Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

მეორე მაკაბელთა 8

8
1ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა თანამდგომებმა მალულად დაიარეს სოფლები, მოუხმეს ნათესავებსა და იუდაელთა სჯულის ერთგულებს და შეკრიბეს ექვსი ათასამდე კაცი.
2შესთხოვა უფალს, მოწყალება მოეღო ყველას მიერ დაჩაგრულ ხალხზე და მწედ მოვლენოდა უწმინდურთაგან შებილწულ ტაძარს;
3შეეწყნარებინა განადგურებული ქალაქი, რომელიც შეიძლება მალე გაესწორებინათ მიწასთან, და ყურად ეღო მის მიმართ მღაღადებელი სისხლის ძახილი.
4გაეხსენებინა უღვთოდ დაღუპული უცოდველი ჩვილნი, მისი წმიდა სახლის გმობა, და რისხვად მოვლენოდა უკეთურთ.
5მრავალრიცხოვანი მომხრენი რომ შემოიკრიბა, იუდა უძლეველი შეიქნა წარმართთათვის, რადგანაც უფლის რისხვა წყალობად იქცა.
6მოულოდნელად ესხმოდა თავს სოფლებსა და ქალაქებს, ცეცხლს აძლევდა მათ, ხელსაყრელ ადგილებს იკავებდა, ამარცხებდა და კუდით ქვას ასროლინებდა მტერს;
7უპირატესად ღამეს ირჩევდა თავდასხმებისათვის, და გავრცელდა კიდით კიდემდე მისი გმირობის ამბავი.
8როდესაც ფილიპემ დაინახა, რომ ეს კაცი თანდათანობით ძალას იკრებს და ბედიც ხშირად უღიმის, პტოლემეოსს, კოილე-სირიისა და ფინიკიის მმართველს, მისწერა, სამეფო საქმეთა მოგვარებაში დამეხმარეო.
9მანაც დაუყოვნებლივ ამოირჩია ნიკანორი, პატროკლეს ძე, თავისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, სათავეში ჩაუყენა სხვადასხვა ხალხებიდან შეკრებილ ოცი ათას კაცს, და გამოგზავნა იუდაელთა მთელი მოდგმის ამოსაწყვეტად; მას თან აახლა გორგიასიც, ბრძოლებში ნაცადი სარდალი.
10ნიკანორმა დაადგინა: ორი ათასი ტალანტის შესაგროვებლად, რომელიც მეფეს რომაელებისა ემართა, იუდაელი ტყვეები გაეყიდათ.
11სასწრაფოდ დაგზავნა მაცნენი ზღვისპირა ქალაქებში და მოუწოდა მათ მონებად შეესყიდათ იუდაელნი: ტალანტად ოთხმოცდაათ ტყვეს იძლეოდა. არ იცოდა, რომ სანაცვლოდ ყოვლისმძლის მსჯავრი დაატყდებოდა თავს.
12ეუწყა იუდას ნიკანორის გამოლაშქრების ამბავი, და როცა თავის თანამდგომთ მტრის მოახლოვება ამცნო,
13ყველა ჯაბანმა, ვისაც ღვთის სამართალი არ სწამდა, თავისი ადგილი მიატოვა და გაქცევით უშველა თავს.
14სხვებმა კი ყველაფერი გაყიდეს, რაც ებადათ, და უფალს ევედრებოდნენ, ღვთისმგმობი ნიკანორისაგან ეხსნა ისინი, რომელნიც ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე იყვნენ გაყიდული,
15მათთვის თუ არა, მათ მამა-პაპასთან დადებული აღთქმების გულისთვის მაინც, და იმის გამოც, რომ ისინი მისი წმიდა და დიდებული სახელით იწოდებიან.
16ხოლო მაკაბელმა შეკრიბა თავისი ხალხი, ექვსი ათასამდე კაცი, და მოუწოდა, წარბშეუხრელად დახვედროდნენ მტერს, არ შემკრთალიყვნენ წარმართთა სიმრავლის წინაშე, უსამართლოდ რომ აღძრულან მათ წინააღმდეგ, არამედ ვაჟკაცურად ებრძოლათ;
17თავლწინ ჰქონოდათ მოძალადეთა მიერ წმიდა ადგილის შებღალვა, შეგინებული ქალაქების დაქცევა და ცხოვრების მამა-პაპური წესის მოშლა.
18„მათ იარაღისა და მხნეობის იმედი აქვთ, – ამბობდა იუდა, – ჩვენ კი ყოვლისმძლე ღმერთისა, რომელსაც შეუძლია ერთ წამში გაავლოს მუსრი მომხვდურთაც და მთელ ქვეყნიერებასაც.“
19გაახსენა თავის თანამდგომთ, როგორ მოევლინათ ხსნა მათ წინაპრებს, და როგორ მოისრა სანხერიბის დროს ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი;
20ისიც, თუ როგორ მოვიდა ბაბილონში გალატელებთან საომრად მხოლოდ რვა ათასი კაცი, ოთხი ათასი მაკედონელის თანხლებით, და როცა მაკედონელთა რიგები აირ-დაირია, როგორ გაანადგურა, ცით მოვლენილი შემწეობის წყალობით, ამ რვა ათასმა ასოცი ათასი კაცი და დიდძალი ნადავლიც ჩაიგდო ხელში.
21ასე ამხნევებდა და სჯულისა და მამულისათვის თავის გასაწირად ამზადებდა მათ, მერე კი ოთხ რაზმად დაყო თავისი ლაშქარი,
22და რაზმებს, რომელთაგანაც თითოეული ათას ხუთას კაცს ითვლიდა, თავისი ძმები – სიმონი, იოსები და იონათანი ჩაუყენა სათავეში.
23შემდეგ ელეაზარს უბრძანა, წაეკითხა წმიდა წერილი, და, ღვთის შეწევნის მოიმედემ, თვითონვე იკისრა მეწინავე რაზმის წინამძღოლობა და ჩაება ნიკანორთან ბრძოლაში.
24რაკი მწედ ჰყავდათ ყოვლისმძლე, მოწინააღმდეგის ცხრა ათასზე მეტ კაცს გაავლეს მუსრი, ნიკანორის უფრო მეტი მოლაშქრე დაჭრილ-დასახიჩრებული ეყარა ბრძოლის ველზე, დანარჩენები კი უკუაქციეს.
25ფულიც მოხვეტეს მათ საყიდლად მოსულთაგან, დიდ მანძილზე მისდიეს მტერს და ბოლოს შემობრუნდნენ, რადგანაც უკვე გვიანი იყო.
26რაკიღა შაბათი დგებოდა, აღარ გაუგრძელებიათ მტრის დევნა.
27მომხვდურთა იარაღი შეაგროვეს, აბჯარი აჰყარეს დახოცილთ და იდღესასწაულეს შაბათი; გულმხურვალე მადლს სწირავდნენ და ადიდებდნენ უფალს, იმ დღეს რომ იხსნა ისინი და დასაბამი დაუდო მათდამი გამოვლენილ გულმოწყალებას.
28ნაშაბათევს ნადავლის ნაწილი ჩამოურიგეს სახიჩრებსა და ქვრივ-ობლებს, დანარჩენი კი ერთმანეთში დაინაწილეს და არც შვილები დავიწყებიათ.
29ამას რომ მორჩნენ, ერთხმად შესთხოვეს მოწყალე უფალს, საბოლოოდ შეეწყნარებინა თავისი მორჩილნი.
30და როცა ტიმოთე და ბაკქიდესი ერთად დაესხნენ თავს, ოცი ათასზე მეტი კაცი მოუკლეს მომხვდურს და მაღალი ციხე-სიმაგრენი ადვილად ჩაიგდეს ხელში. მერე მთელი ნადავლი თანაბრად გაიყვეს ერთმანეთში, დაჭრილ-დასახიჩრებულთა და ქვრივ-ობოლთა შორის, და მხცოვანთაც მიიღეს წილი.
31თავი მოუყარეს ნაალაფარ იარაღს, საგულდაგულოდ დააწყვეს ხელმისაწვდომ ადგილას, დანარჩენი ნადავლი კი იერუსალიმში წაიღეს.
32ამ ბრძოლაში მოკლულ იქნა ტიმოთეს ლაშქრის სარდალი, უუკეთურესი კაცი, ურიცხვი უბედურება რომ დაატეხა თავს იუდაელებს.
33მერე თავიანთ მამულში იზეიმეს გამარჯვება. კოცონზე დაწვეს კალისთენესი და სხვებიც, ცეცხლი რომ წაუკიდეს წმიდა კარიბჭეს და ერთ-ერთ სახლს შეაფარეს თავი. ასე რომ, მათ თავიანთი მკრეხელობის გამო მიეზღოთ საკადრისი საზღაური.
34ხოლო სამგზის წყეული ნიკანორი, ათასი ვაჭარი რომ მოიყვანა იუდაელთა საყიდლად,
35უფლის შეწევნით, მათ მიერ იქნა დამცირებული, ვისაც თვითონ არარად თვლიდა, ძვირფასი სამოსი შემოიძარცვა, გაქცეული მონასავით მარტოდ-მარტო გადალახა მთელი ქვეყანა და ანტიოქიას მიაღწია, თავისი ლაშქრის განადგურებით სასომიხდილმა.
36იმან, ვინც იერუსალიმელ ტყვეთა ხარჯზე აპირებდა რომაელებისათვის მისართმევი ხარკის აკრეფას, თვითონვე აღიარა, რომ იუდაელებს ღმერთი მფარველობს და მათ ვერავინ მიაყენებს ზიანს, რადგანაც ღვთის მიერ დადგენილი სჯულის ერთგულნი არიან.

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia