Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

დაბ. 43

43
ეგვიპტეში გამგზავრება
ბენიამინთან ერთად
1შიმშილი გაძლიერდა ქვეყანაზე.
2და როცა გაუთავდათ ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური, უთხრა მათ მამამ: „გაბრუნდით, იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო.“
3და უთხრა მას იუდამ: „მკაცრად გაგვაფრთხილა ჩვენ იმ კაცმა და გვითხრა: ‘ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა არ იქნება თქვენთან ერთად.’
4თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, მაშინ ჩავალთ და ვიყიდით შენთვის საზრდოს.
5და თუ არ გაგვაყოლებ, ვერ წავალთ, რადგან იმ კაცმა გვითხრა, რომ ვერ ვიხილავთ მის სახეს, თუ ჩვენი ძმა არ იქნება ჩვენთან.“
6და თქვა ისრაელმა: „რად მიბოროტეთ და უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?“
7და მათ უთხრეს: „გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი, ამ სიტყვებით: ‘კიდევ ცოცხალია თქვენი მამა? გყავთ ძმა?’ და ჩვენ ვუპასუხეთ ამ სიტყვებზე. რა ვიცოდით, რომ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?“
8და უთხრა იუდამ მამამისს: „გამოუშვი ყმაწვილი ჩემთან; და ჩვენ ავდგებით და წავალთ, და შიმშილით არ დავიხოცებით, არც შენ და არც ჩვენი ბავშვები!
9და მე ვარ თავდები მისი, ჩემი ხელიდან მოითხოვე იგი. თუ არ მოვიყვანე შენთან და წინ არ დაგიყენე, მაშინ შემცოდე ვიყო შენს წინაშე მთელი სიცოცხლე!
10რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ჩავიდოდით.“
11და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: „თუ ასეა, ასე გააკეთეთ: აიღეთ ამ ქვეყნის ნაყოფთაგან და გაავსეთ ჭურჭლები. და ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და შტახსი, ფუსტუღი და ნუში.
12და ორმაგი ვერცხლი წაიღეთ თან. და თქვენს ტომრებში დაბრუნებული ვერცხლი დაუბრუნეთ. ეგებ შეცდომა იყო.
13თქვენი ძმა წაიყვანეთ. ადექით და დაბრუნდით იმ კაცთან.
14და ყოვლადძლიერმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ შებრალება იმ კაცის წინაშე, და გამოუშვას თქვენი სხვა ძმაც და ბენიამინიც. მე კი, როგორც ვიყავი შვილმკვდარი, ისე შვილმკვდრად დავრჩები.“
15და აიღეს კაცებმა ეს საჩუქარი და ორმაგი ვერცხლი, და თან წაიყვანეს ბენიამინი. და ჩავიდნენ ეგვიპტეში, და წარდგნენ იოსების წინაშე.
16და დაინახა იოსებმა მათთან ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: „მიიყვანე ეს ხალხი სახლში, და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან უნდა ჭამონ პური ამ ხალხმა შუადღისას.“
17და გააკეთა ამ კაცმა ისე, როგორც უთხრა იოსებმა, და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
18და შეეშინდათ ძმებს, რადგან მიიყვანეს იოსების სახლში, და თქვეს: „ალბათ ჩვენს ტომრებში დაბრუნებული ვერცხლის გამო მოგვიყვანეს აქ, რათა ცილი დაგვწამონ და თავს დაგვესხან, და დაგვატყვეონ ჩვენ და ჩვენი სახედრები.“
19და მივიდნენ ისინი იოსების სახლის მოურავთან, და ელაპარაკნენ მას ჭიშკართან.
20და უთხრეს მას: „მოგვისმინე, ბატონო! ჩვენ უწინაც ჩამოვსულვართ აქ საზრდოს საყიდლად,
21და როცა მივედით ჩვენ ღამისსათევში და გავხსენით ჩვენი ტომრები, ვნახეთ ჩვენი ვერცხლი ჩვენსავე ტომრებში. და გიბრუნებთ მას ჩვენივე ხელით.
22და სხვა ვერცხლი ჩამოვიტანეთ ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ჩვენი ვერცხლი ჩვენს ტომრებში!“
23და უთხრა მათ: „იყავით მშვიდად! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა მოგცათ თქვენ განძი თქვენს ტომრებში. თქვენი ვერცხლი ჩემამდე მოვიდა.“ და გამოიყვანა მათთან სიმონი.
24და შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, და მისცა წყალი და დაიბანეს ფეხები. და მისცა საკვები მათ სახედრებს.
25და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26და მოვიდა იოსები სახლში. და მიართვეს მას საჩუქარი, რომელიც ხელთ ჰქონდათ, და სცეს მას თაყვანი მიწამდე.
27და გამოჰკითხა იოსებმა მათ ჯანმრთელობა, და უთხრა: „ხომ ჯანმრთელადაა თქვენი მოხუცი მამა, რომელზეც თქვენ მელაპარაკეთ? ხომ კიდევ ცოცხალია?“
28და მათ უთხრეს: „ჯანმრთელადაა მამაჩვენი, შენი მსახური, კიდევ ცოცხალია.“ და მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
29და აღაპყრო იოსებმა თვალი, და დაინახა ბენიამინი, თავისი ძმა, ძე თავისი დედისა, და თქვა: „ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მეუბნებოდით?“ და თქვა: „ღმერთი გწყალობდეს შენ, ჩემო შვილო!“
30და ისწრაფა იოსებმა, რადგან გაუღვივდა სიყვარული თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა. და გავიდა სხვა ოთახში და იქ ატირდა.
31და დაიბანა პირი და შემოვიდა. ძალი მოიცა და თქვა: „დააწყვეთ პური.“
32და მოართვეს მას ცალკე და იმათ – ცალკე, და მასთან მეინახე ეგვიპტელებს ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს პურის ჭამა ებრაელებთან. სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის.
33და დასხდნენ მის წინაშე: პირმშო თავისი პირმშოობისაებრ და უმცროსი თავისი უმცროსობისაებრ და გაოცებით უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
34და მიატანინა მათთვის თავისგან კერძი და ბენიამინის კერძი იყო ხუთჯერ მეტი სხვების კერძებზე. და სვეს მათ და გაიხარეს მასთან სმაში.

Iliyochaguliwa sasa

დაბ. 43: GEO02

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia