გამ. 10
10
კალია და წყვდიადი
1და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან, რადგან მე დავამძიმე მისი გული და გული მისი მსახურებისა, რათა გამოვავლინო ეს ჩემი სასწაულები მათში.
2რათა შენ მოუთხრო შენს შვილსა და შვილიშვილს, რაც გავაკეთე ეგვიპტეში და ჩემს სასწაულებზე, რომელნიც მე მოვუვლინე, და თქვენ გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი.“
3და მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან, და უთხრეს მას: „ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘როდემდე მეურჩები? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.
4თუ უარს იტყვი ჩემი ხალხის გაშვებაზე, მე ხვალ მივუსევ კალიას შენს მიწა-წყალს.
5და დაფარავს იგი მიწისპირს და შეუძლებელი იქნება ხილვა მიწისა, და იგი შეჭამს გადარჩენილ ნატამალს, რაც სეტყვას გადაგირჩათ. და შეჭამს ყველა ხეს, მინდვრად რომ გეზრდებათ.
6და აავსებენ შენს სახლებს და შენს მსახურთა და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავთ შენს მამებს და შენს მამათა მამებს დღიდან ქვეყანაზე მათი მყოფობისა დღემდე.“ გაბრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან.
7და უთხრეს ფარაონს მსახურებმა: „როდემდე იყოს იგი ჩვენთვის დაბრკოლებად? გაუშვი ეს კაცები და ემსახურონ უფალს, თავიანთ ღმერთს. ნუთუ ჯერაც ვერ მიმხვდარხარ, რომ იღუპება ეგვიპტე?“
8დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და მან უთხრა მათ: „წადით, ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს. ვინ და ვინ არიან გამსვლელნი?“
9და თქვა მოსემ: „ჩვენი ჭაბუკებითურთ და ჩვენი მოხუცებითურთ წავალთ, ჩვენი ძეებითურთ და ჩვენი ასულებითურთ, ჩვენი წვრილფეხა და ჩვენი მსხვილფეხა საქონლიანად, რადგან უფლის დღესასწაული გვაქვს.“
10და უთხრა ფარაონმა მათ: „ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე გაგიშვათ თქვენი ბავშვებიანად. იცოდეთ, ბოროტია თქვენი განზრახვა.
11ასე არა! წადით თქვენ, კაცები, და ემსახურეთ უფალს, რაკი ამას ითხოვთ.“ და გამორეკეს ისინი ფარაონისაგან.
12და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ეგვიპტის ქვეყანაზე კალიისათვის, რათა შეესიოს იგი ეგვიპტის ქვეყანას და გადაჭამოს ყოველი ბალახი ქვეყნისა, ყოველივე, რაც სეტყვას გადაურჩა.“
13და გაიწოდა მოსემ თავისი კვერთხი ეგვიპტის ქვეყანაზე და უფალი დენიდა აღმოსავლეთის ქარს ქვეყანაზე მთელ იმ დღეს და მთელ იმ ღამეს. დადგა დილა და აღმოსავლეთის ქარმა მოიყოლია კალია.
14შეესია კალია ეგვიპტის მთელ ქვეყანას და მოედო მთელი ეგვიპტის მიწა-წყალს ძალზე მძიმედ. არც მანამდე ყოფილა ასეთი კალია და არც მერე იქნება.
15და დაფარა მთელი მიწის პირი და დაბნელდა ქვეყანა, და გადაჭამა მან ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა. და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე არ შერჩენილა სიმწვანე ხეს და ველის ბალახს.
16და სასწრაფოდ დაუძახა ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და თქვენს წინაშე.
17ახლა კი მომიტევეთ ჩემი ცოდვა ამ ერთხელაც და შეევედრეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რომ ამარიდოს ეს სიკვდილი.“
18და გამოვიდა იგი ფარაონისგან, და შეევედრა უფალს.
19და შემოაქცია უფალმა დასავლეთის ქარი, ძალზე ძლიერი და წაიღო კალია და მეწამულ ზღვაში ჩაყარა. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მთელ მიწა-წყალზე.
20და გაამძვინვარა უფალმა ფარაონის გული, და არ გაუშვა ისრაელის ძენი.
21და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ცისკენ და წყვდიადი ჩამოწვება ეგვიპტის ქვეყანაზე, შესაგრძნობი წყვდიადი.“
22და გაიწოდა მოსემ ხელი ცისკენ და იყო ნისლოვანი წყვდიადი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე სამი დღე.
23ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან სამს დღეს. ყოველ ისრაელის ძეს კი ჰქონდა სინათლე თავის სადგომში.
24და მოიხმო ფარაონმა მოსე, და უთხრა: „წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი გამოგყვნენ თქვენ.“
25და უთხრა მოსემ: „შენც უნდა მოგვცე ჩვენს ხელთ სამსხვერპლოები და სრულადდასაწველები, რათა მსხვერპლი შევწიროთ უფალს, ჩვენს ღმერთს.
26ჩვენი ჯოგიც უნდა წამოვიდეს ჩვენთან, ჩლიქიც კი არ უნდა დარჩეს, რადგან მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღმერთისათვის. არ ვიცით, რით ვემსახუროთ უფალს, ვიდრე იქ არ მივალთ.“
27და გაამძვინვარა უფალმა ფარაონის გული, და არ ინება მათი გაშვება.
28და უთხრა მას ფარაონმა: „თავიდან მომწყდი და გაფრთხილდი, აღარ დამენახო, თორემ იმ დღეს, როცა დამენახვები, მოკვდები.“
29და თქვა მოსემ: „სწორს ამბობ. მე აღარ დაგენახვები.“
Iliyochaguliwa sasa
გამ. 10: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002