მეორე მაკაბელთა 4
4
1ხოლო ზემოხსენებული სიმონი, საგანძურისა და სამშობლოს გამყიდველი, ცილს სწამებდა ონიასს, თითქოს მას წაექეზებინოს ჰელიოდოროსი და ბოროტების მიზეზიც ის ყოფილიყოს.
2იმასაც კი ბედავდა, რომ თვისტომებზე მზრუნველისა და კანონთა თავგამოდებული ქომაგისთვის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ეწოდებინა.
3მტრობა იქამდე მივიდა, რომ სიმონი, ერთი თავისი სანდო კაცის მეშვეობით, კაცის კვლასაც აღარ ერიდებოდა.
4ონიასი მიხვდა, რომ მტრობა სახიფათო იყო და რომ აპოლონიოსი, კოილე-სირიისა და ფინიკიის სარდალი, საავკაცოდ აქეზებდა სიმონს.
5ამიტომაც ეახლა მეფეს, არა როგორც თანამოქალაქეთა ბრალმდებელი, არამედ როგორც თითოეული თვისტომისა და მთელი თავისი ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი.
6რადგანაც ხედავდა, რომ მეფის ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმის მშვიდობიანად მოგვარება და არც სიმონი აიღებდა ხელს თავის შლეგურ ზრახვებზე.
7მაგრამ როდესაც სელევკოსი მიიცვალა და მის ნაცვლად ანტიოქოსი, ეპიფანედ ხმობილი, ავიდა ტახტზე, მაშინ იასონმა, ონიასის ძმამ, მოინდომა მღვდელმთავრობა ჩაეგდო ხელში.
8ეახლა მეფეს და სამას სამოცი ტალანტი აღუთქვა, და კიდევ ოთხმოცი ტალანტი ზოგიერთი სხვა შემოსავლიდან.
9გარდა ამისა, ას ორმოცდაათი ტალანტის გადახდაც იდო თავს, თუკი ნებას მისცემდნენ გიმნასიონი და ეფებეიონი დაეარსებინა, ხოლო იერუსალიმელები ანტიოქიის მოქალაქეებად ჩაეწერა.
10როგორც კი მეფე დაითანხმა და ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, მაშინვე შეეცადა ბერძნული ჩვევები დაენერგა თვისტომთა შორის.
11აუქმებდა შეღავათებს, კაცთმოყვარე მეფეს რომ მიეცა იუდაელებისთვის ევპელემოსის მამის – იოანეს შუამდგომლობის წყალობით, რომელიც ელჩად წარეგზავნათ რომში მეგობრობისა და მოკავშირეობის დასამყარებლად; არღვევდა სჯულიერი ცხოვრების წესს და უსჯულოებას ამკვიდრებდა.
12განზრახ, ზედ ციხე-სიმაგრის პირას ააგო გიმნასიონი და აიძულებდა დიდგვაროვან ჭაბუკებს ბერძნული ქუდები ეტარებინათ.
13ასე იმძლავრა ელინიზმმა და უცხო ტომთა გავლენამ იასონის, ამ უღვთო და ცრუმღვდელმთავრის, მკრეხელური მოქმედების შედეგად.
14მღვდლებმა გული აიყარეს ღვთისმსახურებაზე, მოიძულეს ტაძარი და აღარას დაგიდევდნენ მსხვერპლშეწირვას; გატყორცნილი ბადროს ხმის გაგონებისთანავე მოედნისაკენ გარბოდნენ, რომ უსჯულო ასპარეზობაში მიეღოთ მონაწილეობა.
15აღარაფრად აგდებდნენ იმას, რასაც პატივად მიიჩნევდნენ მამა-პაპანი, და მხოლოდ იმაზე ეჭირათ თვალი, რაც სასახელოდ იყო შერაცხილი ბერძენთა შორის.
16ამიტომაც დაატყდათ თავს უბედურება და სწორედ ისინი შეიქნენ მათი მტრები და მტარვალნი, რომელთა ცხოვრების წესიც მოსწონდათ და კიდეც ბაძავდნენ,
17რადგანაც დაუსჯელად ვერავინ დაარღვევს ღვთის მიერ დადგენილ სჯულს, როგორც მომავალი გვიჩვენებს.
18როცა ტვიროსში მეფის თანდასწრებით დაიწყო თამაშობანი, ხუთ წელიწადში ერთხელ რომ იმართებოდა,
19ღვთისმგმობმა იასონმა მაყურებლებად გაგზავნა იერუსალიმში მცხოვრები ანტიოქელები, რათა სამასი ვერცხლის დრაქმა ჩაეტანათ ჰერაკლესთვის შესაწირად, მაგრამ თვით წარგზავნილებმა ითხოვეს, შესაწირად კი არ გამოეყენებინათ ეს თანხა, რაც მკრეხელობად მიაჩნდათ, არამედ სხვა მიზნით დაეხარჯათ იგი.
20ასე რომ, იასონის მიერ ჰერაკლესთვის შესაწირი ეს თანხა, გაგზავნილების თხოვნით, ტრირემების მშენებლობას მოხმარდა.
21მას შემდეგ, რაც პტოლემეოს ფილომეტორის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით ეგვიპტეში გაგზავნეს აპოლონიოსი, მენესთევსის ძე, ანტიოქოსმა მტრად მიიჩნია იგი და გადაწყვიტა თავი დაეზღვია მისგან; ამიტომაც იაფოს გაემგზავრა და იერუსალიმში ჩავიდა.
22დიდი ზარ-ზეიმით შეეგებნენ იასონი და მოქალაქენი, ჩირაღდნებითა და ყიჟინით შეუძღვნენ ქალაქში; ხოლო იქიდან თავისი ლაშქრითურთ ფინიკიისაკენ იაღო გეზი.
23სამი წლის შემდეგ გაგზავნა იასონმა ზემოხსენებული სიმონის ძმა – მენელაოსი, რათა ფული მიერთმია მეფისთვის და ზოგიერთი საჭირბოროტო საქმის ვითარებასაც გასცნობოდა.
24როდესაც მეფეს წარუდგა, იმდენი ლიქნა, რომ მღვდელმთავრობას მიაღწია და იასონის შეპირებულზე სამასი ვერცხლის ტალანტით მეტი აღუთქვა მას.
25მეფის დავალება რომ მიიღო, უკან დაბრუნდა, მაგრამ მღვდელმთავრობის ღირსი თან არა ჩამოუტანია რა, მხოლოდ ტირანის სისასტიკე და ველური მხეცის მძვინვარება.
26ამრიგად, იასონი, ღვიძლი ძმა რომ გააცურა, თვითონვე იქნა გაცურებული სხვის მიერ და ლტოლვილმა ყამონელთა მხარეს მიაშურა.
27მენელაოსმა ძალაუფლება კი ჩაიგდო ხელში, მაგრამ მეფისთვის აღთქმული ფული არ გადაუხდია,
28თუმცა მოთხოვნას მოთხოვნაზე უგზავნიდა სოსტრატოსი, აკროპოლისის ეპარქოსი, ვისაც ეს საქმე ებარა, ამიტომაც იხმო მეფემ ორივე.
29მენელაოსმა მღვდელმთავრობა თავის ძმას – ლისიმაქოსს გადააბარა, ხოლო სოსტრატოსმა ეპარქოსობა – კრატესს, კვიპროსელთა მთავარს.
30ამ დროს დაიწყო ტარსუსელთა და მალოსელთა ამბოხება იმის გამო, რომ ისინი საჩუქრად უბოძეს ანტიოქისს, მეფის ხარჭას.
31ამიტომაც მეფე სასწრაფოდ გაემგზავრა საქმის მოსაგვარებლად, ხოლო თავის მოსაყდრედ ერთ-ერთი კარისკაცი – ანდრონიკე დატოვა.
32მენელაოსმა გადაწყვიტა დრო ეხელთა, და ტაძრიდან ოქროს ჭურჭელი მიიტაცა, ნაწილი ანდრონიკეს აჩუქა, ნაწილი კი ტვიროსსა და მეზობელ ქალაქებში გაყიდა.
33ონიასმა დაწვრილებით გამოიძია ყველაფერი და ამხილა მენელაოსი, მერე კი ანტიოქიის მახლობლად დაფნეს შეაფარა თავი.
34მაშინ მენელაოსმა დაიმარტოხელა ანდრონიკე და სთხოვა მოეკლა ონიასი; ისიც მივიდა, ხელი გაუწოდა, და თუმცა ონიასი ყოყმანობდა, მზაკვრული ფიცით დაიყოლია თავშესაფრიდან გამოსულიყო, მაგრამ გამოსვლისთანავე მოკლა, სამართლიანობის ურცხვად დამრღვევმა.
36როდესაც მეფე კილიკიიდან დაბრუნდა, ქალაქში მყოფმა იუდაელებმა და ბერძნებმა აღშფოთებით აუწყეს, ონიასი უდანაშაულოდ იქნაო მოკლული.
37შეძრწუნებულმა და სიბრალულით გულშეძრულმა ანტიოქოსმა ცხარე ცრემლით დაიტირა მიცვალებულის კეთილგონიერება და პატიოსნება.
38განრისხებულმა მაშინვე შემოაძარცვა ანდრონიკეს ძოწეული, ქიტონი შემოახია, ბრძანა მთელი ქალაქი შემოეტარებინათ და ზუსტად იმ ადგილას, სადაც მზაკვრულად მოკლა ონიასი, სიკვდილით დაესაჯათ; ასე მიაგო უფალმა დამსახურებული სასჯელი.
39ხოლო როდესაც ქალაქში ლისიმაქოსის თაოსნობითა და მენელაოსის ნებართვით იმრავლა მკრეხელობამ და ყველაფერი აშკარა გახდა, აღშფოთებული ხალხი აუჯანყდა ლისიმაქოსს, რადგანაც უკვე დიდძალი ოქროს ჭურჭელი მიეტაცებინა ტაძრიდან.
40როცა გაშმაგებული ხალხი აღსდგა, ლისიმაქოსმა შეაიარაღა სამი ათასამდე კაცი და დაიწყო უსამართლო ძალმომრეობა ვინმე ავრანოსის, ასაკითაც და უგუნურებითაც ხანდაზმული კაცის მეთაურობით.
41ლისიმაქოსის ძალმომრეობა რომ დაინახეს, ვინ ქვას დასტაცა ხელი, ვინ კომბალს, ვინ ნაცარი მოხვეტა და ლისიმაქოსის ხალხს დაუწყო სროლა;
42ზოგი დაჭრეს, ზოგი დახოცეს, ზოგსაც კუდით ქვა ასროლინეს, ხოლო თვით მკრეხელი ზედ საგანძურს მიაკლეს.
43ყოველივე ეს ბრალად წაუყენეს მენელაოსს.
44და როცა მეფე ტვიროსში ჩავიდა, უხუცესთა საბჭოდან წარგზავნილი სამი კაცი საჩივრით ეახლა მას.
45მენელაოსმა, რომელიც უკვე შეეპყროთ, დიდი ქრთამი შეაძლია პტოლემეოსს, დორიმენესის ძეს, ოღონდ მეფეს ჩემი შეწყალება გამოსთხოვეო.
46დორიმენესმაც, ვითომცდა სულის მოსათქმელად, განზე გაიხმო მეფე და აზრი შეაცვლევინა.
47მენელაოსი, მთელი ამ უბედურების მოთავე, გაათავისუფლეს, ხოლო იმ უბედურებს, რომლებსაც თვით სკვითებიც კი შეიწყალებდნენ, სიკვდილი მიუსაჯეს.
48ასე უსამართლოდ დასაჯეს ქალაქის, ხალხისა და წმიდა ჭურჭლის დამცველნი.
49ამ ამბით აღშფოთებულმა ტვიროსელებმა უხვად გაიღეს დახოცილთა დასამარხი ხარჯი.
50მენელაოსმა კი, ამა ქვეყნის ძლიერთა ანგარების წყალობით, ძალაუფლება შეინარჩუნა და უფრო მეტად გაბოროტებული მოსისხლე მტრად მოევლინა თავის თანამოქალაქეთ.
Iliyochaguliwa sasa
მეორე მაკაბელთა 4: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002