვენს ქალაქებს უდაბნოებად, და ავაოხრებ თქვენს სამსხვერპლოებს, და აღარ ვიყნოსავ თქვენს მსხვერპლთა კეთილსურნელებას.
32და ავაოხრებ თქვენს ქვეყანას ისე, რომ გაოგნდებიან მისით იქ ჩასახლებული თქვენი მტრები.
33და გაგფანტავთ ხალხთა შორის და ვიშიშვლებ მახვილს თქვენს კვალდაკვალ, და გადაიქცევა თქვენი ქვეყანა უდაბნოდ და თქვენი ქალაქები ნანგრევებად.
34მაშინ აინაზღაურებს თავის შაბათებს მიწა თავისი უკაცრიელების მთელ დროს, როცა იქნებით თქვენი მტრების ქვეყანაში, მაშინ დაისვენებს მიწა და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებით.
35თავისი უკაცრიელების მთელ დროს დაისვენებს იმდენს, რამდენიც არ დაუსვენიათ თქვენს შაბათებში, როცა თქვენ მკვიდრობდით მასზე.
36„‘და თქვენგან დარჩენილთა გულებში შთავნერგავ სიმხდალეს მათი მტრების ქვეყანაში, და დააფრთხობს მათ შრიალი შერხეული ფოთლისა, და გაიქცევიან, როგორც გარბიან მახვილისაგან, და დაეცემიან, როცა არავინ იქნება მათი მდევნელი.
37ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისაგან, თუმცა მდევნელი არავინ იქნება. და არ გექნებათ ძალა, რომ გაუძლოთ თქვენს მტერს.
38და დაიღუპებით ხალხთა შორის და გშთანთქავთ თქვენ მიწა თქვენი მტრებისა.
39და თქვენგან გადარჩენილნი ჩამოხმებიან თავიანთი ცოდვებისაგან თქვენი მტრების ქვეყანაში, და თავიანთი მამების ცოდვებისთვისაც ჩამოხმებიან.
40„‘და აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და თავიანთი მამების ბრალს თავიანთ მუხთლობაში, როდესაც მე მიმუხთლეს, და კიდევ იმაში, რომ წავიდნენ ჩემს წინააღმდეგ,
41და მეც წავალ მათ წინააღმდეგ, და მივიყვან მათი მტრების ქვეყანაში. მაშინ მოითრგუნება მათი წინადაუცვეთილი გული, მაშინ იგემებენ თავიანთი დანაშაულისათვის.
42და გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან და ჩემს აღთქმას ისაკთან, და ჩემს აღთქმას აბრაამთან გავიხსენებ, ქვეყანასაც გავიხსენებ.
43და როცა მიწა მიტოვებული იქნება მათგან და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებისთვის მათგან გაუკაცრიელების დროს, და იგემებენ თავიანთი დანაშაულისთვის, რადგან სამართალი ჩემი შეიზიზღეს და ჩემი წესები შეიძულა მათმა სულმა.
44და მაინც მათი მტრების ქვეყანაში ყოფნისას არ გავაბეზრებ მათ და არ შევიძულებ იმ ზომამდე, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
45და გავიხსენებ მათთვის აღთქმას წინაპრებთან, რომელნიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ხალხთა თვალწინ, რათა ვიყო მათთვის ღმერთად. მე ვარ უფალი.’“
46ესენია წესები და სამართალნი და რჯულნი, რომელნიც დაადგინა უფალმა ისრაელის ძეთა და თავის შორის სინაის მთაზე, მოსეს ხელით.

Currently Selected:

ლევ. 26: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in