YouVersion Logo
Search Icon

დან. 5

5
დანიელის ბედი ბელშაცარისა
და დარიოსის მეფობისას
1მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს და იმ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს.
2ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა, რომ მოერთმიათ მისთვის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს, მამამისს, გამოტანილი ჰქონდა იერუსალიმის ტაძრიდან, რათა მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ესვათ.
3მაშინ მოიტანეს ის ოქროს ჭურჭლეული, რომელიც წამოღებული იყო ტაძრიდან, ღვთის სახლიდან, რომელიც იერუსალიმში იყო. იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები.
4სვამდნენ ისინი ღვინოს და ადიდებდნენ ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს.
წარწერა კედელზე
5სწორედ ამ დროს გამოჩნდა კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა.
6მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრებმა შეაშფოთეს. თეძოს სახსრები დაუდუნდა, მისი მუხლები ერთმანეთს ეხლებოდა.
7ხმამაღლა იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდეველები, მკითხავები მოეყვანათ, მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: „ვინც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე გახდება მთავარითა შორის.“
8მაშინ მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მეფისათვის მისი მნიშვნელობის ახსნა ვერ შეძლეს.
9მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და სახეზე ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდებულებიც.
10მეფისა და დიდებულების ლაპარაკზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა და უთხრა: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაძრწუნებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება სახეზე ფერი!
11შენს სამეფოში ერთი კაცია, რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე – ღმერთების სიბრძნის დარი. მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა, მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და გრძნეულების მთავრად დააყენა.
12ეს იმიტომ, რომ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშაცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრის ახსნისა, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა. ახლა დანიელს დაუძახეთ და ის იტყვის ახსნას.“
13მაშინ მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „შენა ხარ ის დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგან, რომელნიც მამაჩემმა – მეფემ იუდადან წამოასხა?
14შენზე გაგონილი მაქვს, რომ შენში ღვთის სულია და ნათელი, გონიერება და საკვირველი სიბრძნე მოიპოვება.
15ახლახან ბრძენკაცები და ჯადოქრები მყავდნენ მოყვანილნი ჩემს წინაშე წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ სიტყვის ახსნა.
16შენზე გაგონილი მაქვს, რომ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შეძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და მისი მნიშვნელობის ახსნას ჩემთვის, ძოწეულით შეიმოსები, ყელზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებ და სამეფოში მესამე გახდები მთავართა შორის.“
განმარტება საიდუმლო წარწერისა
17მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: „შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც ვაუწყებ.
18მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს, სამეფო, სიდიადე, პატივი და დიდება.
19ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო. ვინც მას უნდოდა, ჰკლავდა, ვინც მას უნდოდა, ცოცხალს ტოვებდა, ვისაც უნდოდა, აღამაღლებდა და ვინც მას უნდოდა, დაამდაბლებდა.
20მაგრამ, როდესაც გული აღუმაღლდა და სული ისე გაუმქისდა, რომ გაკადნიერდა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა.
21მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან დაიდო ბინა. ბალახს აჭმევდნენ, როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და, ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას.
22შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი.
23შენ თავი აღაზევე ზეციერი უფლის წინააღმდეგ. შენს წინაშე მოიტანეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით იქიდან ღვინოს. ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ. ის ღმერთი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.
24მაშინ მოივლინა მისგან ხელის მტევანი და დაიწერა ეს წარწერა.
25აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: ‘მენე, მენე, თეკელ უფარსინ.’
26აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე – აღრიცხა ღმერთმა შენი სამეფო და ბოლო მოუღო მას.
27თეკელ – სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი.
28ფერეს – გაიყო შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა იგი.“
29მაშინ მეფე ბელშაცარმა ბრძანა და დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და გამოაცხადეს, რომ იგი სამეფოში მესამე მთავარი იქნებოდა.
30იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.
31დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო.

Currently Selected:

დან. 5: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy