Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

დაბ. 44

44
იოსების ძმების შიში
1და უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს: „აავსე ამ კაცების ტომრები იმდენი საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შეძლებენ, და დაუდევი თითოეულს თავისი ვერცხლი ტომრის პირზე.
2და ჩემი ვერცხლის თასი ჩადევი უმცროსის ტომარაში, და იქვე ჩადე მის მიერ ხორბალში გადახდილი ვერცხლი.“ და მან გააკეთა იოსების სიტყვებისამებრ, როგორც ბრძანა.
3და გათენდა, და გაუშვეს ეს ხალხი თავიანთი სახედრებით.
4ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, რომ იოსებმა უთხრა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რად მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ?
5ეს ხომ ისაა, რომლიდანაც სვამს ჩემი ბატონი და ამით მარჩიელობს? ცუდად მოიქეცით!’“
6და დაეწია და გაუმეორა მათ ეს სიტყვები.
7და უთხრეს მათ: „რად ლაპარაკობს ჩემი ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მსახურები ამ საქმის ჩადენისგან!
8ის ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ადრე ჩვენს ტომრებში, დაგიბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან, და როგორ მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?!
9თუ რომელიმე ჩვენგანს აღმოაჩნდეს, მოკვდეს ის, ჩვენ კი დავემონებით ჩვენს ბატონს.“
10და მან თქვა: „თქვენი სიტყვებისამებრ იყოს. ვისაც აღმოაჩნდება, იგი გამიხდეს მონად და დანარჩენები თავისუფალი იქნებით.“
11და სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა, და მოხსნეს პირები.
12გაჩხრეკა უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. და აღმოჩნდა თასი ბენიამინის ტომარაში.
13და შემოიხიეს მათ თავიანთი სამოსელი, და დატვირთეს თავიანთი სახედრები და დაბრუნდნენ ქალაქში.
14და მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში, ის კი ჯერ კიდევ იქ იყო, და დაემხნენ მის წინაშე მიწაზე.
15და უთხრა მათ იოსებმა: „ეს რა გააკეთეთ? ნუთუ არ იცოდით, რომ ისეთი კაცი, როგორიც მე ვარ, ყოველივეს გამოიცნობდა?“
16და თქვა იუდამ: „რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ და რითი გავიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენს მსახურთა დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.“
17და თქვა: „ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან.“
18და მიეახლა მას იუდა, და უთხრა: „გევედრები, ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მსახურს ჩემი ბატონის ყურთა სასმენად, და ნუ განურისხდები შენს მსახურს, რადგან შენ ფარაონის ტოლი ხარ!
19ჩემმა ბატონმა გვკითხა მის მსახურთ: მამა ან ძმა თუ გყავთო.
20და ვუთხარით ჩვენ ბატონს, რომ გვყავს მოხუცებული მამა და მისი სიბერის ძე, უმცროსი ძმა, რომელსაც მოუკვდა ძმა და ისღა დარჩა მისი დედისაგან, და ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.
21და გვითხარი შენს მსახურთ: ‘ჩამოიყვანეთ იგი ჩემთან, და ჩემი თვალით ვნახავ.’
22და ვუთხარით ჩვენს ბატონს: ‘არ შეუძლია ყმაწვილს მამის დატოვება, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.’
23და გვითხარი შენს მსახურთ: ‘თუ არ ჩამოვიდა თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად, ჩემ სახეს ვერ იხილავთ.’
24და ჩვენ მივედით მამაჩვენთან, შენს მსახურთან, და მოვუთხრეთ ჩემი ბატონის სიტყვები.
25და გვითხრა მამაჩვენმა: ‘დაბრუნდით და იყიდეთ მცირედი საზრდო.’
26და ვუთხარით: ‘არ შეგვიძლია წასვლა, ხოლო თუ ჩვენი უმცროსი ძმა იქნება ჩვენთან, მაშინ წავალთ, რადგან, ვერ ვიხილავთ იმ კაცის სახეს, თუ ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან.’
27და გვითხრა შენმა მსახურმა, მამაჩვენმა: ‘თქვენ იცით, რომ ორი მიშვა მე ჩემმა ცოლმა.
28და წავიდა ერთი ჩემგან, და ვთქვი: მხეცმა დაგლიჯა-მეთქი. იგი აქამდე აღარ მინახავს.
29წაიყვანთ ამასაც ჩემი პირისგან და, თუ შეემთხვა ფათერაკი, ჩადებთ ჩემს გამწარებულ ჭაღარას შავეთში.’
30და ახლა, რომ მივუვალთ მამაჩვენს, შენს მსახურს, და ეს ყმაწვილი არ იქნება ჩვენთან, რომლის სულთანაც გადასკვნილია მისი სული,
31და როცა ნახავს, რომ ის არ არის ჩვენთან, მოკვდება, და ჩადებენ შენი მსახურნი შენი მსახურის, მამაჩვენის, ჭაღარას დამწუხრებულს შავეთში.
32შენი მსახური მამაჩემთან გავხდი თავდები ამ ყმაწვილისათვის, როცა ვუთხარი: ‘თუ არ მოგიყვან მას, მაშინ შემცოდე ვიყო მამაჩემის წინაშე სამუდამოდ.’
33და ახლა მე, შენი მსახური, დავრჩები მონად ჩემს ბატონთან ამ ყმაწვილის ნაცვლად, ეს ყმაწვილი კი წავიდეს თავის ძმებთან ერთად,
34რადგან როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი არ იქნება ჩემთან? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, რომელიც მამაჩემს ეწევა!“

Iliyochaguliwa sasa

დაბ. 44: GEO02

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia