მესამე მაკაბელთა 4
4
1ყველგან, სადაც კი მივიდოდა მეფის ბრძანება, წარმართთა შორის საზოგადო ხარჯზე იმართებოდა მხიარული და ხმაურიანი ღრეობები, თითქოს გულის სეღრმეში მიჩქმალული სიძულვილი ახლა აშკარად იჩენდა თავს.
2იუდაელებს კი განუწყვეტელი მოთქმა-გოდებისა და ცრემლის ღვრის ჟამი დაუდგათ; გულისმომკვლელი გმინვა და ქვითინი ისმოდა ყველგან; ტიროდა ასე ანაზდად და მოულოდნელად სასიკვდილოდ განწირული ხალხი.
3რომელი კუთხე თუ ქალაქი, ან რომელი ქუჩა თუ საცხოვრისი არ შეუძრავს მათ მოთქმა-გოდებას?
4საცოდავებს დაუნდობლად ერეკებოდნენ ქალაქებიდან სასტიკი და ულმობელი სარდლები, ასე რომ, ამ უჩვეულო სასჯელისა და სახალხო უბედურების შემყურე ზოგიერთი მტერიც კი წუთისოფლის სიმუხთლეზე ფიქრობდა და დასტიროდა უსამართლოდ დასჯილთა ხვედრს.
5მიერეკებოდნენ ჭაღარით მოსილ, წელთა სიმრავლით წელში მოხრილსა და მოტეხილ მხცოვანთ, და დაუნდობლად გაძევების მოთხოვნისამებრ, აიძულებდნენ სირბილით ევლოთ.
6გოდებდნენ ახლად დაქორწინებული ყმაწვილი ქალები, ის იყო ფეხი რომ შეედგათ სანთიობოში, გლოვად ქცეოდათ შვება, მტვერსა და ნაცარს იყრიდნენ სურნელებანაპკურებ თმაზე და თავშიშველნი, საქორწინო სიმღერების ნაცვლად, მოსთქვამდნენ, უცხოთესლთა სისასტიკით განაწამებნი.
7ბორკილდადებულთ ძალით მიათრევდნენ ხალხის თვალწინ, ვიდრე ხომალდში ჩაყრიდნენ.
8ხოლო მათი ჭაბუკი ქმრები, კისერზე თოკშემოჭერილნი, ლხენისა და განცხრომის ნაცვლად, გლოვაში ატარებდნენ თაფლობის თვის დარჩენილ დღეებს, რადგანაც ფეხქვეშ უკვე ხახადაღებულ ჯოჯოხეთს ხედავდნენ.
9მხეცებივით მიათრევდნენ რკინის ბორკილების ჩხარუნით, ზოგს ჯაჭვებით აბამდნენ ხომალდის მერხებს, ზოგისთვის კი ხუნდები დაედოთ ფეხზე.
10ზემოდან სქელი ფიცარნაგი არ აძლევდათ იმის საშუალებას, რომ დღის სინათლე ეხილათ და ბოროტმოქმედთა მსგავსად მთელი გზა ბნელში უნდა მსხდარიყვნენ.
11როცა სქედიად წოდებულ ადგილს მიადგნენ, მეფის განკარგულებისამებრ, მათი მგზავრობაც დასრულდა, რადგანაც ნაბრძანები იყო ჰიპოდრომზე დაემწკრივებინათ ისინი, რომელსაც ფართო გალავანი ერტყა და, სწორედ რომ, ზედგამოჭრილი იყო სამაგალითოდ დასასჯელად ყველას თვალწინ, ვინც კი ქალაქში შედიოდა ან ქალაქიდან მიემგზავრებოდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეს. უბედურებს მეომრებთანაც აკრძალული ჰქონდათ ურთიერთობა და მოქალაქეებთანაც.
12როდესაც ყოველივე ეს აღსრულდა, მეფემ შეიტყო, რომ ქალაქიდან მალულად გამოდიოდნენ დასასჯელად განწირულთა თვისტომნი და მწარედ დასტიროდნენ მოძმეთა სავალალო ხვედრს.
13განრისხებულმა ბრძანა, რომ ესენიც არანაკლები სისასტკით დაესაჯათ.
14განკარგულება გაიცა, სახელდებით აღეწერათ მთელი ხალხი, მაგრამ იმ მიზნით კი არა, რომ მონებივით ემუშავებინათ, როგორც ცოტა ხნის წინათ იყო გამოცხადებული, არამედ საწამებლად, რათა სამუდამოდ მოეღოთ ბოლო მათთვის.
15და თუმცა აღწერა ძალზე სწრაფად და გამალებით მიმდინარეობდა, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, მაგრამ ორმოც დღეშიც ვერ მორჩნენ საქმეს.
16აღტაცებული მეფის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ყველა კერპის წინაშე დაუსრულებელ ღრეობას მართავდა და როგორც უკუღმართი ზრახვით, ისე ბილწი ბაგითაც ადიდებდა იმათ, ვისაც არც მეტყველების უნარი აქვს და არც შემწეობისა, უზენაეს ღმერთს კი უგვანი სიტყვით გმობდა.
17როცა დათქმული ყავლი გავიდა, აღმწერლებმა მოახსენეს მეფეს, რომ აღარ შეეძლოთ იუდაელთა აღწერა მათი ურიცხვი სიმრავლის გამო.
18თანაც, კიდევ უფრო მეტნი მთელ ქვეყანაში იყვნენ მიმოფანტულნი, ზოგი შინ იყო, ზოგიც გზაში, ასე რომ, ეგვიპტის მთელი ხელისუფლებაც კი ვერ შეძლებდა მათ აღწერას.
19განრისხებული მეფე დაემუქრა და ბრალი დასდო მათ: მოქრთამულები ხართ და მზაკვრულად ცდილობთ თავის დაძვრენასო.
20მაშინ უფრო დაბეჯითებით დაუწყეს დარწმუნება, აღწერისათვის საჭირო ქაღალდი და კალმები რომ გამოელიათ.
21ეს იყო მოქმედება წინააღუდგომელი ზეციური განგებისა, რომელიც შეეწეოდა იუდაელებს.
Iliyochaguliwa sasa
მესამე მაკაბელთა 4: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002