Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

მესამე მაკაბელთა 2

2
1მაშინ სიმონ მღვდელმთავარმა ტაძრის წინ მოიყარა მუხლი, მოწიწებით გაიწოდა ხელები და ასე ილოცა:
2„უფალო, უფალო, ცათა მეუფეო და ყოველი ქმნილების მბრძანებელო, წმიდაო წმიდათა შორის, ყოვლისმპყრობელო, მოგვხედე ურვილთ უღვთოსა და მკრეხელისაგან, ძალითა და მძლავრებით რომ გათავხედებულა.
3რადგანაც, ყოვლის შემქმნელო და ყოვლის გამრიგევ, სამართლიანო მეუფეო, შენ განსჯი ყველა თავხედსა და კადნიერს.
4აკი უწინაც შეგიმუსრავს უსამართლობის მოქმედნი, რომელთა შორისაც გიგანტებიც იყვნენ, თავიანთი ძალისა და კადნიერების მოიმედენი, უზომო წყალი რომ მოუვლინე და წარხოცე ისინი.
5შენ გადაბუგე ცეცხლითა და გოგირდით თავგასული სოდომელები, აშკარად რომ სჩადიოდნენ უკეთურებას და ჭკუის სასწავლ მაგალითად დასახე ისინი შთამომავლობისათვის.
6შენი ძალმოსილება უჩვენე ამპარტავან ფარაონს, შენი წმიდა ხალხის – ისრაელის დამმონებელს, მრავალი სხვადსხვა სასჯელით ჰგვემე იგი და დაანახვე შენი ძლიერება.
7ეტლებითა და დიდძალი ლაშქრით რომ დაედევნა შენს ხალხს, ზღვის უფსკრულში დანთქე ისინი, ხოლო შენი, ყოველი ქმნილების მძლეთა-მძლე მბრძანებლის, მოსავნი უვნებლად გამოიყვანე.
8და განდიდებულ იქმენ შენი ხელის ნამოქმედარის მხილველთაგან.
9შენ, მეუფეო, რომელმაც შეჰქმენი უკიდეგანო და უსაზღვრო მიწა, ეს ქალაქი აირჩიე და შენდა სადიდებლად წმიდაჰყავ ეს ადგილი, თუმცაღა არა გაკლია რა, და შენი ღვთაებრივი გამოცხადებით განადიდე იგი, რათა შენი დიადი და სათაყვანებელი სახელის დიდება გეწილადებინა მისთვის.
10ისრაელის სახლის სიყვარულით აღგვითქვი, რომ, თუ უბედურებისა და გაჭირვების ჟამს ამ ადგილას მოვიდოდით და ვილოცებდით, შენ შეისმენდი ჩვენს ლოცვას.
11სარწმუნო ხარ და ჭეშმარიტი,
12რადგანაც ხშირად შეწევნიხარ გასაჭირში ჩავარდნილ ჩვენს წინაპრებს და საშინელი განსაცდელისაგან გიხსნია ისინი.
13და ახლა ჩვენც, წმიდაო მეუფეო, დიდი და ურიცხვი ცოდვების გამო ვიტანჯებით, მტრის ხელში ჩაცვივნილნი და უბედურებით დაუძლურებულნი.
14ამ ჩვენი დაცემის ჟამს ეს თავგასული და ღვთისმგმობი ცდილობს, შეურაცხყოს ეს წმიდა ადგილი, ჩვენს ქვეყანაში შენი დიადი სახელისადმი მიძღვნილი.
15რადგანაც თუმცა შენი სამყოფელი, ზეცათა ზეცა, მიუწვდომელია კაცთათვის,
16მაგრამ შენი მოწყალებით მოჰმადლე შენს ერს, ისრაელს, და წმიდაჰყავ ეს ადგილი.
17ნუ მოგვკითხავ მათ უწმინდურებას, ნუ დაგვსჯი მათი სიბილწისათვის, რათა არ იქადოდნენ უსჯულონი გულში და არ იკვეხნიდნენ კადნიერი ენით:
18‘გავთელეთ სიწმიდის სახლი, როგორც თელავენ სიბილწის სახლებს.’
