მათ. 14
14
ნათლისმცემლის თავისმოკვეთა
1იმ დროს ესმა ჰეროდეს – ტეტრარქს – იესოს ამბავი.
2და უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ სასწაულნი მოქმედებენ მასში.“
3ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას, გამო.
4ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას: შენთვის ნებადართული არ არის მისი ყოლა.
5და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
6ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს.
7ამიტომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რაც არ უნდა ეთხოვა.
8ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: „მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.“
9და შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა.
10და წარგზავნა და იოანესათვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში.
11და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა.
12და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და აუწყეს იესოს.
ხუთი ათასი კაცის გაძღება
13ეს რომ იესომ მოისმინა, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და ეს რომ ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან.
14გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.
15როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის.“
16იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით საჭმელი.“
17მათ უთხრეს: „ჩვენ აქ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს.“
18მან უთხრა: „აქ მომიტანეთ.“
19და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს.
20ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი.
21მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
წყალზე სიარული
22და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა.
23როცა გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ.
24ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო.
25ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით.
26მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს.
27მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“
28მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ.“
29უთხრა: „მოდი!“ პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო.
30მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“
31იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“
32როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა.
33ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ.“
გენესარეთის ქვეყანაში სნეულთა განკურნება
34გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.
35იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი, წარგზავნეს მთელს იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი.
36და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა.
Iliyochaguliwa sasa
მათ. 14: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002