Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

მეორე მაკაბელთა 15

15
1ხოლო ნიკანორმა გაიგო, რომ იუდა და მისი თანამდგომნი სამარიის მიდამოებში იმყოფებოდნენ და გადაწყვიტა მოულოდნელად თავს დასხმოდა მათ დასვენების დღეს.
2იუდაელები, რომლებიც იძულებით თან ახლდნენ მას, ეუბნებოდნენ: „ნუ ამოწყვეტ მათ ასე ულმობლად და დაუნდობლად, პატივი მიაგე ყოვლისმხილველის მიერ კურთხეულ დღეს.“
3მაშინ ამ უკეთურმა იკითხა: „არის კი მეუფე ცაში, ვინც დააწესა შაბათის უქმობა?“
4და როცა უთხრეს: „არის ცოცხალი ღმერთი, ცათა მეუფე, ვინც გვიბრძანა მეშვიდე დღის დაცვა.“
5მან პასუხად თქვა: „მე კი, ქვეყნიერების მეფე, გიბრძანებთ: იარაღი აისხათ და ჩემს ნებას დაემორჩილოთ.“ თუმცა ვერ შეძლო ხორცი შეესხა თავისი განზრახვისათვის.
6ქედმაღლობით აღზევებულ ნიკანორს სურდა საბოლოო გამარჯვება ეზეიმა იუდასა და მის მომხრეებზე.
7მაკაბელს კი კვლავ ურყევად სწამდა, რომ ღმერთი შემწეობას არ მოაკლებდა.
8ამიტომაც მოუწოდებდა თავის თანამდგომთ, არ შემდრკალიყვნენ წარმართთა შემოსევის წინაშე, არამედ გაეხსენებინათ, რამდენჯერ მოვლენიათ შეწევნა ზეცით და ამჯერადაც გამარჯვებისა და ყოვლისმპყრობელის მფარველობის იმედი ჰქონოდათ.
9სჯულისა და წინასწარმეტყველთა აღთქმებით ამხნევებდა, მათ მიერვე ჩადენილ საგმირო საქმეებს შეახსენებდა და სიმამაცით აღანთებდა მათ.
10საბრძოლო სულისკვეთებას უღვივებდა და თანაც წარმართთა ვერაგობასა და ფიცის გატეხაზეც ესაუბრებოდა თავის თანამებრძოლთ.
11იმდენად მტკიცე ფარებითა და შუბებით როდი აღჭურვა თითოეული, რამდენადაც კეთილი სიტყვითა და შეგონებებით, ბოლოს კი ყველას შვება მოჰგვარა, როცა თავისი სარწმუნო და კეთილად ასახდენი სიზმარი უამბო მათ.
12სიზმარეული ჩვენება კი ასეთი იყო: იუდამ იხილა ონიასი, ყოფილი მღვდელმთავარი, კეთილი და ღირსეული, თვინიერი, წარმოსადეგი და ტკბილმოუბარი კაცი, სიყრმითგანვე რომ შეესისხლხორცებინა სიქველე; ხელაპყრობილი ლოცულობდა მთელი იუდაელი ხალხისთვის.
13შემდეგ მოევლინა მეორე კაცი, ჭაღარითა და დიდებით შემკული, უცხო და უჩვეულო სიდიადით გარემოსილი.
14და თქვა ონიასმა: „ესაა ძმათმოყვარე, მარადჟამ ხალხისა და წმიდა ქალაქისათვის მლოცველი, იერემია, ღვთის წინასწარმეტყველი.“
15ხოლო იერემიამ გაიწოდა მარჯვენა, ოქროს მახვილი მისცა იუდას და უთხრა:
16„აიღე ეს წმიდა მახვილი, ღვთისაგან ბოძებული, ამით სძლევ მტრებს.“
17მაშინ ხალხმა, იუდას ესოდენ კეთილი სიტყვით გამხნევებულმა, გმირობისა და სიმამაცის სულისკვეთებით რომ აღანთებდა ახალგაზრდობას, გადაწყვიტა ბანაკად კი არ დამდგარიყო, არამედ იერიში მიეტანა მტერზე, რათა შემართებას გადაეწყვიტა საქმე, რადგანაც წმიდა ქალაქს და ტაძარს საფრთხე ემუქრებოდა.
18იმდენად ქალებისა და ბავშვების, ძმებისა და ნათესავების ბედი როდი აწუხებდათ, რამდენადაც წმიდა ტაძრისათვის ზრუნავდნენ.
19თუმცა ქალაქში დარჩენილთაც ნაკლები სადარდელი როდი ჰქონდათ: იმათზე წუხდნენ, ვინც ბრძოლის ველზე უნდა შებმოდა მტერს.
20და როცა ყველა მოელოდა, რომ საქმე სულ მალე უნდა გადაწყვეტილიყო, როცა მტრები უკვე გაერთიანდნენ, ლაშქარი საომრად განალაგეს, სპილოებს სათანადო ადგილი მიუჩინეს და აქეთ-იქით ცხენოსნები ამოუყენეს,
