მათ. 11
11
იოანე ნათლისმცემლის შეკითხვა
1როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად.
2ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა,
3რომ ეთქვათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“
4მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
5ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.
6ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.“
იოანეს შეფასება იესოს მიერ
7როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?
8აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.
9აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც.
10ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’
11ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.
12იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.
13ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.
14თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
15ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!
16მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს
17და ეუბნებიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ იგლოვეთ.’
18მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
19მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: ‘აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.’ სიბრძნე კი საქმეებით მართლდება.“
ვაი, შენ, ქორაზინო, ბეთსაიდავ
და კაპერნაუმო
20მაშინ იწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალნი, იმის გამო, რომ არ მოინანიეს.
21„ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ.
22მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.
23შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა.
24ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ.“
ბრძენთა და გონიერთათვის დაფარული, ჩვილებისათვის გაცხადებული
25მაშინ თქვა იესომ: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.
26ჰე, მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება.
27ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს.
28მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.
29იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.“
Iliyochaguliwa sasa
მათ. 11: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002