მეორე მაკაბელთა 10
10
1ხოლო მაკაბელმა და მისმა თანამდგომებმა უფლის წინამძღოლობით კვლავ დაიკავეს ტაძარი და ქალაქი.
2უცხო ტომთა მიერ მოედანზე აგებული სამსხვერპლონი და საკერპონი კი მიწასთან გაასწორეს.
3ტაძარი რომ განწმიდეს, ახალი სამსხვერპლო ააგეს, მერე კაჟებიდან ცეცხლი დააკვესეს, ორწლიანი შუალედის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს, საკმეველი აკმიეს, სასანთლეები აანთეს და საწინაშეო პურები მოიტანეს.
4ყოველივე ეს რომ აღასრულეს, პირქვე დამხობილნი ევედრებოდნენ უფალს, რომ თავს აღარ დასტეხოდათ ამნაირი უბედურება, ხოლო თუ კვლავაც შესცოდავდნენ, დაე, მოწყალედ განესწავლა ისინი და აღარ ჩაეგდო ღვთისმგმობ და ბარბაროს წარმართთა ხელში.
5ტაძარი სწორედ იმ დღეს განწმიდეს, რა დღესაც ის შეგინებულ იქნა უცხო ტომთა მიერ, და ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს.
6რვა დღეს ზეიმობდნენ კარვობის დღესასწაულის მსგავსად და იხსენებდნენ ცოტა ხნის წინათ, კარვობის დღესასწაულზე, მთებსა და მღვიმეებში რომ დაძრწოდნენ მხეცების მსგავსად.
7ამიტომაც ხელთ ეპყრათ სუროშემოხვეული კვერთხები, აყვავებული მცენარეებისა და პალმის რტოები, და მადლს სწირავდნენ იმას, ვისი წყალობითაც განწმედილ იქნა ეს ადგილი.
8საერთო დადგენილებითა და კენჭისყრით დააწესეს, რომ იუდაელთა მთელ მოდგმას ყოველწლიურად აღენიშნა ეს დღეები.
9ასე აღესრულა ანტიოქოსი, ეპიფანედ წოდებული.
10ახლა კი იმ ამბებს მოგახსენებთ, რაც ანტიოქოს ევპატორის, ღვთისმგმობის ძის, მმართველობისას მოხდა, და მხოლოდ ომიანობისას დატრიალებულ უბედურებათა აღწერით შემოვიფარგლები.
11ტახტზე რომ ავიდა, სახელმწიფო საქმეები ვინმე ლისიასს, კოილე-სირიისა და ფინიკიის სარდალს, ჩააბარა.
12რადგანაც პტოლემეოსმა, მეტსახელად მაკრონმა, უმჯობესად მიიჩნია სამართლიანობა გამოეჩინა იუდაელთა მიმართ მათ წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობათა სანაცვლოდ, და ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა მათთან.
13ამიტომ მეფის მეგობრებმა ცილი დასწამეს ევპატორის წინაშე და ყველამ მოღალატედ მიიჩნია, რადგანაც ფილომეტორის მიერ მინდობილი კვიპროსი მიატოვა და ანტიოქოს ეპიფანესთან გადაბარგდა; მაგრამ რაკი საპატიო თანამდებობას ვერ ეღირსა, თავი მოიწამლა და ასე დაასრულა სიცოცხლე.
14ხოლო გორგიასი, რომელიც იმ ადგილთა მთავარსარდალი გახდა, დაქირავებულ ლაშქარს ინახავდა და მუდამ მზად იყო იუდაელებთან საომრად.
15მასთან ერთად ხელსაყრელ ადგილას მდებარე ციხე-სიმაგრეთა მპყრობელი იდუმეელებიც ავიწროებდნენ იუდაელებს, თავშესაფარს სთავაზობდნენ იერუსალიმიდან განდევნილთ და საომრად ემზადებოდნენ.
16ხოლო მაკაბელის თანამდგომებმა, მას შემდეგ, რაც ილოცეს და ბრძოლაში შემწეობა შესთხოვეს ღმერთს, იდუმეელთა ციხე-სიმაგრეებს შეუტიეს.
17რისხვით დაატყდნენ თავს და ხელთ იგდეს ისინი, მუსრი გაავლეს ყველას, ვინც გალავანზე იბრძოდა, დაუნდობლად ხოცავდნენ ყველას, ვისაც კი მოიხელთებდნენ, და გაწყვიტეს ოცი ათასამდე კაცი.
18როდესაც ცხრა ათასამდე კაცმა თავი შეაფარა ორ მტკიცე გოდოლს, რომლებსაც შეეძლოთ ალყისათვის გაეძლოთ,
19მაკაბელმა დატოვა სიმონი და იოსები, და მათთან ერთად ზაკქეოსიც, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მეომრებითურთ, რათა ალყა შემოერტყათ ორივე გოდოლისათვის, თვითონ კი იქით გაეშურა, სადაც უფრო საჭირო იყო.
20მაგრამ სიმონის მოლაშქრეებმა, ვერცხლზე რომ ელეოდათ სული, თავი მოასყიდვინეს გოდოლში მყოფთ და სამოცდაათი ათას დრაქმად გაქცევის საშუალება მისცეს ზოგიერთს.
21ეს რომ მაკაბელმა გაიგო, შეკრიბა ხალხის წინამძღოლნი და ბრალი დასდო იმ მოლაშქრეებს, ფულზე რომ გაყიდეს მოძმენი და მალულად გააპარეს მათი მტრები.
22მოღალატეები სიკვდილით დასაჯა და სწრაფი იერიშით აიღო ორივე გოდოლი.
23სვიანად ხმარებული იარაღით გაანადგურა გოდოლში გამაგრებული ოცი ათასზე მეტი კაცი.
24მაშინ იუდაელების მიერ ადრე ძლეულმა ტიმოთემ მრავალრიცხოვანი ლაშქარი შეკრიბა უცხო ტომთაგან, აზიიდან მრავალ ცხენოსანს მოუყარა თავი და იუდას დასალაშქრავად გამოემართა.
25მისი მოახლოებისას მაკაბელის ხალხმა თავზე ნაცარი გადაიყარა, ჯვალო შემოირტყა წელზე და ლოცვა აღავლინა ღვთისადმი.
26სამსხვერპლოს კვარცხლბეკთან დამხობილნი ევედრებოდნენ მას, წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის, მტრად ქცეოდა მათ მტრებს და წინააღმდგომად – წინააღმდგომთ, როგორც ბრძანებს სჯული.
27ლოცვის შემდეგ იარაღი აისხეს და გვარიან მანძილზე გასცილდნენ ქალაქს, ხოლო მტერთან მიახლოებისას შედგნენ.
28მზის ამოსვლისას ორი ლაშქარი შეება ერთმანეთს: ერთს მარტო თავისი სიმამაცის კი არა, უფლის შეწევნის იმედიც ჰქონდა, ხოლო მეორეს ბრძოლაში მძვინვარება უძღოდა წინ.
29ხელჩართულ ბრძოლაში მოწინააღმდეგეს ზეცით მოევლინა ოქროს მოსართავიან ცხენებზე ამხედრებული ხუთი დიდებული ვაჟკაცი, რომლებიც წინ წაუძღვნენ იუდაელებს.
30შუაში მოიქციეს მაკაბელი, თავიანთი ხმლით იფარავდნენ და უვნებლად იცავდნენ, მტერს კი ისრებსა და მეხს სტყორცნიდნენ და ისინიც, თვალდავსილნი და თავგზააბნეულნი, ერთმანეთს მუსრავდნენ.
31ორი ათას ხუთასი ქვეითი და ექვსასი მხედარი დაეცა ბრძოლის ველზე.
32თავად ტიმოთემ კი გაზარად წოდებულ ციხე-სიმაგრეს შეაფარა თავი, ქერეასს რომ ჰქონდა ჩაბარებული და კარგად იყო გამაგრებული.
33გამარჯვებით გალაღებული მაკაბელის მოლაშქრენი ოთხი დღის განმავლობაში გარს ადგნენ ციხეს.
34ციხეში მყოფნი კი, მისი შეუვალობის იმედით, ღმერთს გმობდნენ და უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ.
35მეხუთე დღეს, გამთენიისას, მაკაბელის მოლაშქრეთაგან ამ ღვთისგმობით გააფთრებული ოცი ყმაწვილი კაცი მამაცურად მიეჭრა გალავანს და გაცოფებით დაუწყო მუსვრა დამხვდურთ.
36ამ არეულ-დარეულობაში სხვებმაც მიიტანეს იერიში ციხეზე, ცეცხლი წაუკიდეს გოდლებს, კოცონები დაანთეს და ღვთისმგმობელთ ცოცხლად წვავდნენ ცეცხლში. დანარჩენებმა კარიბჭე შელეწეს და მთელ ლაშქარს ციხეში შესასვლელი გზა გაუხსნეს. ასე აიღეს ქალაქი.
37თხრილში ჩამალული ტიმოთე მოკლეს, მისი ძმა ქერეასი და აპოლოფანესიც ზედ მიაყოლეს.
38შემდეგ სამადლობლებითა და სადიდებლებით მადლი შესწირეს უფალს, ესოდენ დიდი სიკეთე რომ მიჰმადლა და გაამარჯვებინა ისრაელს.
Iliyochaguliwa sasa
მეორე მაკაბელთა 10: GEO02
Kuonyesha
Shirikisha
Nakili

Je, ungependa vivutio vyako vihifadhiwe kwenye vifaa vyako vyote? Jisajili au ingia
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002