21იუდამ თვალი მოავლო საიერიშოდ გამზადებულ მრავალრიცხოვან ლაშქარს, საჭურველთა სიჭრელეს და მხეცების მძვინვარებას. ცისკენ აღმართა ხელები და სასწაულმოქმედსა და ყოვლისმხილველ უფალს უხმო, რადგანაც იცოდა, რომ გამარჯვება იარაღით კი არ მიიღწევა, არამედ უფალი თავისი ნება-სურვილით ანიჭებს ძლევას ღირსეულთ.
22ამას ამბობდა მავედრებელი: „შენ, მეუფეო, ანგელოზი მოუვლინე ხიზკიას, იუდას მეფეს, და შემუსრა მან სანხერიბის ლაშქარი – ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი.
23მაშ, ახლაც, ცათა მბრძანებელო, მოგვივლინე კეთილი ანგელოზი, რომ წინ წაგვიძღვეს, თავზარი დასცეს და ძრწოლით აღავსოს მტერი.
24შენი მკლავის სიმძლავრით შემუსრე შენს წმიდა ხალხზე ღვთისმგმობელობით აღძრული წარმართნი.“ ამის მეტი არა უთქვამს რა.
25ნიკანორის მოლაშქრენი ბუკ-ნაღარითა და საბრძოლო ყიჟინით მოიწევდნენ წინ.
26იუდას თანამდგომნი კი ღვთის ხმობითა და ლოცვა-ვედრებით ეკვეთნენ მტერს.
27ხელით იბრძოდნენ, გულით კი ღმერთს ევედრებოდნენ, და ღვთის აშკარა შეწევნით ფრთაშესხმულებმა, მუსრი გაავლეს არანაკლებ ოცდათხუთმეტი ათას კაცს.
28საქმეს რომ მორჩნენ და სიხარულით შემოიქცნენ უკან, შეიტყვეს, რომ ნიკანორი მთელი თავისი ძალებით ბრძოლის ველზე დაცემულიყო.
29როცა ყიჟინა და ხმაური მიწყდა, თავიანთ მშობლიურ ენაზე ქება-დიდება აღუვლინეს ღმერთს.
30მაშინ იუდამ, სულითა და ხორცით თავის ხალხზე გადაგებულმა, თვისტომთათვის რომ შეეწირა თავისი სიცოცხლის საუკეთესო წლები, ბრძანა თავი და მკლავი მოეკვეთათ ნიკანორისათვის და იერუსალიმში წაეღოთ.
31იქ მისულმა მოიხმო თვისტომნი და სამსხვერპლოს წინ მღვდლები დააყენა, მერე კი ციხე-სიმაგრის დამცველთაც უხმო.
32უჩვენა მათ უკეთური ნიკანორის თავი და მკრეხელის ხელი, ქედმაღლურად რომ იწვდიდა ყოვლისმპყრობელის წმიდა სახლისაკენ.
33ბრძანა, ენა ამოეკვეთათ უკეთურისათვის, დაეკეპათ და ფრინველებისათვის დაეყარათ, მკლავი კი ტაძრის წინ ჩამოეკიდათ.
34მაშინ ყველამ, ზეცის მიმართ თვალაპყრობილმა, ადიდა უფლის გამოცხადება და თქვა: „კურთხეულ იყოს, ვინც შებღალვისაგან დაიცვა თავისი ადგილი!“
35ხოლო იუდამ ციხიდან გადმოკიდა ნიკანორის თავი, როგორც აშკარა და თვალსაჩინო ნიშანი ღვთის შეწევნისა.
36ერთხმად დაადგინეს, არასოდეს დარჩენილიყო აღუნიშნავად და დღესასწაულად შეერაცხათ მეთორმეტე თვის მეცამეტე დღე, რომელსაც სირიულ ენაზე ადარი ჰქვია და ერთი დღით უსწრებს წინ მორდექაის დღეს.
37ასე დამთავრდა ნიკანორის საქმე, და რაკი ამ დროიდან მოყოლებული ქალაქი ებრაელებმა დაიმკვიდრეს, მეც ამით დავასრულებ ჩემს თხრობას.
38თუ მწყობრად და დალაგებით გადმოვეცი იგი, ჩემი მიზნისთვისაც მიმიღწევია, ხოლო თუ უნიათოდ და უღიმღამოდ, მაშინ ის გამიკეთებია, რაც შემეძლო.
39მავნეა, თუ ღვინოს წყალს აყოლებენ, ხოლო წყალს – ღვინოს; ხოლო თუ წყლით გაზავებულ ღვინოსა სვამენ, სარგოა და სალხინო; ასევე თხზუ ლებაც თავისი თანაზომიერებით სასიამოვნოა მკითხველის სმენისათვის. ამით ვასრულებ.

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia