Chapa ya Youversion
Ikoni ya Utafutaji

მეორე მაკაბელთა 13

13
1ასორმოცდამეცხრე წელს ლისიასს ეუწყა, რომ ანტიოქოს ევპატორი მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაიძრაო იუდასკენ,
2და რომ მას თან ახლდა ლისიასიც, მეფის კარისკაცი და სახელმწიფო საქმეთა გამრიგე. ისინი წინ უძღოდნენ ბერძენთა ლაშქარს – ას ათი ათას ქვეითსა და ხუთი ათას სამას ცხენოსანს, ოცდაორ სპილოს და ცელებით აღჭურვილ სამას საომარ ეტლს.
3მათვე შეერთებოდა მენელაოსიც, მზაკვრულად რომ აქეზებდა ანტიოქოსს, სამშობლოს სახსნელად კი არა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.
4მაგრამ მეუფეთა მეუფემ ანტიოქოსს რისხვა აღუძრა ამ უკეთურის მიმართ, და როცა ლისიასმაც დაუსაბუთა, რომ მენელაოსი იყო ყოველი უბედურების მიზეზი, ბრძანა ბეროეას წაეყვანათ იგი და იქაური ჩვეულებისამებრ მოეკლათ.
5იმ ადგილას აღმართულია ორმოცდაათი წყრთის სიმაღლის გოდოლი, რომელიც ნაცრითაა სავსე, იქვეა მბრუნავი იარაღიც, ირიბად რომ ეშვება ნაცრისაკენ.
6აქ მოჰყავთ დასასჯელად სიკვდილმისჯილნი, ტაძრის მძარცველნი ან სხვა რაიმე წრესგადასულ ბოროტებათა ჩამდენნი.
7სწორედ ამნაირი სიკვდილით მოკვდა უკეთური მენელაოსი; მიწაც კი არ ღირსებია; და ახიც იყო მასზე,
8რადგანაც მრავალგზის სცოდა უფლის სამსხვერპლოს წინაშე, რომლის ცეცხლიცა და ნაცარიც წმიდაა; ამიტომაც უწია სიკვდილმა სწორედ ნაცარში.
9რისხვით ცნობამიხდილი მეფე კი წინ მიიწევდა: განზრახული ჰქონდა იუდაელებისათვის უფრო დიდი უბედურება დაეტეხა თავს, ვიდრე ეს შეძლო მამამისმა.
10ეს რომ გაიგო იუდამ, თავის ხალხს უბრძანა დღედაღამ ელოცათ უფლის მიმართ, რათა ამჯერადაც, ისევე როგორც ყოველთვის, მწედ მოვლენოდა სჯულის, მამულისა და წმიდა ტაძრის დაცვის მოსურნეთ.
11და ხალხი, რომელმაც ის იყო სული მოითქვა, კვლავ არ ჩაეგდო უღვთო წარმართთა ხელში.
12ყველამ ერთსულოვნად აღასრულა ეს ბრძანება, სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ გოდებდნენ, მარხულობდნენ და მუხლმოდრეკილნი ლოცულობდნენ უფლის მიმართ; მერე იუდამ მოუხმო ხალხს და უბრძანა, მზად ყოფილიყვნენ.
13მას შემდეგ, რაც განმარტოებით მოითათბირა უხუცესებთან, გადაწყვიტა, ვიდრე მეფის ლაშქარი იუდაში შემოვიდოდა, ქალაქიდან გასულიყვნენ და ღვთის შეწევნით წარემართათ საქმე.
14სამყაროს შემოქმედის მფარველობას მინდობილმა მოუწოდა თავის თანამდგომთ წარბშეუხრელად, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოლათ სჯულის, ტაძრის, ქალაქის, მამულისა და მოქალაქეობისათვის, და მოდეინის მახლობლად დასცა ბანაკი.
15პირობით ნიშნად „საღვთო ძლევა“ დათქვა და ლომგულ ჭაბუკთა რაზმითურთ ღამით დაეცა მეფის კარავს, ორიათასამდე კაცს გაავლო მუსრი და, გარდა ამისა, მოკლა ყველაზე ზორბა სპილო ზედ მსხდომი ხალხითურთ.
16ბოლოს, თავზარი რომ დასცეს მტერს და არივ-დარიეს მისი რიგები, უვნებლად დაბრუნდნენ უკან.
17და ეს ამბავი, ღვთის შეწევნით, განთიადისას მოხდა.
18ხოლო მეფემ, თავის თავზე რომ იწვნია იუდაელთა გამბედაობის რისხვა, სცადა მზაკვრობით და ცბიერებით დაუფლებოდა მათ მიწა-წყალს.
19ბეთ-ცურს, იუდაელთა ციხე-სიმაგრეს, მიადგა, მაგრამ მარცხი აგემეს, ხალხი დაუხოცეს და უკუაქციეს.
20იუდამ კი, რაც საჭირო იყო, ყველაფერი შეუგზავნა მეციხოვნეებს.
21ვინმე როდოკოსმა, იუდაელთა ერთ-ერთმა მოლაშქრემ, ეს ამბავი ფარულად შეატყობინა მტერს, მაგრამ გაუგეს, შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს.
22მეფემ მეორედაც გაუმართა მოლაპარაკება ბეთ-ცურში გამაგრებულთ; ერთმანეთს დაუზავდნენ; მაშინ იქაურობას გაეცალა და იუდას წინააღმდეგ დაიძრა, მაგრამ ძლეულ იქნა.
23ხოლო როდესაც გაიგო, რომ ანტიოქიაში სახელმწიფოს მმართველად დატოვებული ფილიპე აჯანყებულიყო, თავგზა აებნა და თხოვნით მიადგა იუდაელებს, ქედი მოიდრიკა მათ წინაშე და ფიცით აღუთქვა, ყველა სამართლიან მოთხოვნას შეგისრულებთო, კიდევაც დაუზავდა მათ, მსხვერპლიც შესწირა, პატივი მიაგო ტაძარს და წყალობა გაიღო ქალაქისათვის.
24მაკაბელიც მიიღო და სარდლად დანიშნა პტოლემაისიდან მოყოლებული, ვიდრე გერარამდე.
25მერე კი პტოლემაისისაკენ გასწია, რადგანაც იქაურები მოლაპარაკების შედეგით უკმაყოფილონი იყვნენ და მისი გაუქმება სურდათ.
26ლისიასი ხალხის წინაშე წარსდგა და შეძლებისდაგვარად დაიცვა თავი, შეკრებილნი დააშოშმინა, კეთილად განაწყო და ანტიოქიას მიაშურა. ასე დასრულდა მეფის შემოსევა და უკან დახევა.

Kuonyesha

Shirikisha

Nakili

None

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia