მესამე მაკაბელთა 1
1
1როდესაც ფილოპატორმა მასთან მისულებისაგან შეიტყო, რომ ანტიოქოსი დაუფლებოდა მის კუთვნილ მიწა-წყალს, მოუხმო მთელ თავის ლაშქარს, ქვეითთაც და ცხენოსანთაც, თან წაიყვანა თავისი და არსინოე და რაფიას მხარეს გაემართა, სადაც დაბანაკებული იყო ანტიოქოსის ლაშქარი.
2მაშინ ვინმე თეოდოტოსმა გადაწყვიტა განეხორციელებინა თავისი განზრახვა, იახლა პტოლემეოსისაგან მინდობილი მხნე მეომრები და ღამით შეიპარა პტოლემეოსის კარავში, რათა მალულად მოეკლა იგი და თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა.
3მაგრამ უღალატა მას დოსითეოსმა, დრიმილოსის ძემ, წარმომავლობით იუდაელმა, რომელმაც შემდგომ უარყო სჯული და განუდგა მამა-პაპურ სარწმუნოებას. მან კარავში ერთი მდაბიორი შეუშვა, რომელიც პტოლემეოსის მაგივრად იქნა მოკლული.
4ხოლო როდესაც სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა და ანტიოქოსმა იმძლავრა, თმაგაშლილმა არსინოემ ცრემლისფრქვევით დაიარა მთელი ლაშქარი და ევედრებოდა მეომრებს, მხნედ ებრძოლათ თავიანთი თავისა და თავიანთი ცოლ-შვილისათვის, გამარჯვებულებს კი ორ მინა ოქროს აღუთქვამდა.
5მოხდა ისე, რომ ხელჩართულ ბრძოლაში მტერი ძლეულ იქნა და მრავალი ტყვედ ჩავარდა.
6საწადელს რომ ეწია, ფილოპატორმა განიზრახა მეზობელ ქალაქებშიაც ჩასულიყო და გაემხნევებინა ისინი.
7ესეც რომ აღასრულა და ძღვენი შესწირა სალოცავებს, მხნეობა შთაუნერგა თავის ქვეშევრდომთ.
8როცა შემდეგ იუდაელებმა საბჭოსგან და უხუცესებისაგან ელჩები აახლეს, რათა მიელოცათ, ძღვენი მიერთმიათ და სიხარული გამოეხატათ იმის გამო, რაც მოხდა, პტოლემეოსმა მოისურვა, რაც შეიძლება მალე სწვეოდა მათ.
9იერუსალიმს რომ ჩავიდა, მსხვერპლი შესწირა, მადლი მიაგო უზენაეს ღმერთს და აღასრულა ყველაფერი, რაც შეჰფეროდა წმიდა ადგილს.
10და როცა შიგ შეაბიჯა, მისი სიდიადითა და მშვენიერებით მოიხიბლა და ტაძრის სინატიფით განცვიფრებულმა საწმიდარში შესვლა დააპირა.
11უთხრეს: „ეგ წესი არ არის და, არამცთუ ჩვენს ხალხს, თვით მღვდლებსაც კი ეკრძალებათ შიგ შესვლა. მხოლოდ მღვდელმთავრს აქვს ამის უფლება, და ისიც წელიწადში ერთხელ.“ მაგრამ მეფეს განზრახვაზე ხელი ვერ ააღებინეს.
12სჯულიც წაუკითხეს, მაგრამ ვერც ამან გადაათქმევინა განზრახული; ამბობდა: „აუცილებლად უნდა შევიდე; დაე, ისინი იყვნენ მოკლებულნი ამ პატივს და არა მე.“
13უნდოდა გაეგო, ტაძარში რომ შედიოდა, მაშინ რატომ არავინ შეაჩერა.
14და როცა ვიღაცას წინდაუხედავად წამოსცდა: ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდაო,
15მეფემ თქვა, რაკი ეს, ასე თუ ისე, უკვე მოხდა, ვითომ რატომ არ უნდა შევიდე, მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა თქვენ ესო.
16წმიდა სამოსით მოსილი მღვდლები პირქვე დაემხნენ და უზენაეს ღმერთს შეჰღაღადეს, შეგვეწიე და შეაჩერე უკეთური ზრახვით შემოჭრილი მოძალადეო. და მოთქმა-გოდებით აავსეს ტაძარი.
17ქალაქში დარჩენილები შეშფოთებულნი მოცვივდნენ, ეგონათ, რაღაც წარმოუდგენელი რამ მოხდაო.
18თავიანთ ოთახებში ჩაკეტილი ქალიშვილები დედებთან ერთად გამორბოდნენ, მტვერსა და ნაცარს იყრიდნენ თავზე და მწარედ მგმინავნი ქვითინით ავსებდნენ ქუჩებს.
19საქორწინოდ მორთულ-მოკაზმული ქალწულნი საქმროებთან შესახვედრად გამზადებულ სანთიობოებს ტოვებდნენ, აღარ ახსოვდათ კდემა და უთავბოლოდ დარბოდნენ ქალაქში.
20დედებს და ძიძებს აქა-იქ მიეყარათ ახალშობილნი: ზოგი სახლში, ზოგიც – ქუჩაში, და უკანმოუხედავად გარბოდნენ უზენაესი ტაძრისკენ.
21ესოდენ მრავალგვარი იყო ტაძართან თავშეყრილი ხალხის ვედრება მეფის ღვთისმგმობი განზრახვის გამო.
22ზოგიერთმა მოქალაქემ ისიც კი გაბედა, რომ მეფისათვის ხელი შეეშალა განზრახულის შესრულებაში.
23სწორედ მათ მოუწოდეს ხალხს, იარაღი აეღოთ და მამა-პაპის სჯულისათვის დაედოთ თავი. აირ-დაირია მთელი ტაძარი, მაგრამ მღვდლებმა და უხუცესებმა დააშოშმინეს ისინი და მათაც სხვებივით დაიწყეს ლოცვა.
24ხალხი კი კვლავინდებურად შემწეობას შესთხოვდა ღმერთს.
25უხუცესები, რომლებიც თან ახლდნენ მეფეს, ყოველნაირად ცდილობდნენ დაეყოლიებინათ იგი, რომ თავის თავხედურ განზრახვაზე აეღო ხელი.
26მაგრამ თავგასული და ყოვლისუგულებელმყოფელი წინ მიიწევდა, რათა ბოლომდე შეესრულებინა ნათქვამი.
27ამის შემხედვარე მეფის მხლებლებმა ჩვენებთან ერთად დაიწყეს ლოცვა ყოვლადძლიერისადმი, რათა ამ გასაჭირში ეხსნა ისინი და აღეკვეთა ეს უსჯულო და უკადრისი ქცევა.
28სასოწარკვეთილი ხალხის გაბმული მოთქმა-გოდება და ღაღადისი გამაყრუებელ გუგუნად ერწყმოდა ერთმანეთს.
29კაცს ეგონებოდა, მარტო ხალხი კი არა, კედლებიცა და მთელი საძირკველიც გმინავენო, თითქოს უკვე სიკვდილს უქადდათ წმიდა ადგილის შებღალვა.
Iliyochaguliwa sasa
მესამე მაკაბელთა 1: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002