19გაგვარიდე ჩვენი ცოდვები, მოგვიტევე ჩვენი უსამართლობანი და მოგვივლინე შენი წყალობა ამ ჟამს.
20დაე, მსწრაფლ გადმოვიდეს ჩვენზე შენი სიბრალული, ხოტბის მადლი მიანიჭე გათელილთა და გულით ურვილთა ბაგეს; მშვიდობა მოგვეც.“
21მაშინ შეისმინა თვინიერების ლოცვა ყოვლისმხილველმა და უწმიდესთა შორის უწმიდესმა ღმერთმა, დასაბამიერმა მამამ, და შემუსრა მოძალადე, ძალმომრეობით მოქადული.
22შეარყია იგი, როგორც ირყევა ლერწამი ქარისაგან და განერთხა მიწას უძრავად, ხელ-ფეხ წართმეული და დაუძლურებული, ასე რომ, ხმის ამოღებაც აღარ შეეძლო, რადგანაც სამართლიანი მსჯავრით იყო გვემული.
23შიშმა მოიცვა მისი მეგობრებიცა და პირადი მცველნიც, ამ საშინელი სასჯელის მხილველნი; იფიქრეს, ხელში არ შემოგვაკვდესო და თვითონაც თავზარდაცემულებმა სასწრაფოდ განარიდეს მეფე იმ ადგილს.
24ცოტა ხნის შემდეგ გონს მოეგო, თუმცა სასტიკად დასჯილს აზრადაც არ მოსვლია მონანიება; პირიქით, სასტიკი მუქარით დატოვა იქაურობა.
25ეგვიპტეში დაბრუნებულმა ამრავლა თავისი ბოროტი საქმე, თანამეინახეთა და მეგობართაგან წაქეზებულმა, რომელთათვისაც უცხო იყო ყოველგვარი სამართლიანობა.
26ურიცხვი უკეთურებაც კი არ იკმარა, არამედ იქამდე გაკადნიერდა, რომ ლანძღვა-გინებას უთვლიდა იუდაელებს და ბევრი მისი მეგობარი, მეფის საქციელის შემყურე, მის ნებას იყო აყოლილი.
27ბოლოს, გადაწყვიტა საჯაროდ შეურაცხეყო იუდაელი ხალხი და ამ მიზნით თავისი კოშკის ეზოში სვეტი აღმართა წარწერით:
28„ვინც მსხვერპლს არ სწირავს, იმას ეკრძალება თავის ტაძარში შესვლა; ხოლო ყველა იუდაელი აღწერილ და შეტანილ იქნას მონათა სიაში; ურჩნი კი ძალით მოიყვანონ და სიკვდილით დასაჯონ.
29აღრიცხულნი უნდა დაიდაღონ: ცეცხლით ამოეწვათ დიონისეს ნიშანი – სუროს ფოთოლი, და მონებად შერაცხილთ უფლებები შეეზღუდოთ.“
30მაგრამ ყველასთვის რომ არ შეეძულებინა თავი, იქვე მიაწერა, ვინც წარმართულ მისტერიებს ეზიარება, იმათი უფლებები ალექსანდრიელ მოქალაქეთა უფლებებს გაუთანაბრდესო.
31ზოგიერთმა, მოქალაქეობის უფლებას დახარბებულმა, უარყო საკუთარი სჯული, თითქოს მეფესთან მომავალი ურთიერთობის წყალობით დიდ სახელს მოიხვეჭდა.
32მაგრამ უმეტესობას არ უღალატა სულის სიმტკიცემ და არ განუდგა ღვთისმოსაობას; ფულით ყიდულობდნენ სიცოცხლეს და უშიშრად ცდილობდნენ თავი დაეღწიათ აღწერისაგან.
33რადგანაც ღვთის შეწევნის იმედი ჰქონდათ, ამიტომაც გაემიჯნენ განდგომილთ, თავიანთი ხალხის მტრებად შერაცხეს ისინი და ყოველნაირად თავს არიდებდნენ მათთან ურთიერთობას.

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia