YouVersion Logo
Search Icon

2მეფ. 21

21
შიმშილობა
1ქვეყანაში სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დღეებში. და დაეკითხა დავითი უფალს. და უთხრა უფალმა: „საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, გაბაონელნი რომ გაწყვიტა.“
2და დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელის ძენი, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელის ძეთ შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელის ძეთა და იუდას მიმართ შურის გამო.
3და უთხრა დავითმა გაბაონელებს: „რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო?“
4და უთხრეს გაბაონელებმა: „არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მისი სახლისგან. არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში.“ და თქვა მეფემ: „რასაც იტყვით, აგისრულდებათ.“
5და უთხრეს მეფეს: „რაკი გვანადგურებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან,
6ჩაგვაბარე შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის, გიბყაში.“ თქვა მეფემ: „ჩაგაბარებთ.“
7და დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა და უფლის ფიცის გამო, რომელიც დადებული იყო მათ შორის, დავითსა და იონათან საულის ძის შორის.
8და წამოიყვანა მეფემ ორი ძე რიცფასი, აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და წამოიყვანა ხუთი ძე მიქალისა, საულის ასულისა, რომლებიც მან უშვა ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს.
9და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. და დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერების მკის დასაწყისში.
10და აიღო რიცფამ, აიას ასულმა, ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე, და უგერიებდა გვამებს – დღისით ცის ფრინველებს და ღამით მტაცებელ ცხოველებს.
11და შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, აიას ასულმა, საულის ხარჭამ.
12და მაშინ წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები გილყადის იაბიშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთ-შანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა საული გილბოაყში.
13და ამოიტანა იქიდან საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები. და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლები.
14და დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის, ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, კიშის, მისი მამის, სამარხში. და ყველაფერი შეასრულეს, რაც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს. ამის შემდეგ მოიღო ღმერთმა ქვეყანაზე მოწყალება.
ბრძოლა ფილისტიმელებთან
15და კიდევ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. და ჩამოვიდა დავითი თავის ხალხითურთ და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. და დაიღალა დავითი.
16მაშინ იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა.
17და მიეშველა მას აბიშაი, ცერუიას ძე, და დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა იგი. მაშინ დააფიცეს დავითი მისმა ხალხმა და უთხრეს: „აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რომ ისრაელის ლამპარი არ ჩააქრო.“
18ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო.
19კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან, და ელხანანმა, იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გითელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
20კიდევ მოხდა ბრძოლა გათში, და იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ესხა – სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო.
21და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათანმა შიმყის ძემ, დავითის ძმისწულმა.
22ეს ოთხი ეყოლა რაფას გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ.

Currently Selected:

2მეფ. 21: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy